ზღვის ცხენთევზა
ზღვის ცხენთევზა – Hippocampus antiquorus
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: ნემსთევზასნაირნი
ოჯახი: ნემსთევზასებრნი
გვარი: ზღვის ცხენთევზები
თევზის სახეობა ზღვის ცხენთევზების გვარისა. სხეული ძლიერ შებრტყელებულია. კუდი მოსაჭიდი სახისა და ფარფლებს მოკლებულია. ხორთუმი შედარებით მოკლეა. პირი პატარაა. თავზე და ზურგზე საკმაოდ გრძელი თმისებური გამონაზარდებია. კუდზე და გვერდებზე ქიცვები აქვს. ტანი ფართო ფარებითაა დაფარული, სიგრძით 15-18 სმ-ს აღწევს.
საერთო შეფერილობა ნაცრისფერ-მურაა და ცისფერ-მომწვანო ელფერი გადაჰკრავს.
გავრცელებულია ატლანტის ოკეანეში, ხმელთაშუა და შავ ზღვებში. ისინი უმთავრესად მიკროსკოპული ორგანიზმებით იკვებებიან, რომელთაც წყალმცენარეებიდან პოულობენ. ტოფობამდე, სანამ სასქესო პროდუქტები მოუმწიფდებათ, ზღვის ცხენთევზები წყვილ-წყვილად ერთმანეთს კუდით ებმიან, ცურავენ ვერტიკალურ მდგომარეობაში, ერთმანეთის მახლობლად ტრიალებენ, ითიშებიან და ისევ ერთმანეთს ეკვრიან. მათი განვითარება თითქმის ისეთივეა, როგორც ნემსთევზებისა.