თოიძე გივი
გივი (გრიგოლ) თოიძე − (დ. 18 დეკემბერი, 1932, თბილისი – გ. 10 თებერვალი, 2022), საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1981), თბილისის საპატიო მოქალაქე (1999).
დაიბადა 1932 წელს თბილისში, საშუალო განათლება მიიღო თბილისშივე, 1960 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, არჩეული იყო − საქართველოს მხატვართა კავშირის მდივნად.
გივი თოიძე თვითმყოფადი და შემოქმედებითად ნაყოფიერი მხატვარია; საინტერესოა მისი პეიზაჟები და ჟანრული ტილოები. მისი ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია ფერწერულობა და ნახატის სიზუსტე. აღსანიშნავია მხატვრის ფერწერული ნამუშევრები: „შემოდგომა“ (1966), „ახალი ცხოვრების დილა“ (1969), „ზამთარი“ (1969), „ნარიყალა“ (1970), „ძველი თბილისი“ (1969), „საყვარელი ქუჩა“ (1974), „ქართული მიწის მადლი“ (1975) და მრავალი სხვა.
1981 წელს გივი (გრიგოლ) ვახტანგის ძე თოიძეს დიმიტრი გულიას სახელობის ბიჭვინთის ლიტერატორთა სახლის კონფერენცდარბაზის ფერწერულ პანოსათვის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
გივი თოიძის ნამუშევრები დაცულია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ტრეტიაკოვის გალერეა (რუსეთი), აღმოსავლეთის ქვეყნების ხალხთა მუზეუმი (რუსეთი) და პიტერ ლუდვიგის გალერეა (გერმანია). გივი თოიძის ნახატები ინახება ჯორჯ ბუშის, ჟაკ შირაკისა და სხვა ცნობილ ადამიანთა კერძო კოლექციებში.