სენტიმენტალიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სენტიმენტალიზმი – (ფრანგ. sentiment – გრძნობა), მე-18 საუკუნის II ნახ. მიმართულება ევროპულ ხელოვნებაში. სენტიმენტალიზმი განვითარდა როგორც გვიანი განმანათლებლობის ერთ-ერთი მიმდინარეობა, რომელიც გამოხატავდა ყველაზე დემოკრატიული მაყურებლის განწყობილებებს. სენტიმენტალიზმის ცენტრალური გმირია ჩვეულებრივი ადამიანი, საყოველთაო უფლებებით და მოვალეობებით, ცხოვრებისეული ვნებებით.

სენტიმენტალიზმი პირველად ჩაისახა ლირიკასა და რომანში, შემდეგ შეაღწია დრამატურგიასა და თეატრში. შედეგად წარმოიშვა ახალი ჟანრები – „ცრემლიანი კომედია“ და „მდაბიური დრამა“.

სენტიმენტალიზმის მიმდევრები უპირისპირდებოდნენ კლასიციზმის ესთეტიკას, რაციონალისტურ კანონებს და ნორმებს, უმაღლეს ფასეულობად აცხადებდნენ გრძნობას და წარმოსახვას. სენტიმენტალიზმმა შესამჩნევად გააფართოვა ადამიანის პირადი ცხოვრების ასახვის საზღვრები, გააღრმავა ფსიქოლოგიური მოტივაცია, შექმნა ჩვეულებრივი ადამიანის კულტი, თეატრში გაამარტივა და ცხოვრებას დაუახლოვა სადადგმო ხერხები.

სენტიმენტალიზმი ჩაისახა ინგლისში, მე-17 საუკუნეში, ბურჟუაზიული რევოლუციის შემდეგ. მიმდინარეობის სახელწოდება წარმოიშვა ლ. სტერნის რომანის სახელწოდებიდან „სენტიმენტალური მოგზაურობა“. ინგლისურ დრამატურგიაში სენტიმენტალიზმის საუკეთესო წარმო-მადგენლები არიან: ჯ. ლილო („ლონდონელი ვაჭარი“, 1731; „საბედისწერო ცნობისმოყვარეობა“, 1736), ე. მური („მოთამაშე“, 1753), რ. კამბერლენდი („იდუმალი ქმარი“, 1783).

სენტიმენტალიზმმა ყველაზე ფართო გავრცელება ჰპოვა საფრანგეთში. მისი ელემენტები გამოვლინდა პ. ლაშოსეს „ცრემლიან კომედიებში“. ფრანგული სენტიმენტალიზმის მამამთავრად აღიარებულია ჟან-ჟაკ რუსო, რომელიც გამოირჩეოდა მისი თანადროული ფრანგული თეატრის კრიტიკით („წერილი მიწერილი დ’ალამბერისადმი სანახაობათა შესახებ“, 1758). იგი დაუღალავად ებრძოდა კლასიცისტურ პირობითობას და მაღალფარდოვნებას, გამოხატავდა აღტაცებას მასიური ხალხური დღესასწაულებისადმი რუსოს თეატრალური თეორია აიტაცა ლ. მერსიემ და შექმნა ტრაქტატი „თეატრის შესახებ, ანუ ახალი გამოცდილება დრამატულ ხელოვნებაში“ (1773), სადაც გაილაშქრა კლასიციზმის წინააღმდეგ და დრამატურგიის მისაბაძ ნიმუშად გამოაცხადა შექსპირის მემკვიდრეობა.

ანალოგიური ტენდენციები აღინიშნებოდა გერმანიაშიც. სენტიმენტალიზმის ნიშნები მკაფიოდ გამოვლინდა „ქარიშხლისა და შეტევის“ დრამატურგიაში. მისი ზეგავლენა აშკარად ეტყობოდა ფ. შილერის და ი.ვ. გოეთეს ადრეულ შემოქმედებას.

სენტიმენტალიზმმა დიდად შეუწყო ხელი სამსახიობო ხელოვნების ფსიქოლოგიზაციას, შეიტანა დინამიკა პერსონაჟის განსახიერების პროცესში, ბუნებრივი და მგზნებარე ინტონაცია შესძინა სცენურ სიტყვას.

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები