თანასწორობის უფლება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თანასწორობის უფლება – სამართლის წინაშე თანასწორობა არის სამართლებრივი სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობის პრინციპის ღერძი. მის გარეშე წარმოუდგენელია თანამედროვე დემოკრატიული და სოციალური სახელმწიფო. ამიტომ თანასწორობას, ადამიანის ძირითად უფლებებსა და სამართლის ყველა სფეროზე, აქვს გადამწყვეტი ზეგავლენა.

კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი სათავეს იღებს ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI საუკუნეში. პოლიტიკური თანასწორობა (იზონომია) ძველ რომში გულისხმობდა სახელმწიფოს ძალაუფლების მიმართ მოქალაქეთა და არისტოკრატიის გათანაბრებას. არისტოტელე კი თავის ნიკომაქეს ეთიკაში თანასწორობასა და თავისუფლებას დემოკრატიის საწყისად განიხილავდა.

მე-18 საუკუნეში პოლიტიკურ ფილოსოფიაში განვითარებული იდეა ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობისა და ამ სახელმწიფოსთან დაკავშირებული ბუნებრივი უფლებების შესახებ, განსაკუთრებულ აქცენტს სწორედ თანასწორობის პრინციპზე ამახვილებდა და ყველა ადამიანის თანაბრად მოპყრობას ბუნებით უფლებად აღიარებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ინგლისური ლიბერალიზმის ტრადიციაში, მათ შორის თანასწორობის კონტექსტში, ებრაული და ქრისტიანული სარწმუნოების გარკვეული თეოლოგიური ზეგავლენა იგრძნობა. როგორიცაა მაგალითად, „თანასწორობა ღმერთის წინაშე“ და ღმერთის ხატად შექმნილი ადამიანის კონცეფცია. ფრანგ ფილოსოფოს ჟან-ჟაკ რუსოს ნაშრომებში ვრცელი ასახვა ჰპოვა თანასწორობის პრინციპმა. ალექსის დე ტოკვილი კი ამტკიცებდა, რომ თავისუფლება ვერ დამყარდება თანასწორობის გარეშეო. გერმანული იდეალიზმის ტრადიციაში კანტი და ჰეგელი განსაკუთრებით ხაზს უსვამდნენ ადამიანთა თანასწორობას. კანტი ასახელებდა თავისუფლებას, თანასწორობასა და დამოუკიდებლობას, როგორც სამართლიანობის კრიტერიუმებს, რომლებიც თან ახლავს ადამიანის გონს.

შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციამ თანასწორობის იდეა ამ სიტყვებით გაამყარა: „ყველა ადამიანი თანასწორად იბადება“. ეს მიზნად ისახავდა ფეოდალიზმისა და სოციალური იერარქიების აღმოფხვრას. ადამიანთა თანასწორობის იდეამ საფუძველი ჩაუყარა ცალკე მოძღვრებას ფილოსოფიაში, რომელსაც მოგვიანებით ეგალიტარიზმი ეწოდა. ამ დოქტრინის მიხედვით, ყველა ადამიანი თანასწორი უნდა იყოს თავისი სოციალური სტატუსით, იგი მოითხოვს თანაბარ შესაძლებლობებს საზოგადოების ყველა წევრისთვის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ თუ სოციალურ კონტექსტში.

საფრანგეთის რევოლუციაში თანასწორობის იდეალი პოლიტიკური დევიზი გახდა: „თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა“.

დღეს, თანასწორობის პრინციპი გარანტირებულია ყველა დემოკრატიული სახელმწიფოსა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სამართლებრივი აქტით.

თანასწორობის სამართლებრივი გააზრება

მიუხედავად იმისა, რომ თანასწორობა სოციალური ფენომენია, კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებული სამართლის წინაშე, გულისხმობს ადამიანთა იურიდიულ თანასწორობას. მასში მოიაზრება თანაბარი მოპყრობა სამართალშემოქმედებისა და სამართალშეფარდების დროს. ამ პრინციპით (ისე როგორც სხვა ძირითადი უფლებებით) შებოჭილია სახელმწიფო ხელისუფლების სამივე შტო. საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას წარმოადგენს, იზრუნოს ფაქტობრივი უთანასწორობის აღმოსაფხვრელად. ამრიგად, თანასწორობის უფლების მიზანია, პირები აღჭურვოს მსგავსი უფლებებითა და ვალდებულებებით, ხოლო რიგ შემთხვევებში, დააბალანსოს მათი ბუნებიდან მომდინარე ფაქტობრივი უთანასწორობა და არსებითად უთანასწორო პირებს დაუდგინოს განსხვავებული უფლება-მოვალეობები.

სამართლის წინაშე თანასწორობა არ ნიშნავს ფაქტობრივ თანასწორობას, რადგან ყველა სფეროში ადამიანების ერთმანეთთან ფაქტობრივი, სრული გათანაბრება შეუძლებელი და მიუღწეველია. თანასწორობა, ზოგიერთ შემთხვევაში, უშვებს ადამიანთა მიმართ განსხვავებულ მოპყრობას. უფრო მეტიც, გარკვეულ შემთხვევებში, მოითხოვს კიდევაც ამას.

თანასწორობის მოთხოვნა ირღვევა, როდესაც არსებითად მსგავს შემთხვევებს სახელმწიფო განსხვავებულად უდგება, იგივე უნდა ითქვას არსებითად განსხვავებული შემთხვევების ერთნაირ მოპყრობაზე. ეს, უკანასკნელიც, ასევე შეუთავსებელია თანასწორობის პრინციპთან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ანტიდისკრიმინაციული მიდგომა კრძალავს შემთხვევებს, როცა ადამიანებს ან ადამიანთა ჯგუფს, იდენტურ სიტუაციებში, სხვაგვარად ეპყრობიან და როცა ადამიანებს ან ადამიანთა ჯგუფს, განსხვავებულ სიტუაციებში, იდენტურად ეპყრობიან.

სწორედ ამიტომ არის მიჩნეული, რომ თანასწორობა, სამართლიანობის გარეშე, თავის შინაარსსა და დანიშნულებას კარგავს. თვით სამართლიანობის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა სწორედ თანასწორობაა. „თუ თანასწორობაზე არ საუბრობ, სამართლიანობაზეც უნდა გაჩუმდე“. პლატონიდან და არისტოტელედან დაწყებული, თანამედროვე თეორიებით დასრულებული, ყველა ნორმატიული თეორია, რომელთაც სხვაგვარად ცოტა აქვთ საერთო, ეთანხმება ამ მოსაზრებას.

საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული თანასწორობის პრინციპი, ერთის მხრივ, კრძალავს უსაფუძვლო დიფერენციაციას და ამით სახელმწიფოს ნეგატიურ ვალდებულებას ანიჭებს, თავის შეიკავოს მოქმედებისგან, ხოლო მეორე მხრივ, ავალდებულებს, იმოქმედოს პოზიტიურად, რათა დაძლეულ იქნეს ფაქტობრივი უთანასწორობა. მაგალითად სოცილური სამართლიანობის მისაღწევად დააწესოს გარკვეული შეღავათები თუ პრიორიტეტები მოწყვლადი ჯგუფების მიმართ.

უნდა აღინიშნოს, რომ სამართლებრივ ტერმინოლოგიაში დამკვიდრებული სიტყვები, „არათანაბარი მოპყრობა,“ არ განიხილება ტერმინ „დისკრიმინაციის“ სინონიმად. თუ აშკარაა მოცემულობა, რომ ადამიანთა ორ ან რამდენიმე ჯგუფს სახელმწიფო არათანაბრად ეპყრობა, ეს იმთავითვე დისკრიმინაციას არ ნიშნავს. თუკი დადგინდება, რომ სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული დაყოფა (დიფერენციაცია) შესადარებელ ჯგუფებს შორის თვითნებური და გაუმართლებელია, მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ, არა მხოლოდ არათანაბარ მოპყრობაზე, არამედ დისკრიმინაციაზეც.

დისკრიმინაციის აკრძალვის მიზანია, ინდივიდებს საშუალება მისცეს თანაბრად და თანასწორად მიუწვდებოდეთ ხელი საზოგადოებაში არსებულ შესაძლებლობებზე და იგი ორი ძირითადი მიმართულებით გამოიხატება. პირველი, იგი ადგენს, რომ ასეთ სიტუაციაში მყოფ სხვა პირებს ამგვარადვე მოეპყრონ და არ ჩააყენონ უპირატეს მდგომარეობაში. ამას ეწოდება “პირდაპირი” დისკრიმინაცია.

პირდაპირი დისკრიმინაციაა, როცა:

  • პირს არასათანადოდ მოეპყრნენ;
  • სხვა პირებთან შედარებით, რომელთაც ანალოგიურ სიტუაციაში მოეპყრნენ ან მოეპყრობიან;
  • და ამას კონკრეტული დიფერენციაციის ნიშანი აქვს

მეორე, პირებს, რომლებიც სხვაგვარ სიტუაციაში იმყოფებიან, სხვადასხვაგვარად უნდა მოეპყრონ, ისე რომ მათ შეძლონ - სხვათა თანასწორად - გარკვეული შესაძლებლობებით სარგებლობა. ეს არის “არაპირდაპირი” დისკრიმინაცია.

არაპირდაპირი დისკრიმინაცია ხასიათდება შემდეგი ელემენტებით:

  • ნეიტრალური წესი, კრიტერიუმი ან პრაქტიკა;
  • რომელიც გავლენას ახდენს რომელიმე ჯგუფზე უარყოფითი ფორმით;
  • ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან შედარებით.


წყარო

ძირითადი უფლებები: კომენტარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები