ვარხვისნაირნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარხვისნაირნი (ლათ. Pelecaniformes) — ფრინველების რიგი. ვარხვისნაირთა რიგი აერთიანებს წყალმცურავ ფრინველებს, რომლებსაც ნიჩაბფეხიანებსაც უწოდებენ, რადგან ცურვასთან დაკავშირებით ფეხების აგებულება მოსასმელადაა შეგუებული. კარგად განვითარებული უკანა თითი დაბლაა დაწეული, მიმართულია გვერდით და შიგნით. ოთხივე თითი მთელ სიგრძეზე ერთმანეთთან შეერთებული არიან საცურავი აპკით. ფეხები მოკლეა, ნისკარტი უმრავლესობას საშუალო ზომის აქვს. მხოლოდ ვარხვებს აქვთ იგი გრძელი და არაჩვეულებრივი აგებულების.

ამ რიგის ფრინველები გარეგნულად და სიდიდით საკმაოდ ნაირგვარია. ფრთები ზოგს გრძელი და მახვილი აქვს, რაც მათ ლივლივით ფრენის უნარს ანიჭებს; სხვებს – მოკლე და ბლაგვი, რის გამო ფრთების მხოლოდ აქტიური მოქნევით შეუძლიათ ფრენა. კუდი ზოგს მოკლე და მომრგვალებული აქვს, ხოლო სხვებს – საფეხუროვანი ან სოლისებური. ბუმბულსაფარველი სქელი და მჭიდროა, რომელიც ფარავს პტერილიებსაც და აპტერიებსაც. კუდუსუნის ჯირკვალი კარგადაა განვითარებული და ბუმბულითაა დაფარული. ფრინველების საერთო შეფერილობა შავი ან თეთრია.

მთელი რიგი თავისებურებანია ჩონჩხის აგებულებაში, რაც დაკავშირებულია ცურვასა და ყვინთვასთან. საჭმლის მომნელებელი ტრაქტი, რომელიც ხასიათდება წაგრძელებული საყლაპავით და ვრცელი ჯირკვლოვანი კუჭით, უზრუნველყოფს მსხვილი საკვების დიდი რაოდენობით გადაყლაპვას და მონელებას. მათი საკვები თითქმის მხოლოდ თევზებია.

ვარხვისნაირთათვის დამახასიათებელია მონოგამიური გამრავლება. მართვე იჩეკება ტიტველი, თვალაუხილავი და უსუსური. ცხოვრობენ კოლონიებად. გავრცელებული არიან ზღვებისა და ოკეანეების, დიდი მდინარეებისა და ტბების სანაპიროებზე, თითქმის მთელ დედამიწაზე, პოლარული რაიონების გამოკლებით. ვარხვებისა და ჩვამების ყველაზე რიცხვმრავალი კოლონიები სსრ კავშირში მოიპოვება კასპიისა და არალის ზღვების სანაპიროებზე.

ზოგიერთ ადგილას ვარხვისნაირთა წარმომადგენლებს ზიანი მოაქვთ თევზის მეურნეობისათვის. ტროპიკულ კუნძულებზე, სადაც რიცხვმრავალი კოლონიები ბუდობენ, წარმოიქმნება გუანოს საბადო. ზოგან, მცირე რაოდენობით, სარეწაო მნიშვნელობაც აქვთ, თუმცა ხორცი დაბალი ღირსებისაა. აგროვებენ მათ კვერცხებსაც.

ამ რიგის 6 ოჯახიდან, საქართველოში გვხვდება ორი ოჯახის წარმომადგენლები: ვარხვისებრნი და ჩვამასებრნი.


წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები