ეროსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეროსი და ფსიქეა (ახ.წ. II ს.), რომი, კაპიტოლიუმის მუზეუმი

ეროსი(ეროტი). (ბერძნ.) სიყვარულის ღვთაება. რომაულ მითოლოგიაში მისი სახელებია ამური და კუპიდონი.


თავდაპირველად ეროსს ღმერთთა შორის არ მოიხსენიებდნენ. მას მიიჩნევდნენ პირველყოფილ, თავადშობილ კოსმოგონიურ ძალად, რომელიც სამყაროს ქმნადობისა და მოწესრიგების თანამონაწილე იყო. ორფიკოსების კოსმოგონიურ თეორიებში ეროსი ითვლებოდა შემოქმედებით ძალად, რომელიც წინ უსწრებდა ღმერთთა და ადამიანთა მოვლინებას. კლასიკური ეპოქის ფილოსოფოსებთან ეროსი განასახიერებდა ადამიანურ სწრაფვას სიკეთის შეცნობისა და ღვთაებრივი მშვენიერებისადმი. მხოლოდ ძვ.წ. VI საუკუნიდან ჩნდება მითოსი, რომელიც ეროსს ოლიმპიურ პანთეონში წარმოადგენს. მითოგრაფოსთა უმეტესობის თანახმად, ეროსი აფროდიტეს თანამგზავრი კი არ არის მხოლოდ, არამედ მისი ძეა. რაც შეეხება ეროსის მამას, აქ უკვე აზრთა სხვადასხვაობა იჩენს თავს. ასახელებდნენ ქაოსს, ზევსს, არესს. პლატონი და პოეტი თეოკრიტოსი გვარწმუნებდნენ, რომ ეროსს ან არ ჰყავდა მშობლები, ან უცნობია მათი სახელები. მოგვიანებით ბერძნები განარჩევდნენ უძველეს, სიყვარულის კოსმოგონიური ძალის განმასახიერებელ ეროსს აფროდიტეს მიერ შობილი სიყვარულის ღვთაებისაგან, რომელსაც წარმოსახავდნენ პატარა, ფრთაშესხმულ ბიჭუნად ხელში მშვილდითა და ისრებით. მის მიერ ნატყორცნი ისრები ღმერთებსა და ადამიანებს სიყვარულის ძალით ავსებდა. ზოგს ეს ძალა ბედნიერებას ანიჭებდა, ზოგს კი – ტანჯავდა.

ეროსი და განიმედესი. ბ. ტორვალდსენის რელიეფი (1831 წ.), კოპენჰაგენი, ტორვალდსენის მუზეუმი

ძველ საბერძნეთში არ ყოფილა ფართოდ გავრცელებული ეროსის კულტი. მის სახელზე აგებული საკურთხეველი ნაპოვნია ბეოტიაში, სადაც ღვთაების ქანდაკების ნაცვლად თაყვანს სცემდნენ გაურკვეველი ფორმის დაუმუშავებელი ქვის ლოდს. მოგვიანებით ჩნდება პრაქსიტელესისა და ლისიპოსის ქმნილებები, სადაც ეროსი წარმოდგენილია მშვენიერი ჭაბუკის სახით. ელინისტურ ეპოქაში ეროსი კიდევ უფრო გაახალგაზრდავდა და პატარა, ლამაზ ბიჭუნად გარდაისახა, ფრთებით, ისრებით. ამ სახით დაიმკვიდრა მან ადგილი მომდევნო ეპოქებში. აღმოჩენილია მისი გამოსახულება ფრიზებზე, სარკოფაგებსა და ფრესკებზე.


ეროსის მშვენიერ გამოსახულებებს ქმნიდნენ ყველა დროის მხატვრები და მოქანდაკეები. მას ხატავდნენ ლარნაკებზე, კედლებზე, თეფშებზე, ბეჭდებსა თუ სხვა სამკაულებზე. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა თქმულება ეროსისა და ფსიქეას სიყვარულზე, რომელიც პირველად ჩვ.წ. II საუკუნის მწერლის, აპულეუსის „მეტამორფოზებში“ გამოჩნდა. მოგვიანებით ამ სიუჟეტზე მრავალი დრამა და ოპერა დაიწერა.


ეროსის სახელიდან არის წარმოებული სიტყვები: „ეროტიკა“ „ეროტიკული“, „ამურისეული“, „ეროტომანია“, რომლებიც სიყვარულის გაგებით დამკვიდრდნენ თანამედროვე მეტყველებაში.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები