ეპიდავროსის თეატრი
ეპიდავროსის თეატრი – (ძვ. ბერძ. Θέατρο της Επιδαύρου), ძველი ბერძნული თეატრი ეპიდავროსში, ასკლეპიონის მახლობლად. ეპიდავროსის თეატრი დღემდე მოქმედი თეატრია, რომელიც განსაკუთრებული აკუსტიკითა და ესთეტიკით გამოირჩევა.
ეპიდავროსის თეატრი აგებულია ხუროთმოძღვარ პოლიკლეტოს უმცროსის მიერ ძვ.წ. IV ს-ის შუა ხანებში. თეატრი ღვთაება ასკლეპიოსისადმი მიძღვნილი ანსამბლის ნაწილია, თუმცა მისგან ოდნავ. მოშორებით მდებარეობს. ეს არის ტიპური ძველი ბერძნული თეატრი ღია ცის ქვეშ, სადაც ადგილები მაყურებელთათვის განლაგებულია ბუნებრივი ბორცვის ფერდობზე, ნახევარწრიულად, კიბე-კიბე. მარაოსებრად გაშლილი თეატრონი 52 რიგს შეიცავდა და დაახლოებით 10 000-მდე მაყურებელს იტევდა. თეატრონი ცალი მხრიდან გარს ერტყმოდა ქვემოთ, მოსწორებულ ადგილას მდებარე მრგვალ მოედანს, ე.წ. ორქესტრას, სადაც მსახიობები და ქორო გამოდიოდა და სადაც მიმდინარეობდა მოქმედება.
ეპიდავროსის თეატრი უზადოდაა მორგებული ლანდშაფტს და იმდენად კარგად ეწერება გარემომცველ ბუნებაში, რომ იგი პირველქმნილი (და არა ადამიანის ხელით ნაგები) გვეჩვენება. ეპიდავროსის თეატრში შესანიშნავი აკუსტიკაა, ორქესტრასა და პროსკენიუმზე მყოფი ადამიანის ჩურჩული მაყურებელთა უშორეს ადგილებსაც კი სწვდება. ძველი ბერძნები თვლიდნენ, რომ ეპიდავროსის თეატრს ბადალი არ ჰყავდა მაშინდელ მსოფლიოში. ამ უძველეს თეატრში დღესაც იმართება წარმოდგენები.