კლასიციზმი თეატრალურ ხელოვნებაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კლასიციზმი − (ლათ. classicus – სანიმუშო), მხატვრული სტილი და ესთეტიკური მიმართულება მე-17-18 საუკუნეების ევროპულ ხელოვნებაში. მისი მთავარი ნიშანია ანტიკური ხელოვნების ფორმების და ნიმუშების ესთეტიკურ ეტალონად გამოცხადება.

კლასიციზმის პოეტიკა ჩაისახა გვიანი აღორძინების ხანაში, მაგრამ როგორც მწყობრი მხატვრული სისტემა ჩამოყალიბდა მე-17 საუკუნის საფრანგეთში. კლასიციზმი დაუპირისპირდა პრეციოზულ ლიტერატურასა და ბურლესკს. საბოლოო სისტემურ გამოხატულებას კლასიციზმი ჰპოვებს ნ. ბუალოს ნაშრომში „პოეტური ხელოვნება“ (1674). აგრძელებს რა აღორძინების ხანის ტრადიციებს (სიძველეების თაყვანისცემა, გონების რწმენა, ჰარმონიის და ზომების გაიდეალება), კლასიციზმი ამასთანავე გვევლინება აღორძინების ეპოქის თავისებურ ანტითეზად.

გვაროვნული და ინდივიდუალური, საზოგადოებრივი და პირადი, გონი და გრძნობა, ბუნება და ცივილიზაცია, წარმომდგარი ჰარმონიულ ერთიანობად აღორძინების ეპოქაში, კლასიციზმის ხანაში პოლარიზდება და ხშირად ერთმანეთს უპირისპირდება. მის ესთეტიკას საფუძვლად უდევს რაციონალიზმის პრინციპები, რაც სრულ შესატყვისობაშია კარტეზიანელობის (დეკარტეს) იდეებთან. კლასიციზმის მიმდევრები ხელოვნებას განიხილავენ როგორც ხელოვნურ წარმონაქმნს, კანონების ცოდნით შექმნილს, გონებით ორგანიზებულს, ლოგიკურად აგებულს. მიუხედავად იმისა, რომ კლასიცისტებმა წინ წამოსწიეს ბუნების ბაძვის პრინციპი, ამასთანავე აუცილებელ პირობად დასახეს ანტიკური ხანის პოეტიკის მიერ (მაგ., არისტოტელე, ჰორაციუსი) შემოთავაზებული დრამატული პრინციპების დაცვა.

კლასიციზმის მიხედვით, ხელოვნება მოწოდებულია გააცხადოს სამყაროს იდეალური კანონზომიერება, მიმალული სინამდვილის გარეგნული ქაოსის მიღმა. აქედან გამომდინარე, ყოველივე მარადიული და ზედროული ერთადერთ ესთეტიკურ ფასეულობად იქნა გამოცხადებული. კლასიციზმი ყოველ მოვლენაში ეძებს ფენომენს, მყარ გვარობრივ ნიშნებს (ამით აიხსნება მათი თანადროული პრობლემების დაკავშირება ანტიკურ თქმულებებთან, მითებთან; ხასიათების ტიპიზაციისკენ სწრაფვა, რომელშიც განხორციელებულია სოციალურ თუ სულიერ ძალთა ნება). კლასიკური ხედვა ისწრაფვის ნიმუშისაკენ. ხელოვნება მათთვის ისეთი ასპარეზია, სადაც ყოველივე ინდივიდუალური გარდაიქმნება გვარეობად, დროებითი – მარადიულად, რეალური – იდეალურად, ისტორია – მითად. ასეთი მიდგომა შეიცავდა აღმზრდელობით ფუნქციებსაც, რასაც უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ კლასიცისტები. აღადგენდნენ რა ჰუმანისტურ რწმენას ადამიანის შიდაბუნების ჰარმონიულობისადმი, ისინი ამასთანავე ითხოვდნენ პიროვნების პირადი ინტერესების სრულ შეთანხმებას გონების და ზნეობის კარნახთან. ამ ორი საწყისის ანტაგონიზმი შეადგენდა ტრაგიკული კონფლიქტის საფუძველს ტრაგედიის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლების პ. კორნელის და ჟ. რასინის ნაწარმოებებში.

კლასიციზმმა დრამის უმთავრეს პრინციპად აქცია დროის, ადგილის და მოქმედების ერთიანობა, მკაცრად გამიჯნა ტრაგიკული და კომიკური, დააკანონა სცენური მეტყველების რიტმული ფორმა. კლასიცისტები ხელმძღვანელობდნენ სახელმწიფოებრივი და ნაციონალური მთლიანობის იდეით. საზოგადოების, სახელმწიფოს ინტერესებს ისინი ყველა პიროვნულ ინტერესზე მაღლა აყენებდნენ.

სამსახიობო ხელოვნებაში კლასიციზმის ფორმირება დაკავშირებულია მსახიობ გ. მონდორის და მისი მიმდევრის, ჟ. ფლორიდორის მოღვაწეობასთან. აქტიორულ ხელოვნებაში მათ მიერ კულტივირებული იყო გარეგნული იმპოზანტურობა, დახვეწილობა, რიტორიკულობა.

მე-18 ს. კლასიციზმში დიდი გამოხმაურება ჰპოვა განმანათლებლობის იდეებმა. მსახიობებმა ა. ლეკენმა, ი. კლერონმა, მ. დიუმენალმა გადალახეს სამეფო კარის თეატრებისათვის დამახასიათებელი სალონური მანერულობა და შექმნეს მორალური პათოსით და მოქალაქეობრივი ჟღერადობით აღსავსე მხატვრული სახეები. ფრანგულმა კლასიციზმმა ხელი შეუწყო ამ მიმართულების ეროვნული ფორმების წარმოშობას ევროპის სხვა ქვეყნებში.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები