ჰიდროელექტროსადგური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ჰესი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰიდროელექტროსადგური „ლუნტან“ მდ. ხუნშუიხეზე, ჩინეთი

ჰიდროელექტროსადგური (ჰეს) – ნაგებობებისა და მოწყობილობების კომპლექსი, რომლის დახმარებით წყლის ენერგია გარდაიქმნება ელექტროენერგიად.

ჰიდროელექტროსადგური შედგება ჰიდროტექნიკური ნაგებობებისაგან, რომელიც უზრუნველყოფს წყლის ნაკადის აუცილებელ კონცენტრაციას და ქმნის თავმოყრილ დაწნევას, და ენერგეტიკული მოწყობილობებისგან, რომელიც დაწნევის ქვეშ მოძრავ წყლის ენერგიას გარდაქმნის ელექტროენერგიად. ძირითად ენერგეტიკულ მოწყობილობებს ათავსებენ ჰეს-ის შენობაში: სამანქანო დარბაზში – ჰიდროაგრეგატებს, დამხმარე აღჭურვილობებს, ავტომატური მართვის და კონტროლის დანადგარებს; ცენტრალური მართვისა საგუშაგოზე – ოპერატორ-დისპეტჩერის ან ავტოოპერატორის პულტს. როგორც წესი, ამამაღლებელ ტრანსფორმატორებს ათავსებენ ჰიდროელექტროსადგურის შენობის გრძივ კედელთან ჰაერზე ღია სივრცეში, ხოლო მაღალი ძაბვის გამანაწილებელ მოწყობილობებს – სპეციალურ ღია მოედანზე.

დაწნევის მიხედვით ჰიდროელექტროსადგური არსებობს მაღალი დაწნევის (80 მ-ზე მეტი), საშუალო დაწნევის (80-დან 25 მ-მდე) და დაბალი დაწნევის (25 მ-მდე). მაღალი დაწნევის ჰეს-ში აყენებენ ციცხვიან და რადიალურ-ღერძულ ტურბინებს ლითონის სპირალური კამერებით; საშუალო დაწნევისაზე – ბრუნვითფრთიან და რადიალურ-ღერძულ ტურბინებს რკინაბეტონის ან ლითონის სპირალური კამერებით; დაბალ დაწნევისაზე – ბრუნვითფრთიან ტურბინებს ბეტონის ან რკინაბეტონის სპირალური კამერებით.

არსებობს ჰიდროელექტროსადგურის ძირითადი სქემები: კაშხლისებრი (კაშხლის მეშვეობით მდინარის დონის ხელოვნური აწევა) და დერივაციური (სპეციალური გვირაბით ან არხით მდინარის კალაპოტიდან წყლის მიყვანა დონეების ყველაზე მაღალი სხვაობის ადგილამდე).

ჰიდროტექნიკური ნაგებობის მშენებლობის განსაკუთრებულობის მიხედვით განასხვავებენ კალაპოტურ (ჰეს-ის ნაგებობა შედის წყალსაბჯენი ნაგებობის შემადგენლობაში), კაშხლისპირა (სადგურის შენობა განთავსებულია კაშხლის უკან) და დერივაციულ ჰეს-ებს. ფართო გავრცელება პოვა შეთავსებულმა ჰ., რომე-ლშიც ჰეს-ის შენობა ერთდროულად ასრულებს წყალშემკრები ნაგებობის ფუნქციასაც. განსაკუთრებული ადგილი ჰიდროელექტროსადგურს შორის უკავიათ ჰიდრომააკუმულირებელ და მოქცევის ელექტროსადგურებს. ცალკეული ჰეს-ები ან ჰეს-ის კასკადები, როგორც წესი, მუშაობენ ერთ ენერგოსისტემაში კონდენსაციურ, ატომურ, აირტურბინულ ელექტროსადგურებთან და თბოელექტროცენტრალებთან ერთობლივად. საერთო დატვირთვაში მონაწილეობის მიხედვით ჰიდროელექტროსადგური შეიძლება იყოს საბაზისო, ნახევრადპიკური ან პიკური.

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები