თაჯ-მაჰალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თაჯ-მაჰალი, პანორამული ხედი

თაჯ-მაჰალი − (ინგლ. Taj Mahal), თანამედროვე მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი, სპილოსძვლისფერ-თეთრი მარმარილოს მავზოლეუმი-მეჩეთი ჩრდილოეთ ინდოეთში, ქალაქ აგრაში, მდ. იამუნას დაბლობში. აშენდა 1632-1653 წლებში მოგოლთა იმპერატორის, შაჰ-ჯა-ჰანის მიერ თავისი მეუღლის, მუმთაზ მაჰალის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად. თაჯ-მაჰალი მიჩნეულია მოგოლთა არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად. იგი ფართოდ არის აღიარებული, როგორც მუსლიმური ხელოვნების „მარგალიტი” ინდოეთში და ერთ-ერთი საყოველთაოდ აღმაფრთოვანებელი შედევრი მსოფ-ლიო საგანძურისა. ამ სტილში გაერთიანებულია სპარსული, ოტომანურ-თურქული და ინდური არქიტექტურის ელემენტები.

თაჯ-მაჰალი, საერთო ხედი

თაჯ-მაჰალი 20 წელი შენდებოდა, მასზე მუშაობდა 20 000-ზე მეტი მუშა. ძვირფასი ქვები და ძვირადღირებული საშენი მასალა ჩამოჰქონდათ მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: ჩინეთიდან, არაბეთიდან, ბაღდადიდან, ავღანეთიდან, შრი-ლანკადან, სპარსეთიდან, რუსეთიდან, ტიბეტი-დან. პროექტი თავად შაჰს ეკუთვნოდა. ხუროთმოძღვრები მოწვეულნი იყვნენ სპარსეთიდან, თურქეთიდან, სამარყანდიდან, ვენეციიდან, ინდოეთიდან.

თაჯ-მაჰალი, ინტერიერი

თაჯ-მაჰალის ყველაზე ნაცნობი ელემენტია თეთრგუმბათიანი მარმარილოს მავზოლეუმი, თუმცა ეს ინტეგრირებულ სტრუქტურათა კომპლესის მხოლოდ ერთი ნაწილია. ამ არაჩვეულებრივი ქმნილების სიმაღლე 74 მეტრს აღწევს, სიგანე კი – 56 მეტრია. დიდი გუმბათის დიამეტრია 17 მ. კუთხეებში 4 მინარეთია აღმართული. კედლები თეთრი მარმარილოთია მოპირკეთებული. სრულყოფილი ფორმების თაჯ-მაჰალი მნახველს აკვირვებს თავისი დეტალებით - ხის, მარმარილოსა და წითელი ქვიშაქვის კოხტა ჩუქურთმებით, ინკრუსტაციებით, აჟურული ჩარჩოებითა და ფერადი ქვებით. თაჯ-მაჰალი ულამაზესი ინტერიერითაც გამოირჩევა, რითაც ასევე ათასობით მნახველს აოცებს. მშენებლობისათვის გამოყოფილ ფართობზე (1,2 ჰა), ინფილტრაციის შესამცირებლად, მთლიანად იქნა მოხსნილი გრუნტი და მოედნის დონე აწეულ იქნა მდინარის ნაპირებიდან 50 მ სიმაღლემდე. ნაგებობის საძირკვლისათვის ამოთხრილი იქნა ჭები, რომელიც შემდეგ შეივსო ყორე ქვით. ხარაჩოებად გამოყენებული იყო აგური, ხე და ლერწამი. მარმარილოსა და სხვა საშენი მასალების მისაზიდად სამშენებლო მოედანზე, მოწყობილი იქნა 15 კილომეტრის სიგრძის მიწის პანდუსი. გამწევ ძალად გამოიყენებოდა საზიდრებში შებმული ხარები და სპილოები. სამარხების მშენებლობას დასჭირდა 12 წელი, ხოლო მეჩეთისა და მინარეთებისას – კიდევ 10 წელი.

თაჯ-მაჰალის გარშემო დიდებული დეკორატიული ბაღია გაშენებული ტბებით, შადრევნებითა და ხელოვნური არხებით, რომელსაც მთლიანობაში 18 ჰექტარი უკავია. თაჯ-მაჰალის მარჯვენა და მარცხენა მხარეს განლაგებულია წითელი აგურით ნაგები მეჩეთი და ტერიტორიაზე შესასვლელი გრანდიოზული ჭიშკარი. შთამომავლობამ, თაჯ-მაჰალის ზღაპრული კომპლექსი ქვაში გაცოცხლებული მარადიული სიყვარულის სიმბოლოდ მონათლა. 2007 წლის 1 აგვისტოს, პორტუგალიის რესპუბლიკის დედაქალაქ ლისაბონში გამოავლინეს მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრება, სადაც თაჯ-მაჰალმა მეხუთე ადგილი დაიკავა.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები