თანატოსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თანატოსი – (ბერძნ.) სიკვდილის განსახიერება. თანატოსი ძილის ღვთაების, ჰიპნოსის ტყუპისცალი იყო. იგი ნიქსმა (ღამემ) შვა. მოკვდავთათვის და უკვდავთათვის ერთნაირად საძულველი ეს პირქუში ღვთაება ერთადერთი იყო, ძღვენს რომ არ იღებდა. მისი კულტი დადასტურებულია სპარტაში.
მითებში თანატოსი კომიკურ პერსონაჟად არის წარმოდგენილი: მას ასულელებს საზრიანი გმირი სისიფოსი. ჰერაკლე ორთაბრძოლაში ამარცხებს და თავისუფლების წილ ალკესტისის სიცოცხლეს სთხოვს.
ტრაგიკოსებს თანატოსი მუქი მოსასხამით, ფრთებითა და ხელში მახვილით გამოჰყავდათ სცენაზე. ასევე წარმოსახავდნენ თანატოსს ხელოვნებაში. ხანდახან მახვილის ნაცვლად მას ხელში მიმქრალი ჩირაღდანი ეჭირა.