იანუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იანუსი(რომ.) ძველი იტალიური ღვთაება, რომლის სახელიც წარმოსდგება ლათინური სიტყვიდან „Janua“ (კარები). თავდაპირველად იანუსი სინათლისა და მზის ღვთაება იყო, რომელიც ხსნიდა ზეციურ კარიბჭეს, რათა იქიდან დედამიწაზე გამოეშვა დღე. შეღამებისას მას ეს კარიბჭე უნდა ჩაერაზა. მოგვიანებით იანუსი შესავალთა და გამოსავალთა ღვთაებად იქცა. მას ეძღვნებოდა ყველა კარი, კარიბჭე თუ გადასასვლელი. ხშირად იქ მისი ქანდაკებები იდგმებოდა.

იანუსი ითვლებოდა დასაბამთა ღვთაებად. ლოცვებში პირველად მის სახელს ახსენებდნენ. ძველების რწმენით, იანუსია შემოქმედიც ადამიანისა, რომელმაც გააცოცხლა დედამიწა. ამას უკავშირდება მისი ეპითეტი „მთესველი“. იანუსს მიიჩნევდნენ ლატიუმის პირველ მეფედ, რომელიც იანიკულების ბორცვზე სახლობდა. მას მიეწერება ყოველი მდინარის, ნაკადულისა თუ წყაროს აღმოდინება. აქედან გამომდინარე იანუსის მეუღლეა წყალთა ნიმფა იუტურნა, მისი შვილია ფონსი, წყაროთა და შადრევანთა ღვთაება (მითოსის ზოგი ვერსიით, იანუსის მეუღლედ ზღვის ღვთაება ვენილიაც გვევლინება).

იანუსი გზათა და მოგზაურთა მფარველიც იყო. რომაელი მეზღვაურები მას თავის მფარველად მიიჩნევდნენ, რადგანაც სჯეროდათ, რომ სწორედ მან შეასწავლა ადამიანებს ხომალდების აგების ხელოვნება. რომაულ მონეტებზე ხშირად გვხვდება იანუსის გამოსახულება ხომალდთან ერთად.

იანუსი განაგებდა ომისა და მშვიდობის საქმეებს: რომში იანუსის სახელობის რამდენიმე ტაძარი იდგა. მათ შორის საყოველთაოდ აღიარებული იყო ის, რომელიც რომის ფორუმს ამშვენებდა. მას ჰქონდა ორი თაღი, რომლებიც ერთმანეთს გვერდითი კედლებით უკავშირდებოდნენ. მშვიდობიანობის დროს ტაძრის კარიბჭე დახურული იყო, ომის გამოცხადებისთანავე მას ხსნიდნენ, რათა ბრძოლად მიმავალი ლაშქრისთვის ამ კარიბჭის გავლით დაელოცათ გზა.

იანუსი დროის ღვთაებაც იყო. მას ეძღვნებოდა კალენდები (თვის პირველი დღეები), როდესაც მისთვის მსხვერპლი იწირებოდა. ძველი მითოსის თანახმად, წლის ერთ თვეს იანუსის სახელი უნდა რქმეოდა. ეს სახელი დღემდე შემორჩა (იანვარი). ძვ.წ. I საუკუნიდან მოყოლებული ახალი წლის დღესასწაული შეერწყა იანუსის სადიდებელ ზეიმს. ამ დღეს აკრძალული იყო ყვირილი, ჩხუბი, ლანძღვა და ა.შ. რათა არ განრისხებულიყო იანუსი და ცუდი წელი არ გამოეგზავნა ადამიანებისთვის. ამ დღეს იწყებდნენ თავიანთი მოვალეობის აღსრულებას კონსულები. იანუსს მსხვერპლად სწირავდნენ თეთრ ხარს და უმაღლეს მაგისტრატთა თანდასწრებით სახელმწიფოს კეთილდღეობის ლოცვას აღავლენდნენ (იმპერიის ჟამს – იმპერატორის).

იანუსს გამოსახავდნენ ადამიანად, რომელსაც ურთიერთსაწინააღმდეგოდ მაცქერალი ორი სახე ჰქონდა. ერთი სახე იმზირებოდა წარსულში, მეორე მიპყრობილი იყო მომავლისაკენ. ზოგიერთ ეტრუსკულ გამოსახულებაზე იანუსს ოთხი სახე აქვს. მისი ატრიბუტებია გასაღები და კვერთხი.

ადრეულ გამოსახულებებზე იანუსის ორივე სახე წვერებიანია, მოგვიანებით მას უწვერულ მამაკაცად წარმოადგენდნენ – მისი ერთი სახე იყო ახალგაზრდული, ხოლო მეორე-ხანდაზმული. მარჯვენა ხელის თითებზე აღბეჭდილი ჰქონდა ციფრი 300 (სსს), მარცხენაზე კი – 65 (დჩმ), ანუ წლის დღეთა რიცხვი.

თანამედროვე მეტყველებაში გამოთქმა „ორსახა იანუსი“ გულისხმობს მლიქვნელ, ორბუნებოვან კაცს.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები