ვისკი
ვისკი – მაგარი სპირტიანი სასმელია, რომელიც დამზადებულია ნატურალური მარცვლეულის, წყლისა და საფუვრისაგან, მუხის ან ალუბლის კასრებში დაძველებით.
ვისკის არომატის პალიტრამ დიდი პოპულარობა მოიპოვა მთელ რიგ ქვეყნებში და შექმნა უამრავი ეროვნული ვარიაციები, როგორიცაა ამერიკული ბურბონი, კანადური ვისკი, იაპონური და ავსტრალიური ნიმუშები. ვისკი სხვადასხვა სახისაა, კერძოდ:
შოტლანდიური ვისკი;
ირლანდიური ვისკი;
ამერიკული ვისკი; კანადური ვისკი.
სარჩევი[დამალვა] |
შოტლანდიური ვისკი
შოტლანდიურ ვისკს ამზადებენ ქერისგან და ეწოდება „სკოჩი“. არსებობს სკოჩის სამი სახეობა: blend, pure malt და single malt.
კლასიკური შოტლანდიური ვისკი არის single malt, რაც „ერთალოიან ვისკს“ ნიშნავს. ასეთი ვისკი ატარებს იმ ქარხნის სახელს, სადაც იგი იწარმოება. pure malt ანუ წმინდა ალაოს ვისკი, თავის მხრივ, წარმოადგენს სხვადასხვა ხარისხის single malt-ის ნაზავს, რომლებიც ასევე სხვადასხვა ქარხნებში შეიძლება იყოს გამოხდილი. Blend — შერეული ვისკია, რომელიც მიიღება 15-დან 40-მდე სხვადასხვა სახეობის single malt და 2-3 სახეობის მარცვლეულისგან მიღებული ვისკის შერევით.
ირლანდიური ვისკი
ირლანდიური ვისკი განსხვავდება შოტლანდიურისაგან არა მარტო წარმოების ტექნოლოგიური პროცესით, არამედ სიტყვის მართლწერით. სიტყვა ვისკი აქ იწერება Whiskey და არა Whisky. მას ამზადებენ ქერის, ხორბლის, შვრიისა ჭვავისაგან. იგი კასრში უნდა დაძველდეს არანაკლებ 3 წელი, რომელშიც წინათ მოთავსებული იყო ბურბონი ან ხერესი. უფრო ხშირად დაყოვნება გრძელდება 5-დან 12 წლამდე. ირლანდიური ვისკის ძირითადი თვისებაა მასში ტორფის გემოს არარსებობა. განასხვავებენ ირლანდიური ვისკის შემდეგ სახესხვაობებს:
pot still – ტრადიციული ირლანდიური ვისკი, რომელიც მზადდება დაალებული და არადაალებული ქერისაგან, ჭვავის და შვრიის დამატებით;
grain – ვისკი მზადდება სიმინდისა და ქერისაგან დაალებული ქერის დამატებით;
single malt – დაალებული ქერის ვისკი, რომელიც წარმოებულია ერთსახდელ ქარხანაში;
pure mail – სხვადასხვა single malt, ნაზავი, რომელიც წარმოებულია სხვადასხვა ღვინის სახდელ ქარხანაში;
blend – სხვადასხვა ჯიშის ალაოს და მარცვლეული ვისკის ნარევი.
ცნობილი საექსპორტო ირლანდიური ვისკებია: Jameson Irish Whiskey, Old Bushmills, Paddy, Tul- lamore Dew, Power.
ამერიკული ვისკი
ამერიკული ვისკი გაჩნდა ამერიკაში შოტლანდიელებისა და ირლანდიელების ემიგრაციის შემდეგ. ამერიკული ვისკი იწერება იმავენაირად, როგორც ირლანდიური. ამერიკული ვისკის წარმოებისას გამოიყენება მოხარშული სიმინდი და ჭვავი. ვისკის დაძველებას ახდენენ „დანახშირებულ“ კასრებში, რის გამოც ვისკის აქვს მოტკბო გემო და ოქროსფერი შეფერილობა.
ამერიკული ვისკი იყოფა შემდეგ სახეებად:
Straight Whiskey – მზადდება მარცვლეულისგან მიღებული დადუღებული ტკბილის გამოხდით, რომელიც შეიძლება გაზავდეს წყლით და აუცილებლად უნდა გაიაროს ორწლიანი დაყოვნების პროცესი. იწარმოება მხოლოდ ერთ ღვინის ქარხანაში და არსებობს რამდენიმე სახის:
- 1. Bourbon – ყველაზე ცნობილი და ძველი ამერიკული ვისკი. მიიღება მარცვლეულისაგან, რომლის 51% სიმინდია;
- 2. Rye whiskey – იწარმოება მარცვლეულისგან მიღებული ტკბილის გამოხდით, რომელიც 51%-მდე ჭვავს შეიცავს;
- 3. Corn whiskey – ძირითადად, დამზადებულია სიმინდისაგან (80%) და უპირატესად ადგილობრივი მოხმარებისათვის გამოიყენება;
- 4. Wheat whiskey – მზადდება მარცვლეულისაგან, რომლის 51%-ს შეადგენს ხორბალი.
გარდა ამ სახეობისა, არსებობს ამერიკული ვისკის სხვა სახეობებიც: Blended Whiskey, Light Whiskey, Sour Mash Whiskey, Sweet Mash Whiskey, Tennessee Whiskey, Bottled-in-Bond Whiskey. საუკეთესო ხარისხის ამერიკული ვისკი მზადდება ტენესისა და კენტუკის შტატებში.
კანადური ვისკი
კანადური ვისკის წარმოება, ამერიკაში მშრალი კანონის შემოღების დროს, 100-ჯერ გაიზარდა. ვისკის ხარისხის კლების მიხედვით კანადური ვისკი კლასიფიცირდება A-დან E-მდე. კანადური ვისკის ყველაზე პოპულარული მარკებია Seagram s VO, Crown Royal, Canadian Club, Canadian Mist.