მოცარტი ვოლფგანგ ამადეუს

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი – (27. I. 1756, ზალცბურგი, – 5. XII. 1791, ვენა), ავსტრიელი კომპოზიტორი. დაიბადა კომპოზიტორ ლეოპოლდ მოცარტის ოჯახში. ბავშვობიდანვე გამოამჟღავნა ფენომენალური მუსიკალური ნიჭი. სხვადასხვა საკრავზე დაკვრასა და კომპოზიციის საფუძვლებს დაეუფლა მამის ხელმძღვანელობით. 6 წლისამ დაწერა პირველი ნაწარმოები (11 წლისამ ოპერა). 7 წლის მოცარტი საგასტროლოდ იყო ევროპის ქვეყნებში. 1769-77 მსახურობდა კონცერტმაისტერად, 1779- 81 ორგანისტად ზალცბურგის არქიეპისკოპოსის კარზე. 1769-74 3-ჯერ იმოგზაურა იტალიაში. 1770 მ. აირჩიეს ბოლონიის მუსიკის აკადემიის წევრად. კომპოზიციის გაკვეთილებს აქ იღებდა პადრე მარტინისთან.

1781 დასახლდა ვენაში. ამ პერიოდს ეკუთვნის მოცარტის ყველაზე განთქმული ნაწარმოებები: ოპერები „მოტაცება სერალიდან“ (1782), „ფიგაროს ქორწინება“ (1786), „დონ ჯოვანი“ (1787), „ჯადოსნური ფლეიტა“ (1791), „ასე იქცევა ყველა ქალი“ (1790), „ტიტუსის ლმობიერება“ (1791), 7 უკანასკნელი სიმფონია, „რეკვიემი“ (დაამთავრა მისმა მოწაფემ ფ. ზიუსმაირმა 1791), 1787-იდან მოცარტი იოზეფ II-ის კარის მუსიკოსი იყო.

ძალზე მრავალფეროვანია მისი მუსიკის ეროვნულ-კულტურული და სტილისტური ძირები. მოცარტის შემოქმედებაში შერწყმული და განზოგადებულია ავსტრიულ-გერმანული, იტალიური და ფრანგული მუსიკალური კულტურა. იგი ვენის კლასიკური სკოლის წარმომადგენელია. მოცარტმა უდიდესი გავლენა მოახდინა შემდგომი ეპოქის მუსიკალური სტილსა და კომპოზიტორთა შემოქმედებაზე. მოცარტის მუსიკაში კლასიციზმის რაციონალისტური ესთეტიკური პრინციპები შერწყმულია სენტიმენტალიზმისა და „ქარიშხლისა და შეტევის“ ეპოქისათვის დამახასიათებელ „გრძნობის კულტთან.“ ზოგიერთ ნაწარმოებში უკვე იგრძნობა რომანტიზმის ელემენტები. მოცარტი ამ მიმართულების ერთ-ერთი წინამორბედია. იგი იყო ნოვატორი ხელოვანი მუსიკალური შემოქმედების ყველა ჟანრში. მისი ოპერები გვაოცებენ დრამატურგიული და მხატვრული მთლიანობითა და სრულყოფილებით (თანამედროვეებმა მას „მუსიკის შექსპირი“ უწოდეს).

მოცარტის უდიდეს მიღწევად საოპერო ჟანრში მიჩნეულია „ფიგაროს ქორწინება“, „დონ ჯოვანი“ და „ჯადოსნური ფლეიტა“. „ფიგაროს ქორწინება“ რეალისტური ოპერა-კომედიის ბრწყინვალე ნიმუშია. „დონ ჯოვანი“ – მსოფლიო საოპერო მუსიკის შედევრი, მოცარტის რეალისტური საოპერო დრამატურგიის მწვერვალია (საგულისხმოა ოპერის ქვესათაური – „მხიარული დრამა”), მასში შერწყმულია მუსიკალური ტრაგედიისა და მუსიკალური კომედიის ნიშნები. მოცარტი უდიდეს ოსტატობას ამჟღავნებს უწყვეტი მუსიკალურ-სცენური მოქმედებისა და გმირთა მუსიკსლური პორტრეტების შექმნაში. „ჯადოსნური ფლეიტა“ წარმოადგენს ზინგშპილ-ზღაპარს. იგი მოცარტის ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ქმნილებაა და გზას უკაფავს გერმანანულ რომანტიკულ ოპერას.

არანაკლებ მნიშვნელოვანია მოცარტის სიმფონიური შემოქმედება, რომლის მწვერვალად ითვლება 3 სიმფონია (1788): მი ბემოლ მაჟორი (№ 39), სოლ მინორი (№ 40), რომელიც ლირიკულ დრამატული სიმფონიის პირველი ნიმუში, რომანტიკული სიმფონიზმის წინამორბედია და მოცარტის ყველაზე მონუმენტური სიმფონია დო მაჟორი (შემდგომში ეწოდა „იუპიტერი“ № 41), რომელმაც გზა გაუკაფა ბეთჰოვენის გმირულ სიმფონიზმს. მოცარტმა შექმნა საკრავიერი კონცერტის კლასიკური ფორმა. განსაკუთრებით პოპულარულია მისი საფორტეპიანო კონცერტები (27), მოცარტმა დაწერა თითო კონცერტი 2 და 3 ფორტეპიანოსათვის ორკესტრთან ერთად, 5 კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის და რამდენიმე კონცერტი სასულე საკრავებისათვის. სიმფონიურ მუსიკასთან ახლოს დგას მოცარტის კამერულ-საკრავიერი ანსამბლები: 7 სიმებიანი კვინტეტი, 23 სიმებიანი კვარტეტი და სხვ. დიდი მხატვრული ღირსებით გამოირჩევა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაწარმოები სიმებიანი ორკესტრისათვის „ღამის პატარა სერენადა“ (1787).

მოცარტი ავტორია კამერული სიმღერის კლასიკური ნიმუშებისა (30 სიმღერა, მათ შორის გოეთეს ტექსტზე დაწერილი „ია,“ „გაზაფხულის მონატრება“ და სხვ.). მოცარტისის მრავალრიცხოვან სასულიერო ნაწარმოებს შორის გამოირჩევა მისი გედის სიმღერა − გენიალური „რეკვიემი“ (1791). მოცარტი ყველა დროისა და ხალხის ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორია.

მოცარტის ნაწარმოებების (ოპერების, სიმფონიების, კონცერტების და სხვ.) შესრულებას საქართველოში ხანგრძლივი და მდიდარი ტრადიციები აქვს.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები