პლეიადები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პლეიადები (ახ.წ. IX ს.), ლეიდენი, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა

პლეიადები(ბერძნ.) შვიდი და, ატლასისა და პლეიონეს ასულები: ალკიონე, მეროპე, კელენო, ელექტრა, სტეროპე, ტაიგეტე, მაია. მათგან სამი ზევსის სატრფო იყო, ორი პოსეიდონის, ერთიც არესის. მხოლოდ მეროპე გაჰყვა ცოლად მოკვდავ სისიფოსს. ზევსს ტაიგეტესგან შეეძინა ლაკედემონი, მაიასაგან კი ჰერმესი. პოსეიდონს კელენომ უშვა ლიკოსი, ალკინოემ კი ირიეოსი და ჰიპერენორი.

პლეიადებს ჰყავდათ შვიდი და (მათ ჰიადებად უხმობდნენ) და ერთადერთი ძმა – ჰიასი. ერთხელ ჰიასი სანადიროდ წავიდა. მას ლომები დაესხნენ თავს და დაფლითეს. მწუხარებისაგან ჰიადები გარდაიცვალნენ. ზევსმა ისინი კუროს თანავარსკვლავედად გარდასახა. დარდით შეპყრობილმა პლეიადებმა თავი მოიკლეს და ისინიც თანავარსკვლავედებად გაბრწყინდნენ ცის კაბადონზე.

პლეიადები

არსებობს სხვა ვერსიაც: მონადირე ორიონს მოეწონა პლეიადები და დაედევნა. ქალიშვილები დაფრთხნენ და ღმერთებს უხმეს საშველად. ცისიერებმა შეისმინეს მათი ვედრება და მტრედებად გარდასახეს. შემდეგ ისინი ზევსმა ცად აღაზევა და თანავარსკვლავედებად აქცია.

მითოგრაფოსთა აზრით, ეს ვერსია ეფუძნება პლეიადების სახელის ეტიმოლოგიას. ვარაუდობენ, რომ იგი ნაწარმოებია სიტყვიდან „პლეიადეს“, რაც „ველურ მტრედს“ ნიშნავს. საინტერესოა ისიც, რომ ორიონის თანავარსკვლავედი პლეიადების თანავარსკვლავედს თან დაჰყვება.

დოდონეში, სადაც მტრედი წმინდა ფრინველად ითვლება, მიაჩნდათ, რომ მტრედებად გარდასახულ პლეიადებს მიჰქონდათ ზევსთან ამბროსია. როდესაც ისინი მიფრინავდნენ იმ პლანქტებს შორის, ერთმანეთს რომ ეხლებოდნენ, ერთ-ერთი მათგანი კვდებოდა და ზევსი მას ახალ მტრედს ანაცვლებდა.

რომში პლეიადებს ვერგილიებს უწოდებდნენ.

გადატანითი მნიშვნელობით „პლეადას“ სახელოვან ადამიანთა დასს უწოდებდნენ. ეს ტერმინი პირველად ალექსანდრიულ ეპოქაში გამოჩნდა ძველი სამყაროს შვიდი გამოჩენილი ტრაგიკოსის აღსანიშნავად.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები