ვაჰაგნი
ვაჰაგნ-ი (სომხ. Վահագն) – ჭექა-ქუხილისა და სიმამაცის ღმერთი, მონადირე და მეომარი, არამაზდის ვაჟი სომხურ მითოლოგიაში (სხვა ვერსიით, ვაჰაგნი არის არა ღმერთი, არამედ მეფე ტიგრან-ვიშაპთმებრძოლის – აჟდაჰაკის მკვლელის – ვაჟი). იგი ტანჯვით შვა მიწამ და ცამ, აგრეთვე – მეწამულმა ზღვამ, ალისმფრქვეველი წითელი ლერწმის მეშვეობით; ალისაგან იშვა ვაჰაგნი ცეცხლოვანი თმებითა და წვერებით, ორი მზის მსგავსი გიზგიზა თვალებით; დაბადებისთანავე შეუდგა ვიშაპების ამოწყვეტას (აქედანაა მისი ეპითეტი „ვიშაპთმებრძოლი“). მ. ხორენაცთან შემონახულია ვიშაპთმებრძოლი ვაჰაგნის დაბადებასთან დაკავშირებული სიმღერის ფოლკლორული ორიგინალი:
- მშობიარობით იტანჯებოდა ზეცა,
- მშობიარობით იტანჯებოდა მიწა,
- მშობიარობით იტანჯებოდა მეწამული ზღვაც.
- მშობიარობის ტანჯვამ მოიცვა ზღვაში წითელი ლერწამიც.
- კვამლი გამოდიოდა ლერწმის ტანიდან,
- ალი გამოდიოდა ლერწმის ტანიდან,
- და ალიდან გადმოხტა ნათელკულულა ყმაწვილი.
- მისი კულულები ცეცხლით იწვოდა,
- წვერებიც ალით გიზგიზებდა,
- თვალები კი ორ მზესავით იყო.
მ. ხორენაცი ამატებს: „ჩვენ საკუთარი ყურებით მოვისმინეთ ეს სიმღერა ფანდირნის თანხლებით. შემდეგ სიმღერა მოგვითხრობდა, რომ ვაჰაგნი ებრძოდა ურჩხულებს და დაამარცხა ისინი“.
ელინისტურ ხანაში ვაჰაგნი გაიგივებული იყო არეს-მარსთან და ჰერაკლესთან. შუა საუკუნეების სომხეთის სახალხო მომღერლები, ფანდურის თანხლებით, უმღეროდნენ მზე-ვააგნის დაბადებას ციურ ზღვაში ალისფერი ლერწმიდან (ხორენაცი). სხვა კოსმოგონიურ მითში მოთხრობილია, რომ მკაცრ ზამთარში ვაჰაგნმა, სომეხთა წინაპარმა, ბარშამს – ასურიელების წინაპარს – ნამჯა მოპარა და ზეცაში გაუჩინარდა, მაგრამ გზადაგზა წვრილ-წვრილი ნამჯა დაუცვივდა. იმ დროიდან ირმის ნახტომს სომხურად „ნამჯის ქურდის კვალი“ ეწოდება. ვაჰაგნის სახე ეპოსის („დავით სასუნელი“) მთავარი გმირის პროტოტიპი გახდა. მეფე ართაშეს მეორემ ვაჰაგნის სახელობის ტაძარი ააგო მცირე ახბაქში (ვასპურაკანი), ხოლო თრდატ პირველმა – დერჯანში.
ღვთაების მთავარი დღესასწაული შუა ოქტომბერში აღინიშნებოდა; ყოველი თვის 27-ე დღეს ვააგნი ეწოდებოდა.
ლიტერატურა
- Агатангелос. История Армении. Пер. с древнеарм., в ступ. ст. и коммент. К. С. Тер-Давтян, С. С. Аревшатяна. Ереван, 2004:;
- Анания Ширакаци. Космография. Пер., предисл. И коммент. К. С. Тер-Давтян и С. С. Аревшатяна. Ереван, 1962;
- Арутюнян С. Б. Вахагн // Мифологический словарь. Гл. редактор Е. М. Мелетинский. М., 1991;
- Вардумян Г. Д. Дохристианский пантеон // Армяне. Ответственные редакторы: Л. М. Варданян, Г. Г. Саркисян, А. Е. Тер-Саркисянц. М., 2012.