ვერტეპი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვერტეპის თოჯინები უკრაინის თეატრის, მუსიკისა და კინოხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ექსპოზიციიდან. ცენტრში მე-18 საუკუნის ფაიფურის თოჯინის ორიგინალი.

ვერტეპი – უკრაინული ხალხური თოჯინების თეატრი. გავრცელებული იყო XVIII – XIX საუკუნეებში. ჩამოჰგავდა რუსულ „პეტრუშკას თეატრს“და ბელორუსულ ბატლეიკას თეატრს, პოპულარობით სარგებლობდა ხალხში.

ვერტეპი წარმოადგენდა დაახლოებით ორი მეტრი სიმაღლისა და ერთი მეტრი სიგანის, სახლისმაგვარ ხის ყუთს. ეს ყუთი („სკრინკა“) ორიარუსიანი იყო, იარუსების იატაკს ჰქონდა ნახვრეტები. თოჯინები მაგრდებოდა მავთულზე, რომელიც ბოლოვდებოდა პატარა ხის ნაწილით. ვერტეპის მსახიობი ამ ყუთის უკან იდგა და ისე ამოძრავებდა თოჯინებს ხვრეტილებში. ტექსტის კითხვის დროს იგი ხმას იცვლიდა პერსონაჟების შესატყვისად. სპექტაკლი მიმდინარეობდა მუსიკის თანხლებით და ეფუძნებოდა ხალხურ მოტივებს.

წარმოდგენა დაყოფილი იყო ორ ნაწილად: კანონიკური ანუ რელიგიური (თამაშდებოდა ზედა იარუსზე) და საყოფაცხოვრებო (თამაშდებოდა ქვედა იარუსზე). მეორე ნაწილი მოიცავდა სიუჟეტით დაკავშირებულ ინტერმედიებს ყოფით-კომიკური სცენები აღსავსე იყო მახვილი იუმორით, ხალხური სატირით, ანდაზებით, ანეკდოტებითა და ცეკვებით. პერსონაჟები იყვნენ: გლეხი, ჰუსარი, ვაჭარი, მღვდელი, მათხოვარი და ა.შ., რომელთა სათავეში იდგა ზაპოროჟიელი, თავისუფლებისმოყვარე უკრაინელი ხალხის სიმბოლო. წარმოდგენების სიუჟეტური სქემა ძირითადად უცვლელი რჩებოდა, ინტერმედიული ნაწილი კი ივსებოდა ახალი სცენებით და სულ უფრო ავიწროებდა საეკლესიო საგალობლებს. გვიანდელ დადგმებში თოჯინები შეიცვალა ცოცხალი შესრულებით.

ვერტეპის წარმოდგენებმა ნიადაგი შეუმზადეს უკრაინულ კომედიას. XIX საუკუნის ბოლოს ვერტეპი ქრება, რაც გაპირობებული იყო პროფესიული თეატრის ჩამოყალიბებით.

წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები