ლეონტი მროველი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლეონტი მროველი — (XI ს.) მწერალი, მწიგნობარი, ისტორიკოსი, საეკლესიო მოღვაწე (რუისის ეპისკოპოსი) იყო საერო, საისტორიო, საეკლესიო და აპოკრიფული მწერლობის ჩინებული მცოდნე, ფლობდა ბერძნულსა და სპარსულ ენებს.

მისი ადრინდელი ნაწარმოები, ჰაგიოგრაფიული თხზულება „ნინოს ცხოვრება“ ანონიმური „ნინოს ცხოვრების“ გადამუშავებული ვარიანტია, თუმცა ავტორს სხვა წყაროებითაც (ქართული, ბერძნული, ასურული, სომხური) უსარგებლია. ნინოს ცხოვრებით იმიტომ დაინტერესდა, რომ მის საისტორიო თხზულებებში მოთხრობილ ამბავთა შორის ქართლის მოქცევას ცენტრალური ადგილი უნდა დაეჭირა.

ლეონტი მროველის მოკლე ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები „წამება არჩილ მეფისა“ ეხება VIII ს-ის მიწურულს (არჩილი ეწამა არაუადრეს 787 წლისა). ამ ეპოქის ამსახველ ცნობათა სიმცირის გამო თხზულება შინაარსობრივად ღარიბია.

მწერლის მხატვრული ოსტატობა მჟღავნდება ქართული ლიტერატურის განვითარების თვალსაზრისით საყურადღებო ვრცელ ისტორიულ ნაწარმოებში „მეფეთა ცხოვრება“ (შესულია „ქართლის ცხოვრებაში“), რომელშიც მოთხრობილია ქართველთა თავგადასავალი მსოფლიო ისტორიასთან კავშირში უძველესი ხანიდან VI ს-მდე. ავტორი იყენებს ქართულ, ბერძნულ და სპარსულ წყაროებს. ეს თხზულება შეიცავს საგრძნობ ბელეტრისტულ ნაკადს, გამონაგონზე დამყარებულ მხატვრულ თხრობას. ავტორს შემოაქვს საფალავნო-საგმირო თხრობანი და ფანტასტიკური ამბები, ისტორიულ გმირებს ზოგადი იდეალის შესაბამისად ხატავს, იდეალის შესატყვისი გამონაგონი პასაჟებით. ამის შედეგად რეალური პიროვნება კარგავს კონკრეტულ-ისტორიულ სახეს და გმირის ზოგადი იდეალის გამომხატველად, ლამის ლიტერატურულ პერსონაჟად იქცევა. ეს იდეალი არ იზღუდება საეკლესიო ისტორიათა პრინციპებით. ავტორი ხშირად ესესხება სპარსულ ლიტერატურას, კერძოდ, „შაჰ-ნამეს“, აგრეთვე ხალხურ თქმულებებსა და აპოკრიფებს. ყოველივე ამას „მეფეთა ცხოვრებაში“ მხატვრული ლიტერატურის ელემენტები შეაქვს.

ლეონტი მროველმა ბერძნულიდან თარგმნა აპოკრიფული თხზულება „თქმული წმიდისა მამისა ჩვენისა ეფრემისა, თარგმანი დაბადებისათვის ცისა და ქვეყნისათვის და ადამისათვის, ვითარ მისცვალეს გვამი მისი და დამარხეს გოლგოთას და ცვალება ნათესავთა“. ესაა ერთ-ერთი რედაქცია ეფრემ ასურის „განძთა ქვაბისა“. ეს აპოკრიფი მთარგმნელს ესაჭიროებოდა საქართველოს ისტორიის მსოფლიო ისტორიასთან დასაკავშირებლად და უხვადაც გამოიყენა „მეფეთა ცხოვრებაში“.

ტექსტი


ლიტერატურა

  • ი. ჯავახიშვილი, ძველი ქართული საისტორიო მწერლობა, 1945, გვ. 171-184;
  • კ. კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, I, 1960, გვ. 236-243. მისივე ეტიუდები, IV; თსუ შრომები, III, 1923, გვ. 27-56.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები