ზალცმანი ალექსანდრ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზალცმანი ალექსანდრ ალბერტის ძე - (08.0I.1874, თბილისი - 03.V.1934, ლეიზენი, შვეიცარია) - მხატვარი სცენოგრაფი, კარიკატურისტი. მე-19 საუკუნის დასაწყისში საქართველოში გადმოსახლებულ გერმანელთა პირველი ტალღის ერთ-ერთი წარმომადგენლის, თეოდორ ზალცმანის ოჯახიდანაა. არქიტექტორ ალბერტ ზალცმანის შვილი; ცნობილი მხატვრის, ოსკარ შმერლინგის მამიდაშვილი.

სარჩევი

ბიოგრაფია

1898 წიდან სწავლობდა ჯერ მოსკოვში, ლეო პასტერნაკის კერძო სამხატვრო სტუდიაში, შემდეგ კი დაამთავრა მიუნხენის სამხატვრო აკადემია. 1901 წელს მონაწილეობდა მიუნხენში თავისი თანაკურსელის, ვასილი კანდინსკის ჯგუფის „PhalanX“ დაფუძნებაში; ასწავლის ამ ჯგუფთან დაარსებულ სკოლაშიც. მეგობრობდა რილკესთან. 1910 წლიდან ჟაკ-დალკროზის ინსტიტუტშია. ქმნის განათების ნოვატორულ სისტემას, რომელიც 1916-1917 წლებში გამოიყენა მოსკოვში ალექსანდრ ტაიროვის გახმაურებულ სპექტაკლში „ფამირა-კიფარედ“, რომელიც მან ინოკენტი ანენსკის ამავე სახელწოდების ლექსად დაწერილი პიესის მიხედვით დადგა და რომელიც, ფაქტობრივად, ტაიროვის თეატრის მანიფესტად იქცა.

1916-1917 წლბეში სამშობლოში ბრუნდება და 1920 წლამდე თავის მეუღლესთან, ჟანა ალემანთან ერთად თბილისში ცხოვრობს. 1918 წელს იწყებს მუშაობას თბილისის ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელად. 1918-1919 წლებში აფორმებს პეტრე ჩაიკოვსკის ოპერას „პიკის ქალი“, ჟაკ ოფენბახის ოპერას „ჰოფმანის ზღაპრები“, ედვარდ ნაპრავნიკის ოპერას „დუბროვსკი“, დიმიტრი არაყიშვილის ოპერას „თქმულება შოთა რუსთაველზე“, ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერს“.

1918 მონაწილეობს კაზმულ ხელოვნებათა წამახალისებელი კავკასიის საზოგადოების გამოფენაში, 1918-1919 წლებში „მცირე წრის“ გამოფენაში. 1918 „მცირე წრის“ გამოფენაზე წარმოადგენს ჟურნალ „Jugend“-ში დასტამბული ნახატების ორიგინალებს, ასევე, მითოლოგიურ თემაზე შესრულებულ სურათებს სახელწოდებით: „ფლორა“, „დიანა“, „ორფეოსი“. მუშაობს ქართული დრამის თეატრშიც, რომელსაც კოტე მარჯანიშვილი ხელმძღვანელობდა. ასწავლის ფერწერის სკოლასა და თეატრშიც; მჭიდრო ურთიერთობა აქვს თბილისის მოდერნისტულ და ავანგარდულ სახელოვნებო წრეებთან. ზიგა ვალიშევსკისთან ერთად ქმნის ოპერისათვის ფარდას. წერს კრიტიკულ წერილებს სასცენო ხელოვნებაზე. მაგალითისთვის: შენიშვნები სცენის შესახებ, ჟურნალი „თეატრი და მუსიკა“, №1, 1919, ქუთაისი. ამავე ნომერში დაბეჭდილია მისი კარიკატურა - „თბილისის სახელმწიფო თეატრი. მხატვარი ა. ზალცმანი, კომისარი ა. წუწუნავა, ანტრეპრენიორი ს. ევლახიშვილი ქართული ოპერების დადგმის დროს“. 1919 თბილისში გიორგი გურჯიევთან ერთად აარსებს „ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტს“.

1920-იანი წლების დასაწყისში გ. გურჯიევთან ერთად კონსტანტინოპოლში მიემგზავრება, რის შემდეგაც საფრანგეთში სახლდება, მთლიანად უკავშირებს რა თავის შემოქმედებას გიორგი გურჯიევის და მის „ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტს“, ქმნის მისი ბალეტისათვის აფიშებს, კოსტიუმების ესკიზებს, აფორმებს მის „საღმრთო მოძრაობების“ წარმოდგენებს პარიზსა და ნიუ-იორკში, მანამ, სანამ 1930 წელს ისინი სამუდამოდ არ დაცილდებიან ერთმანეთს.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ა. ზალცმანი სამშობლოში ვეღარასოდეს ბრუნდება. უდიდესი დამსახურება მიუძღვის როგორც ავანგარდული სცენოგრაფიის ჩამოყალიბებაში, ისე ხელოვნებათა სინთეზის ავანგარდული კონცეფციის შექმნაში, რომელშიც განსაკუთრებული როლი რიტმსა და განათებას ენიჭება. მისივე შექმნილია განათების მეთოდი, ე. წ. „სინათლე სინათლეზეც“ (როგორც თავად ეძახდა), და რისთვისაც პროჟექტორს, მისი თქმით, როგორც მზის სხივს, ისე იყენებდა (გლიუკის „ორფეოსი და ევრიდიკე“, ჰელერაუ, 1913). ეს სისტემა სცენის განათების ხელოვნებაში სრულიად ნოვატორული იყო. მან შექმნა სინათლის, განათების ფილოსოფია, რომელიც სცილდებოდა სცენოგრაფიის საზღვრებს. ეძებდა კავშირებს სინათლეს, ფერსა და ბგერას შორის.

ნანა ყიფიანი

ლიტერატურა

  • C. D I D o n a t o, L’InVIsIbIleresoVIsIbIle: AleXandre Salzmann (1874–1934): VIta, operae rIcercatrateatro, luce e moVImento. Roma: Aracne, 2013;
  • H. R. L e n o r m a d, Pelléas et MélIsande au Théâtre des Champs-Élysées. Choses de Théâtre. 1922, № 4;
  • B. N I c o l e s c u, AleXandre de Salzmann, un grand artIste oublIé du 20e sIècle. Conférence à la Halle SaInt PIerre, ParIs, 24 octobre, 2009 ;
  • ნ. ჭოღოშვილი, გერმანული მხატვრული ტრადიცია და საქართველო XIX საუკუნის დასაწყისიდან XX საუკუნის 40-იან წლებამდე. ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი დისერტაციის ავტორეფერატი (ხელნაწერის უფლებით), თბ., 2006.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

ალექსანდრ გუსტავ ფონ ზალცმანი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები