ზოსხანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზოსხან-ი / ახჷ ზოსხან-ი (აფხ. Зосҳан / Ахыы Зосҳан – „ოქროს ზოსხანი“) – ინფექციურ დაავადებათა (დიდი ბატონები, წითელა ბატონები, ყველა ბატონები) მფარველი ღვთაება; ჰყავს მეუღლე („ხანია შქვაქვა“), რომელთანაც ერთად სახედრით დროდადრო სოფლიდან სოფელში მოგზაურობს და ადამიანებს ყვავილებს აყრის. ოთახში, სადაც ბატონები ბრძანდებიან სუფევს სიმშვიდე, იკრძალება უცხო პირთა შესვლა და ხმაური. ბატონებისათვის გაშლილ სუფრაზე ყვავილების გარდა არის მოხარშული ან შემწვარი დედალი, გოჭი, ღომი, ყველი, ხილეული; იქვე აწყვია მუსიკალური ინსტრუმენტები; ახლო მდგარ სკამზე თეფშით დაჭრილი ჩალა დევს ბატონების სახედრისათვის. ცოლ-ქმარს უმღერიან მუხლმოყრით ჩონგურის, აფხჲარცას (ჭიანურის მსგავსი ორსიმიანი საკრავი) ან აჭარპინის (სალამური) თანხლებით და წყალობას შესთხოვენ.

აფხაზეთის ზოგიერთ კუთხეში სრულდებოდა ამ ღვთახანებათა „შვილად აყვანის“ განსაკუთრებული წესი, რომელიც ნ. ჯანაშიას აქვს აღწერილი. როცა სოფელში ვინმე დაავადდებოდა საერთო სახსრებით კარგად ნასუქებ ორ თეთრ თხას (დედალ-მამალს) შეიძენდნენ, დაკლავდნენ და სხვა სანოვაგესთან ერთად ტყისკენ გასწევდნენ; დადგამდნენ ორ საწოლს, ზედ დასვამდნენ ორ ლამაზ ქალს (აუცილებლად „სუფთას“), რომლებსაც გადახსნილ მკერდზე აბრეშუმის ცხვირსახოცები ეფინათ. ხალხი მუხლს მოიყრიდა, სოფლის თაკვაცი ახი ზოსხანსა და მის ცოლს მოუხმობდა, შესთხოვდა მიეღოთ მსხვერპლი, თავი ქალების მკერდზე მიედოთ და, წინაპართა ჩვეულების თანახმად, სოფელს შვილებოდნენ. აქვე, ბატონების „მკვებავი“ ქალების გვერდით იდგა ორი საუკეთესო ცხენი მამაკაცისა და ქალის უნაგირებით. შვილად აყვანის წესის შესრულების შემდეგ ცხენებზე „შემსხდარ“ ბატონებს, როგორც საპატიო სტუმრებს სოფლიდან სიმღერით გააცილებდნენ.


ახჷ ზოსხანთან ტიპოლოგიურად ახლო დგას ოსური ალარდი (დიგორულად ალაურდი) და ქართული „ბატონები“.


ლიტერატურა

  • И. Паитюхов. О мифах и поверьях туземцев Рионской долины // Кавказ. 1867, № 28;
  • А. Миллер. Из поездки по Абхазию в 1907 году // МЭР. Т. I, С.-ПБ., 1910;
  • Н.С. Джанашия. Статьи по этнографии Абхазии. Сух., 1960;
  • ს. ზუხბა. აფხაზური ზეპირსიტყვიერება. აფხაზურიდან თარგმნეს თ. გვანცელაძემ და ა. არაბულმა. თბ., 1988.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები