სცენური მეტყველება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სცენური მეტყველება – დრამატურგიული ნაწარმოების თეატრალური განსახიერების ერთ-ერთი ძირითადი საშუალება. მისი შემწეობით მსახიობს მიაქვს მაყურებლამდე ტექსტში განთავსებული იდეები, ფიქრები, გრძნობები. სცენურ მეტყველებაში დაოსტატებული მსახიობი ხსნის პერსონაჟის სულიერ სამყაროს, გადმოგვცემს გმირის ხასიათის ფსიქოლოგიურ, სოციალურ, ნაციონალურ, ყოფით ნიშნებს. ენის სილამაზე, სახიერება, მუსიკალობა და მეტყველების თავისებურება, რითაც ადამიანები განსხვავდებიან ისტორიული ეპოქის, ერის კუთვნილების, სოციალური წარმომავლობის და პროფესიის მიხედვით, აისახება სცენურ მეტყველებაში რიტმის, მელოდიის, ტემბრის, ინტონაციური შეფერილობის შემწეობით. მათი შეცვლით მსახიობს ძალუძს შეცვალოს როლის ინტერპრეტაცია, შესრულების ემოციური ძალა. სცენური მეტყველების ხერხების და საღებავების შერჩევა დამოკიდებულია შესასრულებელი ნაწარმოების სტილსა და ჟანრზე.

სცენური მეტყველების ტექნიკა არის სამსახიობო ოსტატობის არსებითი ელემენტი და მოითხოვს მჟღერ, მოქნილ, ფართო დიაპაზონის ხმას, სუნთქვის დაყენებას, წარმოთქმის (დიქციის) დახვეწილობას და მკაფიოობას.

სცენური მეტყველების სტილი და ხასიათი იცვლებოდა და ვითარდებოდა თეატრის მთელი ისტორიის მანძილზე. ანტიკური დრამის აგების თავისებურებამ, თეატრალური ნაგებობის არქიტექტურამ, წარმოდგენების საერთო ვითარებამ, რომლებიც თამაშდებოდა ღია ცის ქვეშ, ჩამოაყალიბა ელინური კლასიკური დეკლამაციის კანონები. შემდგოში მოხდა მათი გარდაქმნა, სახეცვლა და განვითარება ევროპულ სცენურ ხელოვნებაში.

სცენური მეტყველების მაღალი კულტურა მე-17-18 საუკუნეების საფრანგეთში დაკავშირებულია დეკლამაციის ხელოვნებასთან. ნორმატიული კლასიცისტური ესთეტიკა შემსრულებლისგან მოითხოვდა გამოზომილ, მკაფიო დეკლამაციას, ლექსად დაწერილი ტრაგედიის ცეზურების და მახვილების განუხრელ დაცვას. მეტყველების მელოდიურობა, ორატორული პათოსი, მჭერმეტყველება ნიშნეულია კლასიცისტური დრამის ყველა გმირისათვის. მსახიობი პერსონაჟის გრძნობებს გამოხატავდა წამღერებული პათეტიკით, ტექსტის რიტმული კითხვით. რომანტიკული თეატრის მსახიობებს სცენური მეტყველების პარტიტურა აგებული ჰქონდათ მოულოდნელ ინტონაციებზე, გრძნობათა ამღელვარებასა და შენელებაზე, ხმის გადასვლაზე პიანოდან ფორტემდე.

მე-19 ს. მე-2 ნახ. ნატურალისტურმა თეატრმა გაილაშქრა რიტორიკული დეკლამაციის, წინასწარ ჩაფიქრებული აქცენტების, წარმოთქმის მელოდიურობის წინააღმდეგ, მსახიობისგან მოითხოვა ემეტყველა პერსონაჟის ხასიათის, ზნეობის, სოციალური წარმომავლობის, ფსიქოტიპის მიხედვით. „იმეტყველო – ნიშნავს იმოქმედო“ – ამტკიცებდა სტანისლავსკი. „თეატრალურ შემოქმედებას სამი ძირითადი საიდუმლო აქვს: მეტყველების, მოძრაობის და მხატვრულ სახეში შეღწევის საიდუმლო“ – გვეუბნება მიხაილ ჩეხოვი. „სცენაზე არ შეიძლება ვილაპარაკოთ ისე, როგორც ცხოვრებაში, სცენაზე სიტყვები უნდა წარმოითქვას“ – ასე ფიქრობდა კოკლენ-უფროსი. „საჭიროა, რომ მსახიობის ნერვული სისტემა იყოს განსაკუთრებით მოქნილი და მგრძნობიარე, რათა მასში გამოძახილი ჰპოვოს პოეტის ყოველმა სიტყვამ ისეთივე სიმსუბუქით, როგორც ეოლის არფა ეხმიანება სიოს მობერვას“ – განმარტავდა ფრანსუა ტალმა სცენური მეტყველება იყო და რჩება სამსახიობო ხელოვნების ქვაკუთხედად ყოველ დროსა და ყველა ეპოქაში.

მ. გეგია



წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები