ვაჰანის ქვაბთა განგება
„ვაჰანის ქვაბთა განგება“ – (1225-1230), ვანის ქვაბების მონასტრის წესდება („ტჳპიკონი“, „ანდერძი და განგებაჲ“, „განგებაჲ და განწესებაჲ“, ანდერძი“, „ძეგლი და განგებაჲ“, „განგებაჲ“ – როგორც მას ტექსტში ეწოდება სხვადასხვა ადგილას). იგი მონასტერს განუჩინა თმოგველთა ფეოდალური სახლის წევრმა, ერისთავთერისთავმა მხარგრძელ სარგისის ძემ. საქართველოს მრავალრიცხოვან დიდი და მცირე მონასტრების ტიპიკონებს, ანუ დისციპლინარულ წესდებებს შორის იგი ერთადერთია, რომელმაც შედარებით სრული სახით მოაღწია ჩვენამდე (ასეთია მხოლოდ პეტრიწონის წესდება, მაგრამ იგი უფრო ბიზანტიური საკორპორაციო სამართლის ძეგლია, ვიდრე ქართულისა).
„ვაჰანის ქვაბთა განგება“ დაწერილია XII-XIII სს. კლასიკური ნუსხურით ეტრატის გრძელ გრაგნილზე, რომელიც საგანგებოდ გათლილ ჯოხზეა დახვეული. გრაგნილი (562 სმ) დაცულია კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში (ad-933). იგი შედგება 12 ფურცლის, ანუ კეფისაგან, მაგრამ ლ. მუსხელიშვილის ვარაუდით (1939), თავდაპირველად 15 კეფი უნდა ყოფილიყო. დაკარგულ 3 კეფზე მოთავსებული იქნებოდა ტიპიკონის შესავალი, პირველი თავის ზანდუკი, ანუ სარჩევი პირველი სტრიქონებით (მოღწეულია ამ თავის ნაწილი), დიდი ნაწილი (დასაწყისი) მეორე თავისა, მესამე თავი მთლიანად, მეოთხე თავის ზანდუკი და ტექსტის პირველი სტრიქონები.
„ვაჰანის ქვაბთა განგების“ ტექსტი შედგებოდა შვიდი თავისაგან. პირველი თავის შინაარსი ზოგადი ხასიათისაა. დანარჩენ თავებში მკაცრად არის განსაზღვრული როგორც მონასტრის კრებულის შემადგენლობა (სულ 61 პირი), ისე მონასტრის საძმოს წევრების (მათი რანგების მიხედვით) უფლება-მოვალეობანი და ქცევის წესები. ასევე გათვალისწინებულია სასჯელის ფორმები ამ წესების დარღვევისას (დამრღვევის თვით მონასტრიდან გაძევებამდე) და ა.შ.
საკუთრივ ტიპიკონის ტექსტი მთავრდება მონასტრის მესაკუთრის ვრცელი ჩანაწერით, რომელშიც აღნიშნულია, რომ „მიწამან და მონამან მჴარგრძელმან დიდითა გულისმოდგინებითა განგებაჲ ესე აღვწერე მონასტრისა ჩემისათჳს, რომელი ესე აწვე საქმით სრულ-ქმნილ არს ყოვლითური ჩემ მიერ და უმეტესისა შეძენისათჳს დამიც სასოებაჲ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა“. ამას მოსდეეს ვრცელი წყევლა იმათთვის, „ვინცა ესე განგებაი უდაბნოისა ჩუენისაჲ… რაჲსაცა, მიზეზისა მიღებითა შეცვალოს“.
„ვაჰანის ქვაბთა განგების“ ოთხი დასკვნითი მუხლით განსაზღვრულია შემდეგი:
1. ეს „ძეგლი და განგებაჲ“ წლის განმავლობაში სამგზის იქნეს წაკითხული „ტრაპეზსა ზედა“ – პირველად წმინდა მარხვების დაწყებისას, თევდორობა დღეს; მეორედ – „სულის წმიდისა მოსლვასა“ და მესამედ – „ჯუართამაღლებას“; ამას მოსდევს წყევლა იმათთვის, ვინც სამგზის წაკითხვას დააკლებს;
2. თუ ვინმე მონაზონი გახდება და „ძმათა თანა დაეწერება“, ეს „ძეგლი“ მას უნდა „სრულებით წარეკითხვოდეს“;
3. მონასტრის ზღუდის დიდი კარები დიდმარხვის დღეებში, ხარება დღის (25 მარტის) გამოკლებით („უხარებოდა“) ანუ გაიღება, „ცოტათა კართა იარებოდენ“, თუ ხელმწიფე ან დიდებული ვინმე არ მოვა. ქრისტეშობის მარხვისას და „მოციქულთასა“ შაბათ-კვირისა და დღესასწაულთა გარდა, ასევე ნუ გაიღება დიდი კარები. ასევე, „ამათ სხუათა წინაუკუანთა დღეთა ოთხშაბათ-პარასკევთა და ორშაბათსა“ ნუ გაიღება დიდი კარები.
4. ცალკე წყევლა იმ „მოძღუართა, დეკანოზთა და ჴელისუფალთა“ მიმართ, რომელთაც თავის დროს არ გამართონ ამ „ძეგლის“ სამგზის წაკითხვა დადგენილ დღეებში.
„ვაჰანის ქვაბთა განგების“ ხელნაწერის გრაგნილზე ამის შემდეგ დატოვებულია 11 სმ სიგანის ცარიელი ადგილი, სადაც, წესის თანახმად, მონასტრის პატრონის – მხარგრძელის ხელრთვა-დამტკიცება უნდა ყოფილიყო, მაგრამ იგი არ არის. ამას მოსდეეს გიორგი ქართლის კათალიკოსის გაკრული ნუსხურით შესრულებული 11- სტრიქონიანი ხელრთვა-დამტკიცება, რომელშიც იგი მხარგრძელს „ერისთავთა ერისთავს“ უწოდებს. სწორედ ბოლო ხანებში გიორგის კათალიკოსობის დაზუსტებული წლების მიხედვით „ვაჰანის ქვაბთა განგება“ თარიღდება 1225-30. თ. ჟორდანია, ძეგლის პირველი გამომცემელი, მას ათარიღებდა 1212-17; ლ. მუსხელიშვილი და, მის მიხედვით, ი. დოლიძე – 1204-14. უშუალოდ „ვაჰანის ქვაბთა განგების“ ტექსტთანაა დაკავშირებული გრაგნილზე მოთავსებული XIII ს. მინაწერები. გარდა ამისა, „ვაჰანის ქვაბთა განგების“ გრაგნილის როგორც წინა, ისე უკანა მხარეზე მოთავსებულია სხვადასხვა დროის 23 მინაწერი საბუთი.
ე. სილოგავა
გამოცემები
- ჟორდანია თ, ისტორიული საბუთები შიომღვიმის მონასტრისა და „ძეგლი“ ვაჰანის ქვაბთა, ტფ., 1896;
- მისივე, ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, წგ.2, ტფ., 1897 (ნაწყვეტი);
- ვაჰანის ქვაბთა განგება (XIII ს.), გამოსცა ლ. მუსხელიშვილმა, ტფ., 1939; ქართული სამართლის ძეგლები, ტ. 3, ი. დოლიძის გამოც., თბ., 1970.
ლიტერატურა
- ჯავახიშვილი ივ, ქართული სამართლის ისტორია. – თხზ,
- ტ. 6, თბ., 1982;
- ტალახაძე ი. „ვაჰანის ქვაბთა განგების“ ხელნაწერი (აღწერილობა, შესწავლის ისტორია, დათარიღება). – «მესხეთი (საისტორიო კრებული)», I, თბილისი–ახალციხე, 1999.