ველარული თანხმოვნები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ველარული თანხმოვნები − რბილსასისმიერი, უკანაენისმიერი თანხმოვნები, რომელთა წარმოთქმისას ენის უკანა ნაწილი (უკანა ენა) რბილ სასასთან ქმნის საწარმოთქმო ხშვას ან ნაპრალს. ქართულში ასეთებია ხშულ-მსკდომი თანხმოვნები – ქ კ და ნაპრალოვნები – ღ ხ.

თანამედროვე ქართულში შეინიშნება ენისძირისმიერი ყ თანხმოვნის უკანაენისმიერ თანხმოვნად გადაქცევა: იგი აფრიკატული (ხშულ-ნაპრალოვანი) წარმოების ორი ვარიანტით გვხედება – მისთვის საჭირო ხშვა ხორციელდება ან ენისძირის მიბჯენით ხახის ზედა არეში (ფარინგალური თანხმოვნები), ან უკანაენის მიბჯენით რბილ სასასთან ნაქის არეში. ამის შედეგად შეიძლება გამოვყოთ უკანაენისმიერ გრძლივ (ნაპრალოვან) თანხმოვანთა სამეული ღ ხ ყ (ზ. ჯაფარიძე).

ფუნქციური (თანხმოვნურ კომბინაციებში მონაწილეობის) თვალსაზრისითაც ყ უკანაენისმიერი ღ, ხ თანხმოვნების გვერდით დგას და მათთან ერთად ქმნის ერთ დისტრიბუციულ კლასს (გ. ახვლედიანი, თ. უთურგაიძე, ზ. ჯაფარიძე, ი. ქობალავა და სხვ.). ეს ფაქტი სავსებით ბუნებრივი ჩანს, თუ გავითვალისწინებთ ყ-ს ფონეტიკურ ბუნებას.

ყ-ს წარმოების თავისებურებებს ადრევე მიექცა ყურადღება. თავდაპირველად ყ ხასიათდებოდა როგორც ფარინგალური აბრუპტიული ხშული (გ. ახვლედიანი). ლარინგოლოგ ა. ჩარგეიშვილის ექსპერიმენტულმა გამოკვლევამ ცხადი გახადა, რომ ყ არ არის წმინდა მეყსეული (ხშულ-მსკდომი) ბგერა. მისი მეტ-ნაკლებად გაგრძელებული წარმოთქმის შესაძლებლობა მოწმობს ამ ბგერის არტიკულაციის დროს ნაპრალის არსებობას. ნაპრალი წარმოიქმნება ხახის (ფარინგის) უკანა კედელზე გვერდითი კედლების, ზონრების მიახლოებისას. ამიტომ ენისძირისმიერი ხშვისას ამ ადგილას უმნიშვნელო ნაპრალი მაინც ჩნდება (მსგავსი მოსაზრება უფრო ადრეც იყო გამოთქმული ს. ჟღენტის მიერ ფშვინვიერი ჴ და მჟღერი ფარინგალური ჹ-ს მიმართ). მოსაზრება ფარინგალურ თანხმოვანთა და მათ შორის ყ-ს არახშულობის შესახებ გაიზიარა გ. ახვლედიანმაც და მათ სპირანტოიდები უწოდა ამით ავტორს უნდოდა გამოეკვეთა ის განსხვავება აღნიშნულ ბგერებსა და აფრიკატებს შორის, რომლებიც აგრეთვე შეიცაეენ სპირანტულ ელემენტს ხშვის შემდეგ. მაგრამ მან შეუძლებლად ჩათვალა ყ-ს (აგრეთვე ჹ-, ჴ-ს) მიჩნევა პოსტველარულად, რამდენადაც ამ ტერმინით აქტიურ ორგანოდ ნაგულისხმევია უკანა ენა და არა ენისძირი, ამ მოსაზრებისგან განსხვავებით, ფონეტიკურ და ფონოლოგიურ მახასიათებლებზე დაყრდნობით, ღ ხ-ს რიგის ყ-ც უკანაენისმიერ ნაპრალოვნად მიიჩნია თ. უთურგაიძემ.

ამ უკანასკნელ პერიოდში ყ-ს (და აგრეთვე ჴ-ს) წარმოების რაგვარობისა და ადგილის საკითხს სპეციალური გამოკვლევა მიუძღვნა თ. გამყრელიძემ. მისი აზრით, ფიზიოლოგიურად ქართული ყ – მკვეთრი სპირანტი არსებითად იმავე „ველარულ ზონაში“ იწარმოება, სადაც არამკვეთრი (მჟღერი) ღ და არამკვეთრი (ყრუ) ხ სპირანტები, რაც აშკარად შეიგრძნობა კინესთეტიკურად და დადასტურებულ იქნა ექსპერიმენტულადაც. ყ-ს განხილვა როგორც „მკვეთრი ველარული“ სპირანტისა გამართლებული ჩანს ფუნქციურ-დისტრიბუციული და დიაქრონული გარდაქმნების თვალსაზრისითაც. ამ მხრივ განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ჰარმონიულ კომპლექსთა B სისტემა. მასში შემავალი კომპლექსები წარმოადგენენ ანტერიორული ხშულებისა და აფრიკატების კომბინაციებს ჰომოგენურ ველარულ სპირანტებთან, რომლებთანაც მკვეთრი ყ ფუნქციურად იმავე როლს ასრულებს, რასაც შესაბამისად მჟღერი ღ და ყრუ ხ სპირანტები:

ბღ – ფხ – პყ
დღ – თხ – ტყ
ძღ – ცხ – წყ
ჯღ – ჩხ – ჭყ

აღსანიშნავია, რომ ყ-ს ეს ფუნქცია მას შემდეგ კი არ მიუღია, რაც მოიშალა ჴ–ყ ოპოზიცია და ყ ველარულ სპირანტთა (ღ–ხ) რიგს მიეკედლა, არამედ ეს ჯერ კიდევ უძველესი ხანის ქართულში ივარაუდება და, შესაძლებელია, საერთო-ქართველურშიც.

ამ და, აგრეთვე, დიაქრონიულ გარდაქმნათა მონაცემების საფუძველზე კეთდება დასკვნა, რომლის თანახმად, თანხმოვანი ყ საბოლოოდ შეიძლება დახასიათდეს როგორც ველარული მკვეთრი (გლოტალისებული) სპირანტი და მოთავსდეს ცხრილში მჟღერი ველარული ღ და ყრუ (ფშვინვიერი) ველარული ხ სპირანტების გვერდით ნაპრალოვანთა ღ ხ ყ სამეულის საწარმოებლად.

ზ. ჯაფარიძე
ი. ქობალავა


ლიტერატურა

  • ჟღენტი ს. მჟღერი ხშული ფარინგალის საკითხისათვის სვანურში (1946). – იხ. მისი: სვანური ენის ფონეტიკის ძირითადი საკითხები. (ექსპერიმენტული გამოკვლევა), თბ., 1949;
  • ჩარგეიშვილი ა. ქართული „ყ“ და „ჴ“ თანხმოვნების ბიომექანიკის საკითხისათვის. –
  • „სმამ“, I946, ტ. 7, №8;
  • ახვლედიანი გ. ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები, თბ., I949;
  • უთურგაიძე თ. ქართული ენის ფონემატური სტრუქტურა, თბ., 1976;
  • გამყრელიძე თ. თანხმოვანთა „განდასება“ ქართულში (ჴ/գ და ყ/գ ფონემათა სტატუსისათვის ქართულსა და კავკასიურში). –იხ, მისი: რჩეული ქართველოლოგიური შრომები, თბ., 2000

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები