ვიშაპები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვიშაპები

ვიშაპები (სომხ. Վիշապներ) – ურჩხულები, ხთონური ძალები სომხურ მითოლოგიაში; მითებში გვხვდებიან, როგორც ზოომორფული (უფრო ხშირად გველისნაირი), ისე ანთროპომორფული სახით; წარმოადგენენ ქარიშხლის, ქარბუქისა და საავდრო ღრუბლის პერსონიფიკაციას; ცხოვრობენ მაღალ მთებში, დიდ ტბებში, ზეცაში, საავდროდ გამზადებულ ღრუბლებში. ცად ამაღლებისა და დაბლა, განსაკუთრებით ტბებში, დაშვების დროს წარმოქმნიან ქუხილს და გზად ყოველივეს ანადგურებენ. თუკი ათასი წლის ასაკს მიაღწია, ვიშაპს შეუძლია, მთელი ქვეყნიერება ჩაყლაპოს.

ჭექა-ქუხილის დროს დაბერებული ვიშაპები მაღალი მთებიდან და ტბებიდან ხშირად ცაში ადიან, ხოლო ზეციური ვიშაპები მიწაზე ჩამოდიან. მითების თანახმად, უზარმაზარი ვიშაპი ყლაპავს მზეს, რის გამოც ქვეყნიერების დაბნელება ხდება (შდრ. ქართული გველეშაპი). ვიშაპთან ბრძოლის მითებს საფუძვლად უდევს ქაოსისა და კოსმოსის ბრძოლის ფართოდ გავრცელებული მითოლოგიური მოტივი. ქრისტიანობის დამკვიდრების შემდეგ ვიშაპთა შესახებ მითებმა ტრანსფორმაცია განიცადეს: ვიშაპთან მებრძოლ ვაჰაგნს მთავარანგელოზი გაბრიელი (სომხ. გაბრიელ ხრეშტაკი) და ანგელოზები ჩაენაცვლნენ. სწორედ ისინი ებრძვიან ვიშაპებს, რომლებიც, ავსულებთან ერთად, დღის მნათობის ჩაყლაპვას ცდილობენ. ანგელოზები ურჩხულებს სწევენ მზემდე, რომლის სხივებისაგან ისინი ფერფლად იქცევიან და მიწაზე ცვივიან. ეპოსში ვიშაპები წყაროთა მფლობელი ურჩხულები არიან და წყლით სარგებლობისათვის ადამიანებისაგან მსხვერპლად ქალიშვილებს ითხოვენ. ხოცავენ რა ვიშაპებს, წყაროებსა და ტყვე ქალიშვილებს გმირები ანთავისუფლებენ.

ეპოსში („ვიპასანკი“) მოქმედებენ მასისის ძირში მცხოვრები ურჩხულები, ვიშაპ აჟდაჰაკისა და მისი ცოლის – ანუიშის – შთამომავლები, ე. წ. ვიშაპაზუნქები (ვიშაპიდები): ვიშაპთა მამა და წინამძღოლი – არგავანი – თავის სასახლეში სადილად იწვევს მეფე არტაშესს ვაჟებითურთ. პურობის დროს მასპინძელი სტუმრის წინააღმდეგ მზაკვრულ გეგმას ამზადებს. არტაშატში დაბრუნებული განრისხებული არტაშესი ვიშაპთა დასახოცად თავისი ვაჟის – მაჟანის – სარდლობით ლაშქარს აგზავნის, მაგრამ შვილი მამის დავალებას არ ასრულებს. არგავანისა და დანარჩენი ვიშაპების განადგურება თავად არტაშესს უწევს.

სომხეთის ზეგანზე, აღმოსავლეთ თურქეთში, სამხრეთ საქართველოში და სხვა რეგიონებში აღმოჩენილია 3-5 მეტრის სიმაღლისა და 0. 5 მეტრის სიგანის ვიშაპთა მენგირები თევზის, ჩლიქოსანი ცხოველების (ხარისა თუ ცხვრის) ან მათი ტყავების, ტალღოვანი ხაზების, წყლის ნაკადის, გრძელფეხა ფრინველების (წეროებისა თუ ყარყატების), იშვიათად გველის რელიეფური გამოსახულებით, რომელთაგან ყველაზე ადრეული დათარიღებულია ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისით. რამდენადაც ვიშაპთა მენგირები ძირითადად წყაროებთან და ძველ ირიგაციულ ნაგებობებთან (არხებთან) ახლოს არის აღმოჩენილი, ხოლო მითოლოგიაში ვიშაპები დაკავშირებულნი არიან წყლის სტიქიასთან (ტბებთან, წვიმასთან, წყალდიდობასთან), მკვლევართა აზრით, არქაულ პერიოდში ისინი გამანაყოფიერებელი ძალის მქონე წყლის ღვთაებები იყვნენ, მოგვიანებით კი ტრანსფორმაცია განიცადეს და დემონებად იქცნენ.


ლიტერატურა

  • მოვსეს ხორენაცი.სომხეთის ისტორია. ძველი სომხურიდან თარგმნა, შესავალი და შენიშვნები დაურთო ალექსანდრე აბდალაძემ. თბ., 1984;
  • Мещанинов И. И. Каменные статуи рыб – вишапы на Кавказе и в Северной монголии // Записки Коллегии Востоковедов. I. Ленинград, 1926;
  • Марр Н. Я., Смирнов Я. И. Вишапы // Труды Государственной Академии Истории Материальной Культуры. Т. I. Ленинград, 1931;
  • Пиотровский Б. Б. Вишапы. Каменные статуи в горах Армении. Ленинград, 1939;
  • Арутюнян С. Б. Вишапы // Мифы народов мира. Т. I. М., 1980;
  • Ананикян М. А. Мифы Армении. М., 2010.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები