სისიფოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სისიფოსი.
ამფორას ფერწერა (დაახ. ძვ.წ. 420 წ.), მიუნჰენი, ანტიკური ხელოვნების მუზეუმი

სისიფოსი – (სიზიფე) (ბერძნ.) მეფე ეოლოსისა და ენარეტეს ვაჟი. პლეიადა მეროპეს მეუღლე. გლავკოსის მამა. ბელეროფონის პაპა.

სისიფოსს მიიჩნევდნენ კორინთოს აღმშენებლად. მითები მას წარმოგვიდგენდნენ გონიერ, მოხერხებულ და ეშმაკ კაცად, რომელსაც თავად ღმერთების მოტყუებაც კი შეეძლო. მაგრამ ეს ჯერ არ იცოდნენ ცისიერებმა და თავისი გონიერების გამო სისიფოსს დიდ პატივს სცემდნენ. ასე განსაჯეთ, ოლიმპიურ ნადიმებზეც კი იწვევდნენ. მიუხედავად ხანდაზმულობისა, სისიფოსი მხნედ გამოიყურებოდა, რადგანაც ნექტარი და ამბროსია აჯანსაღებდა მის მიწიერ სხეულს. ერთი ნაკლი ჰქონდა ამ ჭარმაგ მეფეს – ჭორის მოყვარული იყო. ოლიმპოსიდან დაბრუნებულს მუდამ წამოსცდებოდა ხოლმე ღმერთთა შორის ნათქვამი სიტყვა. დიდსულოვანნი იყვნენ ცისიერები და ამიტომაც პატიობდნენ. მაგრამ ერთხელაც სისიფოსმა ისეთი საიდუმლო გაამხილა, რისი გათქმაც არ ეგებოდა: როდესაც ზევსმა მოიტაცა მდინარეული ღვთაების, ასოპოსის ასული ეგინა, სისიფოსმა მამას მომტაცებელი დაუსახელა. განრისხდა ზევსი და სიკვდილის ღვთაება თანატოსს უბრძანა, ამ ქვეყნიდან მოეცილებინა ეს მეჭორე. მაგრამ ჭკვიანმა სისიფოსმა წინასწარ იცოდა, რაც ელოდა. ის ჩაუსაფრდა თანატოსს, შეიპყრო, ბორკილები დაადო და სარდაფში ჩაკეტა. სიკვდილის ღვთაების გაუჩინარებით სამყაროსეული ჰარმონია დაირღვა: ადამიანები აღარ კვდებოდნენ. ჰადესს რომ მიცვალებულთა აჩრდილები შემოაკლდა, ზევსს შესჩივლა. მან კი სისიფოსს მიუგზავნა ომის მრისხანე ღვთაება არესი, რომელმაც იოლად გაათავისუფლა დატყვევებული თანატოსი. როგორც კი სიკვდილის ღმერთმა თავისი ძალა დაიბრუნა, წამისუმალ გარდაიცვალა სისიფოსი, რომელმაც სიკვდილის წინ ცოლს უბრძანა, არ დაეკრძალა მისი სხეული. ცოლმა ბრძანება აღასრულა. ბერძენთა რწმენით, დაუსაფლავებელ სულს არ შეეძლო აჩრდილთა სამეფოში შეღწევა. ჰოდა, სისიფოსიც მდინარე სტიქსის ნაპირებთან დაეხეტებოდა და ხმამაღლა მოთქვამდა. ისეთი გამაბეზრებელი იყო მისი გოდება, რომ ჰადესის მეფეს მიჰგვარეს. ხმამაღალი ტირილით ამცნო მას სისიფოსმა, რომ უღირსმა ცოლმა მისი სხეული დაუკრძალავი დატოვა, რის გამოც მიცვალებულთა სამეფოში შესვლა ეკრძალებოდა. შემდეგ კი სთხოვა, დედამიწაზე დაბრუნების ნება დაერთო, რათა მეუღლე დაესაჯა და ყველაფერი წესისამებრ აღესრულებინა. თანაც აღუთქვა, რომ სამ დღეში უკან დაბრუნდებოდა. ჰადესმა თხოვნა შეუსრულა.

მაგრამ როგორც კი სისიფოსმა მზის ნათელი იხილა, პირობა დაივიწყა, და კიდევ დიდხანს იცოცხლა ქვეყნად. ღმერთებმა კი, მთელი სამყაროს საქმეები რომ აბარიათ, სულ დაივიწყეს იგი. ამის შემდეგ მითოგრაფოსები სისიფოსს მრავალ სიავეს მიაწერდნენ: ერთ-ერთი მითოსი მას (და არა ლაერტესს) ოდისევსის მამად მიიჩნევს და აი, როგორ: სისიფოსს მოსწონებია ანტიკლეა და მისი საქმროს, ლაერტესის სახით გამოცხადებულს უცდუნებია. ამ სატრფიალო ღამის შემდეგ დაბადებულა, თურმე, ბერძენთა უსაყვარლესი გმირი ოდისევსი.

სხვა მითოსი უფრო საშინელ ამბავს გვამცნობს: სისიფოსს განუზრახავს თავისი ძმის, სალმონევსის დაღუპვა. მისთვის ცნობილი გამხდარა ასეთი მისნობა: სალმონევსს მოკლავდნენ მისვე შვილიშვილები, ოღონდ ისინი სისიფოსის შვილები უნდა ყოფილიყვნენ. იფიქრა, იფიქრა სისიფოსმა და სალმონევსის ასული, საკუთარი ძმისშვილი, ტირო შეაცდინა. ტირომ კი მამის გადასარჩენად თავისივე ხელით გამოასალმა სიცოცხლეს ახალშობილი ვაჟები.

სხვა მზაკვრობანიც ჩაუდენია თურმე სისიფოსს: იგი ძარცვავდა და კლავდა მგზავრებს, აჩანაგებდა ატიკას, თავს ესხმოდა მეზობელ ქვეყნებს. ამ ბოროტებათა გამო სისიფოსი უმძიმეს სასჯელს იხდის იმქვეყნად: მაღალსა და ციცაბო მთაზე უზარმაზარ ლოდს ეზიდება. დიდი ჯაფითა და ოფლისღვრით მიაღწევს თუ არა მთის თხემს, ლოდი ხელიდან უვარდება და ძირს ეშვება. სისიფოსიც უკანვე ჩადის, რათა სასჯელი აღასრულოს და ყველაფერს თავიდან იწყებს. ასე გრძელდება დღემდე.

სისიფოსის მითი სხვადასხვა ინტერპრეტაციით ფართოდ აისახა ანტიკურ ლიტერატურაშიც (ესქილე, სოფოკლე, ევრიპიდე, კრიტიასი) და გამომსახველობით ხელოვნებაშიც (სამოსელი ჰერას ტაძრის მეტოპები. ტიციანის და ჯორჯონეს ფერწერული ტილოები). ხოლო გამოთქმები: „სისიფოსის ჯაფა“ „სისიფოსის ლოდი“ მყარად დამკვიდრდა თანამედროვე მეტყველებაში მძიმე, უაზრო და დაუსრულებელი საქმის გაგებით.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები