თუხარისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თუხარისი – ისტორიული ციხე-ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, ტაო-კლარჯეთში. მდებარეობს ტაოსა და კლარჯეთის საზღვარზე, მდ. ჭოროხის ნაპირზე. ამჟამად მოქცეულია თურქეთის რესპუბლიკის ფარგლებში.

თუხარისი, დიდი ქართველი მემატიანის ლეონტი მროველის ცნობით, აუგია ოძრახოსს, მცხეთოსის ძეს, მაგრამ ასეთი თვალსაზრისის გაჩენა მხოლოდ იმის შედეგი უნდა იყოს, რომ თუხარისი ტერიტორიულად სამცხის ერთ-ერთ კუთხეში, კერძოდ, ოძრახეში, მდებარეობდა. ვახუშტი ბატონიშვილი თავის „აღწერაში" უცვლელად იმეორებს ლეონტისეულ ცნობას: „აღაშენა… ოძრახოს, ძემან მცხეთოსისამან. პირველი ეკლესია თუხარისში ააშენა მეფე მირდატმა. IV საუკუნეში თუხარისსა და კლარჯეთს ბიზანტია დაეუფლა. V ს-ის მეორე ნახევარში ვახტანგ გორგასალმა ციხე-ქალაქი კვლავ ქართლის სამეფოს შემოუერთა. ციხე-ქალაქი ჯაყელთა საგვარეულოს რეზიდენციაა. „მატიანე ქართლისა“ ბაგრატ IV-ის მეფობისას (1027-1072) თუხარისის ერისთავად მოიხსენიებდა ბეშქენ ჯაყელს (ქც 1:298,18). საქართველოს ცალკეულ სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ თუხარისი სამცხე-საათაბაგოს ერთ-ერთი ცენტრია. XVI ს-ში თუხარისი ოსმალებმა მიიტაცეს.

თუხარისი შინაარსი გარკვევა ყველაზე პირველად ვახტანგ გორგასლის ისტორიკოსს მემატიანე ჯუანშერს უცდია. მისი თქმით, როცა ვახტანგ მეფე თუხარისს მისულა, ციხისათვის შეუხედავს, ძლიერ მოსწონებია („შეუყუარდა“) და უთქვამს: „ჭეშმარიტად, თუ ხარ შენ ციხე!“ ვახუშტი ბატონიშვილი მემატიანის ამ გამონათქვამსაც უცვლელად იმეორებს: „მოიგო სახელი სიმაგრით სიმტკიცისათჳ ს – „თუ ხარ შენ ციხე და არა სხვა“.

თუხარისის წარმოშობის თაობაზე სხვაგვარი მოსაზრებებიც არის ცნობილი. კერძოდ, ფიქრობენ, რომ ტოპონიმს საფუძვლად დასდებია დიდგვაროვანი ქალის სახელი თუეხარ, რომელსაც დართვია -ის სუფიქსი. ქალის სახელი თუხარ XVII ს-ის დამდეგის ერთ-ერთ ისტორიულ დოკუმენტში ყოფილა მოხსენიებული. თვალსაზრისი უთუოდ საყურადღებოა, ოღონდ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ შუა საუკუნეების ეპოქის ქართულ ტოპონიმიაში -ის სუფიქსი მიერთვოდა არა ადამიანის საკუთარ სახელს, არამედ ზედსართავებს და საზოგადო არსებით სახელებს: მანგლ-ის–ი, ტფილ-ის-ი, ფარცხ-ის-ი, ვეძ-ის-ი, მოხ–ის-ი, რუ-ის-ი, ურბნ-ის-ი, ტაძრ-ის-ი, ბებნ-ის-ი და სხვ. მრ. მართალია, დღევანდელ გეოგრაფიულ სახელებში -ის სუფიქსი საკუთარ სახელებთან აქა-იქ გვხვდება (თამარ-ის-ი, ჯუღ-ის-ი…), მაგრამ აშკარაა, რომ სახელთა ამგვარი წარმოება სრულიად ახალია და რამდენადმე ხელოვნურიც; ისინი მიძღვნით-მემორიალურ სახელთა წყებას განეკუთვნებიან. ამდენად ისტორიულ ეპოქაში თუხარ-ის-ი (ქალის სახელი + -ის) თითქოს მოულოდნელი ჩანს. ვფიქრობთ, ტოპონიმი თუხარისი წარმომდგარი უნდა იყოს არა პიროვნული სახელისაგან, არამედ პირველადი ტოპონიმისაგან (მდრ. გომი – გომარეთი, ჭობი – ჭობარეთი, ყვარა– ყვარელი, სალებე – სალებელი, ღული – ღულელები, ურავი – ურაველი..). თუხარისში შეიძლება გამოვყოთ ადგილის სახელი თუხ-ი, რომელსაც ადამიანის სადაურობის მაჩვენებელი ძველი -არ სუფიქსი დართვია: თუხ-არ „თუხ-ელ-ი“: „კაცი (ხალხი“ სოფელ თუხიდან“. იგი ისეთივე გაფორმებისა უნდა იყოს, როგორც შუა საუკუნეებში წარმოქმნილი არაერთი სხვა ქართული ტოპონიმი: ოპიზარი, ხერთვგისარი, ოლთისარი, გარეჯარი… საინტერესოა, რომ XIV საუკუნის დამლევს შედგენილ ერთ-ერთ საისტორიო საბუთში მოხსენიებულია სოფელი თუხარი: ამ სოფელში არსებულ მოციქულთა საყდრის შეწირულება განუახლებია ალექსანდრე მეფეს მცხეთის სვეტიცხოვლისათვის.“ ამ თუხ-არ ფორმას დართვია -ის მაწარმოებელი და შედეგად თუხარ-ის-ი მიგვიღია. მაგრამ ყველაფერი ეს ვარაუდის სფეროს განეკუთგნება, მისი ყოველმხრივ სარწმუნო ეტიმოლოგია კი მომავალი კვლევა-ძიების საქმეა.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები