ვარდისფერი ვარხვი
ვარდისფერი ვარხვი (ლათ. Pelecanus onocrotalus Linnaeus, 1758), – დიდი ზომის ფრინველია, ფრთა 600–770 მმ-ია, ნისკარტი − 300-470 მმ, წონა – 10-13 კგ. მამალი დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზრდასრული ფრინველისათვის დამახასიათებელია გრძელი ნისკარტი, რომელიც მოხრილი კაუჭით ბოლოვდება. კარგად აქვს განვითარებული ყელისა და ნისკარტის ქვემოდან მთელ სიგრძეზე კანის წევადი პარკი. ფეხები მოკლეა, ოთხივე თითი საცურავი აპკითაა ერთმანეთთან შეერთებული. შუბლი, თვალების ირგვლივ არე და ქვედა ყბის ძირი ბუმბულსაფარველს მოკლებულია. თავზე აქვს წაგრძელებული ბუმბულები, რომელიც შიშველი შუბლის შუა ნაწილში წვეტის სახით გადმოდის. საერთო შეფერილობა თეთრია, მაგრამ აქვს ბაცი ვარდისფერი ელფერი, განსაკუთრებით მუცლის მხარეს. მკერდზე მოყვითალო ლაქაა, ხოლო მომქნევები შავია.
სარჩევი |
გავრცელება
ბუდობის არეალი მოიცავს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, წინა, შუა და სამხრეთ-დასავლეთ აზიას, ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკას. გავრცელება სპორადულია. გადამფრენი ფრინველია. სსრ კავშირის ფარგლებში ვარდისფერი ვარხვის ზამთრობა აღნიშნულია დნეპრის ლიმანში, ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე, კასპიის ზღვაზე – ლენქორანთან, ხოლო საქართველოს ფარგლებში – შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში ბათუმის მახლობლად. შეიძლება შეგვხვდეს მიმოფრენის დროსაც.
ბიოტოპი
ბინადრობს მეტწილად თავთხელ შიდა წყალსატევებზე, რომლებიც მდიდარია თევზით, ხოლო ნაპირებზე უხვადაა განვითარებული წყლის მცენარეულობა. ხშირად მოიპოვება დიდ მდინარეთა დელტაშიც.
გამრავლება
ბუდობის ადგილებში მოფრინდებიან გუნდებად. მონოგამიური ფრინველია, მაგრამ ბუდობს კოლონიებად. 20 აპრილიდან იწყებს ბუდის აგებას, რაც 2-3 დღეში მთავრდება. ბუდე მეტწილად მოთავსებულია მიწაზე, ხშირად ლელიანში. დებს ჩვეულებრივად 2 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 33 დღეს გრძელდება.
კვება
ვარდისფერი ვარხვის საკვებს შეადგენენ საშუალო სიდიდის თევზები, რომელთაც ის იჭერს ცურვის დროს არაღრმა წყლებში.
მნიშვნელობა
კვების თავისებურებით ვარდისფერი ვარხვს გარკვეული ზიანის მოტანა შეუძლია თევზის მეურნეობისათვის, მაგრამ მცირერიცხოვნობის გამო ეს ზიანი ხშირად უმნიშვნელოა.