იდლეთის ნათლისმცემლის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იდლეთის ნათლისმცემლის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლეთის განაპირას, აღმოსავლეთით, გავაკებულ ფერდობზე. თარიღდება VI ს. I ნახევრით.

აღწერილობა

ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანია (7,5X7 მ), ნაგებია ქვიშაქვის დიდი ლოდებით. ნაგებობის გეგმა თანაბარმკლავიან ჯვარს წარმოადგენს. შესასვლელი დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთ მკლავში ნახევარწრიული აფსიდია. აფსიდში და სამხრეთ მკლავში თითო სარკმელია. აფსიდში, სარკმლის ქვეშ, კედელზე მყარად მიმაგრებულია მოზრდილი სატრაპეზო ქვა. გუმბათის ყელის საბჯენი თაღების ქუსლებთან, კუთხეებში მასიური თაროებია დაყოლებული. თაროების დონეზე საბჯენი თაღები 0,12-0,14 მ-ით მკლავის სიღრმეშია შეწეული, რითაც უფრო ფართო კვადრატი წარმოიქმნება. ამ კვადრატზე აღმართულია გუმბათის ყელი. გუმბათის ყელის ოთხივე კუთხეში ტრომპებია. მათ საბჯენი თაღები არა აქვთ და ამოყვანილია ქარგილებით. გუმბათის კამარის ქუსლამდე გრძელდება ტრომპებზე აყვანილი სიბრტყეები, რომელთა თავზე იქმნება სამკუთხოვანი თაროები. აქედან კამარის წვერამდე გუმბათს ოთხი ნაკერი გასდევს. გუმბათის ყელში ოთხი სარკმელია: აღმოსავლეთისა შედარებით ფართო და თაღოვანია, დანარჩენი სამი – სწორკუთხა. გუმბათის ყელის კუბური სივრცე გადახურულია ოთხი სეგმენტით შეკრული კამარით. გუმბათი ზევითკენ ვიწროვდება და ოთხივე კუთხე ჩამოთლილი აქვს.

ეკლესია შიგნით შელესილი და მოხატული ყოფილა. შემორჩენილია შელესილობისა და XII ს. მხატვრობის ძლიერ დაზიანებული ფრაგმენტები. გუმბათში გაირჩევა ამაღლების კომპოზიცია თორმეტი მოციქულით. საკურთხევლის კონქში ვედრების ფრაგმენტია, ქვემოთ, საკურთხევლის კედლებზე – ეკლესიის მამათა ექვსი ფიგურა. საკურთხევლის სარკმელი შემკულია ორი ორნამენტული ზოლით (კიბისებრი და უსასრულო ღეროს მოტივი). სამხრეთი მკლავის სამხრეთ კედელზე გამოსახულია ჰეროდეს ნადიმის სცენა, აღმოსავლეთ კედელზე ნათლისღების ფრაგმენტია. ჩრდილოეთი მკლავის კამარაში ჩანს წმინდანის აბრისები. მოხატულობის განაწილება კედლებზე, ზოგ შემთხვევაში, არ არის ისე ზუსტად შეფარდებული არქიტექტურულ ფორმებთან, როგორც ეს დამახასიათებელია XI ს. მხატვრობისათვის (გუმბათის ყელში მოციქულთა ფიგურები ტრომპების ჩაზნექილ ზედაპირზე გადადის). ნახატი მკაცრი და ამავე დროს მოქნილია, ფერადოვანი ზედაპირის დამუშავება გრაფიკული ხასიათისაა. მოხატულობის კოლორიტი მოწითალო-ყავისფრისა და ნაცრისფრის შესამებაზეა აგებული. ეკლესიის გუმბათის ყელზე გამოსახულია სამი რელიეფური ჯვარი: ერთი – სამხრეთ წიბოზე, სარკმლიდან მარჯვნივ, ორი – ჩრდილოეთ წიბოზე. დასავლეთ ფასადზე შესასვლელის არქიტრავი თითქმის მთელ დასავლეთ მკლავს მიჰყვება.

დასავლეთი მხრიდან ეკლესიისათვის მოგვიანებით მიუშენებიათ სათავსი – ე.წ. საქალებო. გეგმით სწორკუთხა ნაგებობის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებზე ამოყვანილია სამი წყვილი მასიური პილასტრი, რომელთა თავზე ცილინდრული კამარის საბჯენი თაღები გადადის. შესასვლელი ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებშია, ერთადერთი სარკმელი – დასავლეთ კედელში, საქალებოს აშენების დროს ეკლესია შეუკეთებიათ და მისთვის ლავგარდანი შემოუყოლებიათ.

იდლეთის ნათლისმცემლის ძირითად თავისებურებას წარმოადგენს ოთხკუთხა დაბალი გუმბათი, რაც გამონაკლისია ფეოდალური ხანის ქართულ არქიტექტურაში. აღსანიშნავია ისიც, რომ ეკლესიას ერთადერთი კარი აქვს დას მკლავში (გვხვდება აგრეთვე იყალთოსა და შიომღვიმის მცირე ეკლესიებში).


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები