ზამთრის ოლიმპიური თამაშები
ზამთრის ოლიმპოური თამაშები – ზამთრის ოლიმპიურ სახეობებში უდიდესი მულტიკომპლექსური სპორტული ასპარეზობის — ზამთრის ოლიმპიური თამაშების ისტორია სათავეს 1924 წლიდან იღებს, თუმცა ზამთრის სახეობა ოლიმპიურ პროგრამაში პირველად 16 წლით ადრე შეიტანეს: 1908 წელს ლონდონში, IV ოლიმპიადაზე მედლების 4 კომპლექტი გათამაშდა ყინულზე ფიგურულ ციგურაობაში – 2 კომპლექტი კაცთა (ერთეულებში და სპეციალური პროგრამით), თითო — ქალთა და შერეულ წყვილთა შორის.
მონაწილეთა რაოდენობა დიდი არ ყოფილა – კაცთა ერთეულთა პროგრამით 9 სპორტსმენი გამოდიოდა, სპეციალურით – 3. ქალთა ტურნირში 5 სპორტსმენი მონაწილეობდა, წყვილებში კი – 6. კაცებში ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ შვედი ულრიხ სალხოვი (ერთეულები) და რუსი ნიკოლაი პანინ-კოლომენკინიმ (სპეციალური). ქალებში გაიმარჯვა დიდბრიტანელმა ფლორენს (მაჯი) საიერსმა, წყვილებში კი პირველნი იყვნენ ანა ჰიუბლერი და ჰაინრიხ ბიურგერი (გერმანია).
მოგვიანებით, 1916 წლის ზაფხულის თამაშებზე, რომელიც ბერლინში უნდა გამართულიყო, იგეგმებოდა ე. წ. „სათხილამურო ოლიმპიაც“, მაგრამ იმ ოლიმპიადის ჩატარებას პირველმა მსოფლიო ომმა შეუშალა ხელი.
ზამთრის სახეობები ზაფხულის ოლიმპიადის პროგრამაში მეორედ 1920 წელს შეიტანეს: ანტვერპენში ფიგურულ ციგურაობაში მედლების 3 კომპლექტი გათამაშდა — კაცთა, ქალთა და შერეულ წყვილთა შორის. კაცთა ტურნირში 6 ქვეყნის 9 სპორტსმენი გამოდიოდა, ქალთა ტურნირში — 4 ქვეყნის 6 მოციგურავე, წყვილთა ასპარეზობაში კი – 6 ქვეყნის 16 წყვილი. ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ შვედი გილის გრაფსტრიომი, ასევე შვედი მაგდა იულინი და ფინელთა წყვილი – ლუდოვიკა და ვალტერ იაკობსონები. ფიგურული ციგურაობის გარდა, ანტვერპენში გაიმართა ასპარეზობა ყინულის ჰოკეიში, რომელშიც შვიდი გუნდი მონაწილეობდა. გაიმარჯვეს კანადელებმა. II ადგილი დაიკავა აშშ-ის გუნდმა, III ადგილზე კი ჩეხოსლოვაკიის გუნდი გავიდა. ოლიმპიადის პროგრამაში ზამთრის სახეობების ჩართვის სურვილი საუკუნის დასაწყისში გამოთქვა პიერ დე კუბერტენმა. მეტიც, მან წამოაყენა წინადადება ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარების შესახებ და ეს წინადადება არაერთხელ განიხილეს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში. კუბერტენს ბევრი მომხრე ჰყავდა, მაგრამ ზამთრის ოლიმპიური თამაშების იდეას სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ შვედები და ფინელები. მათი მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ 1901 წლიდან ოთხ წელიწადში ერთხელ შვედეთში ტრადიციულად ტარდებოდა ჩრდილოეთის თამაშები, რომლებშიც - ზამთრის სახეობათა ყველა საუკეთესო წარმომადგენელი მონაწილეობდა. ამის გამო, მათი აზრით, პარალელური ასპარეზობის გამართვა აუცილებელი არ იყო. სოკ-ის 1911 წლის სხდომაზე ჩრდილოეთის თამაშების თაოსანმა, სოკ-ის წევრმა, შვედმა ვიქტორ გუსტავ ბალკმა, როცა კითხვა დაუსვეს 1912 წლის ოლიმპიადის პარალელურად ზამთრის თამაშების ჩატარების შესახებ, უპასუხა, რომ ამაზე ფიქრიც კი შეუძლებლად მიაჩნდა. მოწინააღმდეგეებს სერიოზულ არგუმენტად მოჰყავდათ ისიც, რომ ზამთრის სახეობებს ისტორიული ფესვები არ ჰქონდათ და ამიტომ მათთან დაკავშირებით თავად სიტყვა „ოლიმპიურის“ გამოყენებაც კი მიუღებელი იყო. გარდა ამისა, ქვეყნების უმეტესობას არ გააჩნდა ზამთრის სახეობებისთვის აუცილებელი ბუნებრივი პირობები თუ სპორტული არენები. სწორედ ამის გამო ამოიღეს 1900 წლის ოლიმპიადის პროგრამიდან ციგურაობა. სკანდინავიელთა არგუმენტებისა და მათი კატეგორიული პოზიციის გაუთვალისწინებლობა არ შეიძლებოდა, რადგან მათ გარეშე არათუ ზამთრის, ზაფხულის თამაშებიც კი არასრულფასოვანი იქნებოდა.
არაერთი მცდელობის შემდეგ პიერ დე კუბერტენმა შეძლო ყველასთვის მისაღები ვარიანტის მოძებნა. 1921 წელს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ლოზანის სესიაზე გადაწყდა, რომ 1924 წელს ჩაეტარებინათ ასპარეზობა ზამთრის სახეობებში ასეთი სახელწოდებით: „საერთაშორისო სპორტული კვირეული VIII ოლიმპიადასთან დაკავშირებით“. 1924 წლის 25 იანვრიდან 4 თებერვლამდე სპორტულ კვირეულს მასპინძლობდა საფრანგეთის ალპებში მდებარე პატარა სოფელი შამონი. დაცული იყო ოლიმპიადებისთვის აუცილებელი ყველა ფორმალობა. მონაწილე ქვეყანათა და სპორტსმენების რაოდენობით, აგრეთვე ასპარეზობათა სიმწვავით კვირეულმა ყველაზე ოპტიმისტურ მოლოდინსაც კი გადააჭარბა. ამან საშუალება მისცა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, 1925 წლის 27 მაისს პრაღაში ჩატარებულ სოკ-ის სესიაზე მიეღო გადაწყვეტილება ოლიმპიურ წლებში ზამთრის ოლიმპიური თამაშების რეგულარულად ჩატარების შესახებ. იმავე სესიაზე 1924 წელს შამონიში ჩატარებულ ოლიმპიურ კვირეულს ზამთრის პირველი ოლიმპიური თამაშების ოფიციალური კლასიფიკაცია მიეცა. მას შემდეგ ზამთრის თამაშები ოლიმპიური სპორტის განუყოფელ ნაწილად იქცა. თითქმის 7 ათეული წლის შემდეგ, სოკის 1986 წლის სესიაზე ზამთრის ოლიმპიადებისთვის მეტი მნიშვნელობისა და უფრო მაღალი სტატუსის მინიჭების მიზნით გადაწყდა, რომ ზაფხულისა და ზამთრის თამაშები 2 წელიწადში ერთხელ რიგრიგობით ჩაეტარებინათ. ამ მიზნით ზამთრის XVII ოლიმპიური თამაშები, რომელიც 1996 წელს უნდა გამართულიყო, ორი წლით ადრე, 1994 წელს ჩატარდა. 1924-2018 წლებში გაიმართა ზამთრის 23 ოლიმპიური თამაშები.