ვინიპლასტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვინიპლასტი

ვინიპლასტი – (არაპლასტიფიცირებული პოლივინილქლორიდი) გაუმჭვირი ხისტი თერმოპლასტიკური მასა, მიღებული პოლივინილქლორიდისა და პერქლორვინილის საფუძველზე. მასში შედის აგრეთვე თერმო- და შუქსტაბილიზატორი, ანტიოქსიდანტები (ნივთიერებები, რომლებიც ხელს უშლიან მასალის რღვევას ექსპლუატაციისა და გადამუშავების დროს), საპოხი მასალები (რომლებიც ამსუბუქებენ დამუშავებისა და გადამუშავების პროცესს), პიგმენტები (ფერადი ნაკეთობების მისაღებად). არ შედის პლასტიფიკატორი. ვინიპლასტი უწვადი მასალაა, არ აქვს სუნი, კარგად ექვემდებარება მექანიკურ დამუშავებას, შედუღებას, შეწებებას, მედეგია მჟავებისა და ტუტეების მიმართ, მაგრამ არამედეგია არომატული და დაქლორილი ნახშირწყალბადებისადმი. შესანიშნავად ეკვრის ხის, ლითონისა და ბეტონის ზედაპირებს. (სიმკვრივე – 1380-1400 კგ/მ3; დრეკადობის მოდული – 3000-4000 მპა; სიმაგრე ბრინელის მიხედვით – 13-16 მპა; ყინვამედეგობა – –15°C; ფარდობითი წაგრძელება გაგლეჯაზე – 17%; დენადობის ზღვარი გაჭიმვაზე 59,0 – მპა; დარბილების ტემპერატურა – 86°C).

ფურცლოვანი ვინიპლასტი

ვინიპლასტი შეიძლება იყოს გამჭვირვალეც და გაუმჭვირი, რეზინივით მოქნილი და ამავე დროს მყარიც. მისი სიმაგრე დამოკიდებულია პლასტიფიკატორის დანამატის რაოდენობაზე. იგი მცირე სიმკვრივით, კარგი ელასტიკურობით, მაღალი სიმტკიცითა და ქიმიურად აგრესიული გარემოს მიმართ მედეგობით ხასიათდება. გამოშვებული ფურცლოვანი ვინიპლასტის გეომეტრიული ზომები – სიგრძე 1300 მმ, სიგანე 500 მმ, სისქე 1,0 მმ-დან 20 მმ-მდე (0,5 მმ-ის გრადაციით).

ხისტი ვინიპლასტი

ხისტი ვინიპლასტი ყველაზე გავრცელებული და იაფი საშენი მასალაა. მიიღება თერმოპლასტიკური პოლივინილქლორიდის ფისის საფუძველზე, წინასწარ დამზადებულ ფირთა ფენების შეწებებისა და დაწნეხის შედეგად.

ვინიპლასტი ცუდად იწვის, მაგრამ 75°C ტემპერატურაზე იწყებს დარბილებას, გახურებისას კი იშლება. მისი გადამუშავებისათვის იყენებენ ექსტრუზიის (პოლიმერული მასალების ექსტრუდერში გადამუშავების ტექნოლოგიური პროცესი), პნევმოფორმირების (ბოთლების დასამზადებლად), ვაკუუმ-ფორმირების, წნევით ჩამოსხმის, კალანდვრის, ქსოვილზე ზედაპირული დატანის (გამოიყენება პნევმატიკურ და ტენტოვან კონსტრუქციებში) და ცენტრიდანული ჩამოსხმის მეთოდებს. იგი გამოყენებას პოულობს აფუებულ მდგომარეობაშიც (ქაფპლასტი). ვინიპლასტი შემდგომი ქლორირებით იძენს ამაღლებული თბომედეგობის თვისებას და ამიტომ შესაძლებელია მისგან ცხელი წყლის მილების დამზადებაც.

ვინიპლასტის საკანალიზაციო მილები

ვინიპლასტი გამოიყენება მილგაყვანილობის ჭურჭლის, ფურცლების, პროფილების, იატაკისა და კედლების მოსაპირკეთებელი ფილების დასამზადებლად. მშენებლობისათვის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს ფურცლოვანი ვინიპლასტი, რომელიც ქიმიურად მდგრადი პოლიმერული მასალაა. გამოყენების ფართო არე აქვს ხისტ ვინიპლასტსაც – თვითმზიდი პანელები, წყალშემკრები მილები და ღარები, სანტექნიკური მოწყობილობები, იატაკის საფარი, კედლების მოპირკეთება და სხვ. მისგან ამზადებენ შველერებს, კუთხედებს, კიბის საფეხურების ზედაფენებს, კიბის მოაჯირისა და ელექტროკაბელების გარსაცმებს. ხშირად იყენებენ როგორც ანტიკოროზიულ მასალასაც, რადგანაც კარგად ეწინააღმდეგება სხვადასხვა მჟავების, ტუტეების, მარილების ხსნარების ზემოქმედებას. დასავლეთის ბევრ ქვეყანაში (აშშ, კანადა, ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი, შვედეთი) ხისტი ვინიპლასტისგან დაწნეხით ამზადებენ საფანჯრე ბლოკებს მოქნილი შემამჭიდროებელი თამასებითურთ.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ვინიპლასტის გამოყენება თანამედროვე მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების პროფილების დამზადებისას. დიდი პერსპექტივები აქვს, აგრეთვე, ლითონის ბადეებით დაარმირებული ვინიპლასტის სამშენებლო კონსტრუქციების დანერგვას თანამედროვე მშენებლობაში.

წყარო

კომპოზიტური კონსტრუქციები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები