ვაროატოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Varoatozi.PNG

ვაროატოზი - ფუტკრის საშიში დაავადებაა, ხასიათდება ოჯახების დასუსტებითა და დაღუპვით. მეფუტკრეობის ისტორიას ალბათ არ ახსოვს, ფუტკრის ოჯახების ისეთი ვერაგი და გამანადგურებელი დაავადება, როგორიც ვაროატოზია. ამიტომ მასთან ბრძოლა დღეისათვის მეფუტკრის უპირველეს ამოცანას და საზრუნავს წარმოადგენს.

მისი გამომწვევია გარეგანი ტკიპი. დედალი ტკიპი ყავისფერია, მისი დანახვა შეიძლება შეუიარაღებელი თვალით, მოგვაგონებს ფეტვის მარცვლის ქერქს. ფუტკარზე იზამთრებს, ბარტყის გაჩენისთანავე გამრავლებას - იწყებს გაზაფხულზე და შემოდგომით მუშა, ზაფხულობით სამამლე ბარტყზე დედალი ჩაცოცდება სამამლე ან მუშა ფუტკრის ბარტყის უჯრედში და კვერცხებს დებს. ბარტყის გამოსვლისას ტკიპები ზრდას ასრულებენ; ერთ ოჯახში შეიძლება იყოს რამდენიმე ათასი. ტკიპი ფუტკარს პირის ორგანოებით ეკიდება, გახვრეტს სეგმენტებშორის მემბრანას და ჰემოლიმფით იკვებება. ერთ ფუტკარზე შეიძლება იყოს ხუთიდან შვიდამდე ტკიპი.

დიაგნოზს ადგენენ სკიდან სამამლე ჭუპრების მასიური გამოყრის, მუშა — ფუტკრის დიდი რაოდენობით დახოცვისა და ფუტკარზე, ბარტყში და სკის ნაგავში ცოცხალი ტკიპების შემჩნევით. დიაგნოზის დასადასტურებლად ვეტერინარულ ლაბორატორიაში აგზავნიან სამამლე ან ბარტყის 3X15 სმ ზომის სინჯებს. თითოეულ სინჯს ქაღალდში ახვევენ და მიამაგრებენ ეტიკეტს ოჯახის ნომრით.

გაზაფხულზე ბუდეების გაწმენდის დროს მთელ დახოცილ ფუტკარს აგროვებენ და აშრობენ, შემდეგ გაცხრილული მასიდან იღებენ არანაკლებ 200 გ წონის სინჯს, მას ქაღალდში ახვევენ მჭიდროდ და გამოსაკვლევად აგზავნიან. ორივე შემთხვევაში საჭიროა სინჯებს დაერთოს თანმხლები წერილი.

ბრძოლის ღონისძიებები

დიაგნოზის დადგენისას საფუტკრეს კარანტინს ადებენ. ფუტკრის სამკურნალოდ იყენებენ ვაროატინის აეროზოლს. ფუტკარს მკურნალობენ მთელი სეზონის განმავლობაში. მოღალე ფუტკრის დაბრენების შემდეგ, საღამოს სკას ხდიან, იღებენ დასათბუნებელსა და საფარ ტილოს, ჩარჩოებს ზემოთ 10—15 სმ მანძილიდან ფუტკარს აეროზოლს ასხურებენ, ჩარჩოებს შორის სივრცეში, რისთვისაც 1–1,5 წამს ხარჯავენ. შემდეგ ბუდეს სწრაფად ხერავენ საფარი ტილოთი, ადებენ დასათბუნებელ ბალიშსა და სანურავს. აეროზოლი დამატებით შეყავთ სკის საფრენში 3 წამის განმავლობაში, 1 სმ-მდე, ავიწროებენ და დილამდე ასეთ მდგომარეობაში ტოვებენ. დამუშავებას იმეორებენ ყოველ 12—14 დღის შემდეგ. ვაროატინით დამუშავებას წყვეტენ 30 დღით ადრე თაფლის გამოწურვამდე. შემოდგომაზე, სანამ ფუტკარი გუნდად შეიკვრებოდეს, ახდენენ დასკვნით დამუშავებას. დამუშავების წინ სკებიდან ბარტყს იღებენ და სპობენ, შემდეგ კი ორჯერ დაამუშავებენ ვაროატინით, 24 საათის შუალედით.

პრეპარატის ზედმეტმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს ფუტკრის დაღუპვა. აეროზოლით მუშაობისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა: არ გამოვასხუროთ ცეცხლთან ახლოს, დაუშვებელია ბალონის გაცხელება +50°C ზევით, არ გავაჩეროთ მზეზე, პირისა და ცხვირის ლორწოვანი გარსი მოვარიდოთ. სამკურნალოდ იყენებენ, აგრეთვე, ფენოტიაზინის ფხვნილს. მას საბოლებელში წვავენ. საბოლებელში პრეპარატის წვის დროს წარმოქმნილი ბოლი სკაში რომ მთლიანად მოხვდეს, საბოლებელს მოარიგებენ 25 სმ სიგრძის მილს. შებოლების დროს მეფუტკრეები იფარებენ წყალში დასველებულ ოთხფენოვანი დოლბანდის სახვევებს ან მტვრის საწინააღმდეგო რესპირატორებს. ფუტკარს ამუშავებენ აპრილში, მაისსა და სექტემბერში დილით ან საღამოს. ფენოტიაზინის ტოქსიკურობას წინასწარ ამოწმებენ ოთხ ოჯახზე. საბოლებელში წვავენ 3 გ პრეპარატს (ერთ ჩაის კოვზს). მორუხო-თეთრი ბოლის გაჩენისთანავე - შეჰყავთ საფრენში, ჯერ ერთ სკაში (30—40 ნაკადი), შემდეგ ამდენივე მეორეში და ა. შ. ფენოტიაზინის ერთ დოზას უბოლებენ ფუტკრის 4 ოჯახს, შემდეგ ყრიან ფენოტიაზინის ახალ დოზას და პირველი დამუშავებიდან 3-4 წუთის შემდეგ უბოლებენ მეორედ. შებოლების შემდეგ ფუტკრის მნიშვნელოვანი რაოდენობით დახოცვა და სკის კედლებზე მწვანე მინაფრქვევი მიუთითებს პრეპარატის უხარისხობაზე. ფუტკრის ერთი ოჯახის დასამუშავებლად ფენოტიაზინის, ერთჯერადი დოზა შეადგენს 1,5 გ-ს, მკურნალობის კურსისა — 4,5 გ- თვეში ატარებენ სამკურნალო დამუშავების სამ კურსს 7–8 დღის შუალედითს.

ფენოტიაზინის გამოყენება შეიძლება თერმიული აბების სახითაც. აბს ათავსებენ (15—20 სმ სიგრძის, 2—2,5 სმ სიგანის, 1 სმ დიამეტრის ნახვრეტით და ერთ ბოლოზე დამცავი ფერდებით. ლითონის ფირფიტაზე. ცეცხლს უკიდებენ და სკაში საფრენიდან შეაქვთ. საფრენს სწრაფად ხურავენ და დაკეტილს აჩერებენ 15-20 წუთით. 12-ჩარჩოიანი ფუტკრის ოჯახის დამუშავების ერთჯერადი დოზაა ერთი აბი. სამკურნალო დამუშავებას იმეორებენ 7-8 დღის შემდეგ.

ყოველი დამუშავებისას სკის ძირზე დებენ ქაღალდს. შებოლების ან მოსხურების შემდეგ ქაღალდს იღებენ მასზე დაცვენილ პარაზიტებთან ერთად და წვავენ. მთელი ზაფხულის პერიოდში სამამლე ბარტყს ამოჭრიან ფიჭის მთელ სიგრძეზე და ადნობენ. ოჯახებში სისტემატურად აწყობენ ასაშენებელ ჩარჩოებს.

ბევრი მეფუტკრე სამკურნალო პრეპარატად იყენებს გოგირდის ფხვნილს. ფუტკრის დამუშავებას გაზაფხულიდან იწყებენ, მთავარი ღალის დაწყებამდე 20 დღით ადრე დამუშავებას წყვეტენ. სკებიდან იღებენ ნაგავს. სკის ძირზე დებენ მზესუმზირის ზეთით გაჟღენთილ ქაღალდს. გოგირდს აფრქვევენ ფუტკარსა და ბუდის ჩარჩოებს. ფუტკრის ოჯახზე ხარჯავენ არა უმეტეს 5–6 გ გოგირდისა, მეტი დოზა იწვევს ფუტკრის დაღუპვას. ამის შემდეგ აფარებენ საფარ ტილოსა და დასათბუნებელ ბალიშს. ტკიპები იწყებენ სწრაფად დაცვენას. 2-2,5 საათის შემდეგ, პარაზიტების დიდი ნაწილი ჩამოცვივა. ქაღალდს ტკიპებთან ერთად წვავენ.

წყარო

მეფუტკრეობის ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები