ინტეფ I
ინტეფ I – თებეს ნომარქ, (დაახლ. ძვ.წ.2133–2118 წწ.); თავისი გამეფების შემდეგ სულ რამდენიმე წელიწადს იცხოვრა, მაგრამ დატოვა გრანდიოზული სამარხი თებეს ნეკროპოლისის ჩრდილოეთ ნაწილში (საფ დაბა), რომელიც დღემდე თებეს ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად არის მიჩნეული. ესაა 300მ. სიგრძის და 54 მ. სიგანის კლდის სამარხი. მისი წინა ნაწილი დანგრეულია, მაგრამ კარგად შემოინახა კლდეში გამოკვეთილი სვეტები და სამი კაპელა (სავარაუდოდ ერთი თავისთვის და ორი მეუღლეებისათვის). სამრხი კიდევ იმიტომ არის აღსანიშნავი, რომ ახალმა დინასტიამ დაიწყო განსხვავებული სამეფო სამარხების აგება, რაც მარტო თებეს რაიონის რელიეფის სპეციფიკით არ იყო გამოწვეული. ამ სამარხებში, რომლებსაც თებეს ტიპის სამეფო სამარხებს უწოდებენ (ე.წ. საფ-სამარხები, „saff-tombs“) და სადაც კლდის სამარხების ადგილობრივი ტრადიცია გაგრძელდა, ერთგვარად მეფის ინსტიტუტის ახალი თავისებურებებია ასახული. თებელები არა მარტო არ ცდილობდნენ ძველი სამეფოს მეფეების სამარხების კოპირებას, ისინი არ მიილტვოდნენ სამეფო სამარხის განსაკუთრებული ლოკალიზაციისათვის. მეფის სამარხი არა მარტო თავისი მოხელეების სამარხებით იყო გარშემორტყმული, ის რიგითი თებელების სასაფლაოს სიახლოვესაც მდებარეობდა.