ქლორი
ქლორი – (ბერძ. khlōros ღია მწვანე), ქიმიური ელემენტი ატომური ნომრით 17. აღინიშნება სიმბოლოთი Cl. ის მოყვითალო-მომწვანო აირია და მიეკუთვნება ჰალოგენებს. სიმკვრივე თხევად მდგომარეობაში (–35°C) – 1557 კგ/მ3, მყარ მდგომარეობაში (–105°C) – 1900 კგ/მ3.
მისი უმთავრესი ბუნებრივი ნაერთია ნატრიუმქლორიდი (NaCl) – სუფრის მარილი, რომლის შემცველობა ზღვებსა და ოკეანეებში დაახლოებით 3%-ია. ის აგრეთვე დიდი რაოდენობითაა ზოგიერთ ტბასა და წყაროში. მოიპოვება ქვამარილის სახით. გვხვდება მინერალების: გალიტის (NaCl), სილვინის (KCl), სილვინიტის (KCl•NaCl), კარნალიტის (KCl•MgCl2•6H2O) სახით. ადამიანის სხეულში ქლორის რაოდენობა უდის 0,25%-ს მასით.
ქლორი ტოქსიკური აირია. აღიზიანებს სასუნთქ სისტემას. ძლიერი დამჟანგველია. ქლორი ქიმიური მრეწველობის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია. გამოყენება საღებავების, სამკურნალო პრეპარატების, მომწამლავი ნივთიერებების, მათეთრებელი კირის მისაღებად. თავისუფალი ქლორის მცირე მინარევი საკმარისია დაავადებათა გამომწვევი მიკრობების მოსასპობად. ამ მიზნით წყალსადენში გაშვების წინ წყალს ქლორავენ (მასში ხსნიან მცირე რაოდენობით ქლორს). ამ დროს წყალში არსებული ყველა ბაქტერია იღუპება. დაქლორილ წყალში წარმოქმნილი მცირეოდენი მარილმჟავა სრულიად უვნებელია.
ქლორი გამოიყენება მრავალი ნაერთის მისაღებად. მრეწველობაში ქლორს იყენებენ, როგორც მათეთრებელს ქსოვილებისა და ქაღალდის გასათეთრებლად. ქლორი დიდი რაოდენობით იხარჯება მარილმჟავასა და ქლორის შემცველი სხვა ქიმიური ნაერთების წარმოებაში. ქლორი უმნიშვნელოვანესი ნაერთია ქლორწყალბადი HCl (მარილმჟავა), რომელიც გამოიყენება წყალბადის, ქლორის, ნახშირმჟავას მისაღებად, კვების მრეწველობაში, ლითონთა რჩილვისათვის, ორგანულ ნივთიერებათა, ქსოვილების, საღებავების, ძმარჟავასა და სხვათა წარმოებაში.