პოლივინილქლორიდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Polivinilqloridis sakanalizaciomili.PNG

პოლივინილქლორიდი – თეთრი ფერის თერმოპლასტიკური სინთეზური პლასტმასი, რომელიც მიიღება ვინილქლორიდის სუსპენზიური ან ემულსიური პოლიმერიზაციით [ქიმიური ფორმულა (C2H3CL)n]; სიმკვრივე – 1350-1430 კგ/მ3;
დარბილების ტემპერატურა – 75-80°C;
დნობის ტემპერატურა – 150-220°C;
სიმტკიცის ზღვარი გაჭიმვაზე – 40-50 მპა,
ღუნვაზე – 80-120 მპა).
მედეგია წყლის, მჟავების, ტუტეების, გახსნილი მარილების, ბენზინის, ნავთის, ქონის, სპირტების მიმართ. არის კარგი დიელექტრიკული მასალა.

იწარმოება ნავთობის პროდუქტ ეთილენისა (57%) და ქლორისგან (43%), რომელთა შერევით მიიღება ორქლორიანი ეთილენი, მისგან კი – პოლივინილქლორიდის (პვქ) საწარმოებელი ბაზური ელემენტი – ვინილქლორიდის მონომერი. შემდეგ ეტაპზე ნივთიერებისათვის სხვადასხვა თვისებების მისაცემად აძლევენ დანამატებს.

მრეწველობაში პვქ-ს პოლიმერიზაციისათვის გამოიყენება სუსპენზიის, ბლოკური (პოლიმერიზაცია მასაში) და ემულსიის მეთოდები, ხოლო ნაკეთობების მასობრივი წარმოებისათვის – ვალცვის, ექსტრუზიისა და დაწნეხის მეთოდები.

პოლივინილქლორიდი არსებობს ორი სახის: პლასტიფიცირებული და არაპლასტიფიცირებული. გარეგნულად წარმოადგენს თეთრი ფერის ფხვნილს გემოსა და სუნის გარეშე. არ იხსნება წყალში, მდგრადია მჟავების, ტუტეების, სპირტების, მინერალური ზეთების მიმართ, იჯირჯვება და იხსნება კეტონებში, ეთერებში, ქლორირებულ და არომატულ ნახშირწყალბადებში, არ იჟანგება და პრაქტიკულად უწვადი მასალაა. ხანგრძლივი ექსპლუატაციის მაქსიმალური ტემპერატურაა 60°C, ხოლო მინიმალური – –60°C. აქვს მაღალი სიმტკიცე და სიხისტე.

ამჟამად პვქ-ს ძირითადად იყენებენ წყლის, გაზისა და საკანალიზაციო მილების, კარ-ფანჯრების, ვიტრინების, ვიტრაჟების, შეკიდებული ჭერების, ფურცლების, პიროტექნიკის, ხელთათმანების, მაცივრის კარის მამჭიდროებლის, ლინოლეუმის, ხელოვნური ტყავის, პვქ-ს ბოჭკოს, სამზარეულოს ჭურჭლის, საყოფაცხოვრებო ნივთების, სკეიბორდის ბორბლებისა და გორგოლაჭების გარსაცმის დასამზადებლად, მავთულებისა და კაბელების ელექტროსაიზოლაციოდ, ავეჯის წარმოებაში და სხვ.

ძირითადი პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია პოლივინილქლორიდის გამოყენებასთან, უტილიზაციაა – დაწვისას გამოიყოფა მაღალტოქსიკური ორგანული ქლორის შენაერთი (დიოქსინი), რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისათვის საზიანოა. პოლივინილქლორიდის სინონიმებია: პვქ, პოლიქლორვინილი, ვინილი, ვესტოლიტი, ხოსტალიტი, ვინოლი, კორვიკი, სიკრონი, დჟეონი, ნიპეონი, სუმილიტი, ლუკოვილი, ხელვიკი, ნორვიკი.


წყარო

კომპოზიტური კონსტრუქციები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები