სუხიშვილი თენგიზ
თენგიზ სუხიშვილი − (დ. 21 ივლისი, 1938, თბილისი ― გ. 25 მარტი, 2007, თბილისი), მოცეკვავე, ქორეოგრაფი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი, საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, „ხალხთა მეგობრობისა“ და ღირსების ორდენების კავალერი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1995).
დაიბადა 1938 წლის 8 ივლისს თბილისში, აღიზარდა და საშუალო განათლება მიიღო თბილისშივე, 1960 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტი, ბავშვობიდანვე სისტემატურად უხდებოდა ქართულ ცეკვასთან, ქართული ცეკვის ოსტატებთან ურთიერთობა, საშუალო სკოლის მოსწავლე თავისუფალ დროს სარეპეტიციო დარბაზებში ატარებდა, ხშირად თან დაჰყვებოდა ქართული ხალხური ცეკვის აკადემიურ ანსამბლს ხანგრძლივ საგასტროლო მოგზაურობებში.
15 წლის თენგიზ სუხიშვილმა 1953 წელს პირველად მიიღო მონაწილეობა ბუქარესტში გამართულ სტუდენტთა ახალგაზრდობის IV მსოფლიო ფესტივალში და ანსამბლთან ერთად ფესტივალის ლაურეატი გახდა.
წლების მანძილზე იხვეწებოდა თენგიზ სუხიშვილის საშემსრულებლო ხელოვნება. მონაწილეობდა იგი ანსამბლის თითქმის მთელ რეპერტუარში, მაგრამ განსაკუთრებით გამოირჩეოდა „სიმდში“, სადაც მას, მაღალ ცერებზე შემდგარს, „ნარნარი დავლით“ აღფრთოვანებაში მოჰყავდა მაყურებელი. შესანიშნავი იყო, აგრეთვე, „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით დადგმულ სიუიტაში, სადაც ტარიელს ასახიერებდა.
საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში ნაყოფიერი შემოქმედებითი მუშაობისათვის, ქართული ხალხური ქორეოგრაფიის განვითარებისა და პროპაგანდის საქმეში თვალსაჩინო ღვაწლისათვის, 1971 წელს, თენგიზ სუხიშვილს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა.
მამის, ილიკო სუხიშვილის გარდაცვალების შემდეგ (1985) თენგიზ სუხიშვილი სათავეში ჩაუდგა მშობლების მიერ ორმოცი წლის წინათ შექმნილ დიდებულ ანსამბლს.
1995 წელს, თენგიზ ილიას ძე სუხიშვილს ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში განხორციელებული რამდენიმე ახალი დადგმისათვის („საზეიმო სიუიტა“, „ქალ-ვაჟთა მთიულური“ და სხვ.), აგრეთვე როგორც მოცეკვავეს, ქართული ცეკვის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისათვის, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.