ზღვის დრაკონების ოჯახი
ზღვის დრაკონების ოჯახი – Trachinus
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: დრაკონისნაირნი
ოჯახი: დრაკონისებრნი
თევზების გვარი დრაკონისნაირთა რიგისა. გრძელი და გვერდებიდან შებრტყელებული სხეულითა და გრძელი, ზურგის მეორე ფარფლით ხასიათდება. კუდის ფარფლი მოკვეთილია. თავი შებრტყელებულია და ირიბად მდებარე პირი გამოშვერილი. თვალები ზევითაა. ყბებზე და სასის ძვალზე ფოჩიანი კბილები აქვს. ზურგის პირველი ფარფლი მოკლეა, მასში 7 სხივია. საცურავი ბუშტი არა აქვს, ქერცლი ციკლოიდური ტიპისაა, მუცლის ფარფლები მკერდის ფარფლების წინაა. ზღვის დრაკონებს ზურგის ფარფლის სხივების ფუძესთან და ლაყუჩის სახურავის მახლობელ ქიცვთან შხამიანი ჯირკვლები აქვს რომელთა გამონაყოფი ხანგრძლივ მწვავე ავადმყოფობას იწვევს. ამ ოჯახში მხოლოდ ერთი გვარია გაერთიანებული, რომელშიაც ორი სახეა; აქედან საქართველოს შავი ზღვის სანაპიროებში გავრცელებულია ერთი სახე.