ვილსონი ჩარლზ
ჩარლზ ტომსონ რის ვილსონი – (ინგლ. Charles Thomson Rees Wilson, 1869 - 1959), შოტლანდიელი ფიზიკოსი.
1927 წელს ვილსონი ნობელის პრემიით დაჯილდოვდა ფიზიკის დარგში ელემენტარული ნაწილაკების მოძრაობის ტრაექტორიაზე დაკვირვების შესასწავლი კამერის გამოგონებასთან დაკავშირებით, რომელსაც შემდგომში მისი სახელი ეწოდა რეზერფორდმა ვილსონის კამერას უწოდა „ყველაზე ორიგინალური და საოცარი ხელსაწყო მეცნიერების ისტორიაში.“ სხვა მეცნიერები მას „ბირთვული ფიზიკის მოსამართლეს“ ეძახდნენ.
ყველაფერი 1895 წელს დაიწყო, როდესაც ვილსონი ორთქლის კონდენსაციის გამოკვლევას შეუდგა. მან აღმოაჩინა საინტერესო მოვლენა, კერძოდ ის, რომ გაზის გაფართოებისას იონებზე წარმოიქმნება სითხის წვეთები. ამ მოვლენაზე დასაკვირვებლად ვილსონმა ააგო სპეციალური კამერა მოძრავი დგუშით, რომელიც ავსებული იყო გაზით და გაჯერებული წყლის ორთქლით. ცდის დროს შეამჩნია, რომ კამერაზე X - სხივების მოქმედებით კონდენსაცია შესამჩნევად ძლიერდება. გაზის სწრაფი გაფართოება იწვევს ტემპერატურის დაწევას, რის გამოც სითხის ორთქლი კონდენსირებას იწყებს. თუ ამ დროს კამერაში გაირბენს დამუხტული ნაწილაკი, იონებზე დამუხტული ნაწილაკის კვალზე წარმოიქმნება უმცირესი წვეთები. კამერის შემდგომი გამოკვლევითა და გაუმჯობესებით შესაძლებელი გახდა ალფა-ნაწილაკებისა და ელექტრონების ტრაექტორიების ფოტოგრაფირება.
ვილსონის მიერ მოცემული ალფა-ნაწილაკებისა და ელექტრონების გამოკვლევის მეთოდი დიდ მიღწევას წარმოადგენდა თანამედროვე ფიზიკისათვის.
ჩარლზ ტომსონ რის ვილსონი დაიბადა 1869 წლის 14 თებერვალს, ედინბურგის მახლობლად. სკოლის დამთავრების შემდეგ უნდოდა ექიმი გამხდარიყო, ამიტომ ბიოლოგიის შესწავლა დაიწყო ოუენს კოლეჯში. კოლეჯში ისმენდა ფიზიკის ლექციებს და დაინტერესდა მეცნიერების ამ დარგით.
სტიპენდიის მიღების შემდეგ გადავიდა კემბრიჯის სიდნეი სუსსექს-კოლეჯში, სადაც უპირატესობას ფიზიკას ანიჭებდა. კოლეჯის დამთავრების შემდეგ ერთხანს მასწავლებლად მუშაობდა. 1895 წელს დაიწყო გამოკვლევები წყლის ორთქლის კონდენსაციაში.
1956 წელს უკვე ღრმად მოხუცებულმა დაამთავრა ნაშრომი ატმოსფეროს ელექტრობის თეორიაში. გარდაიცვალა 1959 წელს ედინბურგის მახლობელ სოფელში, სადაც თავისი ცხოვრების უკანასკნელი წლები გაატარა.