ერედვის ბერის საყდარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბერის საყდარი (X საუკუნის შუა წლები), ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სოფ. ერედვსა და სოფ. ბერუას მახლობლად (შიდა ქართლი, გორის მუნიციპალიტეტი, ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქია).

ტაძარი განცალკევებით დგას მთის კალთის მცირე ბორცვზე. ის წარმოადგენს სამეკლესიიანი ბაზილიკის ერთ-ერთ გვიანადელ ნიმუშს ამაღლებული შუა ეკლესიითა და სამი მხრიდან (ჩრდილოეთით, სამხრეთით და დასავლეთით) გარშემოსავლელით, ტაძარი შიგნით შელესილი ყოფილა და ზოგან მხატვრობის კვალი ჩანს. შუა ეკლესია მცირე ზომის, მოგრძო, აღმოსავლეთისკენ აფსიდით დამთავრებულ სივრცეს წარმოადგენს. სამხრეთის და ჩრდილოეთ კედლების გასწვრივ ამართულია ვიწრო და მაღალი პილასტრები, რომელზედაც კედლის ორსაფეხურიანი, ღრმა თაღებია გადაყვანილი, რაც შიდა სივრცეს სიმსუბუქეს მატებს და ზევითკენ მისწრაფების შთაბეჭდილებას ქმნის.

ბერის საყდარის თავისებურება ის არის, რომ მის გარშემოსავლელში არ არის გამოყოფილი აღმ. სათავსები – სამკვეთლო და სადიაკვნე, იგი ერთიანი დაუნაწევრებელი გალერეაა, მორთული, ორთაღოვანი შესასვლელითა და დეკორაციულად გამოყოფილი შუა ეკლესიის სამხრეთ კარით. ცალკეული დეკორატიული ელემენტებით იყო შემკული ფასადის სარკმლებიც. ტაძარი ხუროთმოძღვრულ ფორმათა გადაწყვეტის მხრივ არაფრით გამოირჩევა მისი მსგავსი ძეგლების რიგიდან. ნაგებია მუქი წითელი, ღვინისფერი ქვით და მოპირკეთებული ყოფილა სუფთად გათლილი კვადრებით. დღეისათვის ძეგლი ძალიან დაზიანებულია – ჩამონგრეულია კამარა, ჩამოშლილია კედლები და თითქმის ჩამოცლილია ყველა საპირე თლილი ქვა, ორნამენტული ფრაგმენტების ჩათვლით.

ლიტერატურა

მეფისაშვილი რ., ბერის საყდარი, „ქართული ხელოვნება“, 1971, №7.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები