ვარდკაჭაჭა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვარდკაჭაჭა

ვარდკაჭაჭა – (Cichorium pumilum);

მეგრულად – ტატალი, მწვანე სვიტი.

ორი ან მრავალწლიანი ბალახი, რთულყვავილოვანთა ოჯახის წარმომადგენელი. მისი ფესვი საკმაოდ ძლიერი და მთავარღერძიანი, რომელიც ღრმად არის ნიადაგში წასული. ყვავილები – ენისმაგვარი, ორსქესიანი, ხშირ შემთხვევაში ლურჯი ფერის, იშვიათად ვარდისფერი ან თეთრი, რომელიც ზის მოკლე ყუნწზე, რომელიც გამოდის ფოთლის ზედა ნაწილიდან.

ვარდკაჭაჭა – ბიბლიური მცენარე

გამოსვლათა (შემოტი) წიგნის ებრაული ვერსიის აღნიშნულ მუხლში „მწარე ბალახი“ მოცემულია ამ მცენარის სახელწოდების დაუსახელებლად. საგულისხმოა, რომ ბიბლიის უძველესი ქართული თარგმანის ჩვენამდე მოღწეული თითქმის ყველა ხელნაწერი ებრაული ტექსტისაგან განსხვავებით, „მწარე ბალახის“ შესატყვისად იძლევა კონკრეტულ სახელწოდებას – „ველის ყრდელი“. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ერთი ხელნაწერი, სადაც „მწარე ბალახის“ შესატყვისად ფიგურირებს მდოგვი. თუ გავითვალისწინებთ, იმ გარემოებას, რომ სახარების შემწეობით „მდოგვი“ მყარად იყო გამჯდარი ქართულ ცნობიერებაში, საეჭვოა, რომ ბიბლიის მთარგმნელებს ეს სიტყვა ეხმარათ ხსენებული მწარე ბალახის აღსანიშნავად. ვფიქრობთ, რომ „ყრდელი“ ესადაგება იმ მწარე ბალახის აღმნიშვნელ სახელწოდებას ებრაელები პასექის დღესასწაულის დროს რომ იყენებენ. თანამედროვე ქართულში ამ სიტყვის მნიშვნელობა აღარავინ იცის. ქართული განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით ეს სიტყვა იგივეა, რაც სალათა ასეა, თუ ისე, აშკარაა, რომ ქართულ თარგმანში, ებრაული ტერმინი არასწორადაა გადმოტანილი. უნდა აღინიშნოს, რომ ებრაელი ავტორის დავიდ დარომის ინგლისურ ენაზე გამოცემული „ბიბლიის ულამაზეს მცენარეებში“ „მწარე ბალახად“ შემთხვევით არ უნდა იხსენიებოდეს „ქონდარა ვარდკაჭაჭა“, რაც გვაფიქრებინებს, რომ ებრაული ტრადიცია ამ „მწარე ბალახად“ „ქონდარა ვარდკაჭაჭას“ (ებრაულად „ულაშ მაცუი“-ს) მიიჩნევს.

„იმავე ღამეს შეჭამონ ცეცხლზე შემწვარი ხორცი და ხმიადი; მწარე ბალახი შეატანონ“. (გამოსვლათა 12, 8).

ვარდკაჭაჭას სამკურნალო თვისებები

სამკურნალოდ გამოიყენება ფესვები, ბალახი და ყვავილები. ყვავილები შეიცავს გლიკოზიდ ციკორიუმს, რომელიც ჰიდროლიზის დროს იხლიჩება ესკულეტინად და გლუკოზად. რძისებრ წვენში ნაპოვნია მწარე ნივთიერება ლაქტუცინი, ლაქტუკოპიკრინი, ტარაკსასტეროლი, ნაყოფებში – კატეხინის საწინააღმდეგო ალდეჰიდი. ფესვები მდიდარია წყალში ხსნადი ინულინით (60%) – პოლისახარიდებით, რომელიც გამოიყენება დიაბეტით დაავადებულთათვის დიეტურ კვებაში, შაქრისა და სახამებლის შემცვლელად. აღინიშნება აგრეთვე ფრუქტოზა, მწარე გლიკოზიდი ინტიბინი, მწარე, ლორწოვანი და მთრიმლავი ნივთიერებები, ორგანული მჟავები, ციკორინი, ქოლინი, ცილები, ცხიმები, ეთერზეთები, ვიტამინები: A, C, D1, D2, PP, მიკრო (რკინა) და მაკროელემენტები (კალიუმი, ნატრიუმი, ფოსფორი). ფოთლები შეიცავს ინულინს. ხასიათდება ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო, დამამშვიდებელი, შარდ და ნაღველმდენი მოქმედებით. ახდენს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის, გულის მოქმედების ნორმალიზებას, არის სისხლძარღვთა გამაფართოებელი და სიცხისდამწევი საშუალება; გამოიყენება შაქრის დიაბეტის თერაპიაში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლისა და თირკმელების დაავადებებისას. ახდენს ღვიძლიდან ტოქსინების გამოდევნას, ასტიმულირებს მის ფუნქციას; ნაყენი ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აუმჯობესებს გულის მუშაობას, მას უნიშნავენ ნევროზების, უძილობის, ჰიპერტენზიის სამკურნალოდ. ფესვების ნახარში ხასიათდება შარდმდენი და ნაღველმდენი მოქმედებით, იყენებენ ცისტიტის, ნაღველკენჭოვანი დაავადებების, ნეფრიტის, ციროზის, ჰეპატიტის დროს. ბალახისა და ფესვების ნახარში ხალხური მედიცინის მიერ რეკომენდირებულია გარეგანად – ეგზემის, ფერიმჭამელების, ფურუნკულოზის, ჩირქიანი ჭრილობების, ლიმფატური ჯირკვლების ანთების საწინააღმდეგოდ, აბაზანებისა და საფენების სახით. ვარდკაჭაჭა სასარგებლოა ძალების დაკარგვის, მაღალი ოფლდენის, ელენთის დაავადებების, სისხლის შემადგენლობის ნორმალიზაციისათვის. ავიცენას დროიდან ნახარშებსა და ნაყენებს უნიშნავენ ჰიპერაციდული გასტრიტის, ენტერიტის, კოლიტის, ქოლეცისტიტის, ქრონიკული ყაბზობის დროს. ნედლი წვენით მკურნალობენ სურავანდსა და ანემიას.

ვარდკაჭაჭის გამოყენება ეკრძალებათ ვენების ვარიკოზული გაფართოების, ბუასილის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებულებებს, ვინაიდან მცენარე ხასიათდება სისხლძარღვების გამაფართოებელი მოქმედებით. სიფრთხილე მართებთ ადამიანებს კუჭის მაღალი მჟავიანობის, გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, თირკმელებისა და ღვიძლის დაავადებებისას.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები