იოაში (იუდეის მეფე)
იოაში - (ძვ.წ. 836-798) – იუდეის მეფე, ახაზიას ძე. იოაში ახაზიას ერთადერთი ძე იყო, რომელიც გოფოლიას მკვლელებს გადაურჩა. პატარა იოაში ბიძამ, მღვდელმთავარმა იეჰოიდაყმა გადაარჩინა. იეჰოიდაყი იოაშს ფარულად ზრდიდა ტაძარში. როდესაც უფლისწულს შვიდი წელი შეუსრულდა მღვდელმთავარმა მის გასამეფებლად დაიწყო მოქმედება, მან ტაძრის გარეთ უამრავი მომხრე შეკრიბა და ყველას თანდასწრებით იოაში მეფედ აკურთხა. დედოფალი გოფოლია მოკლეს. ასეთი დღე დაუყენეს კერპთაყვანისმცემელთა მთავარ ქურუმს, მათანს, ხოლო ფინიკიური კერპების, ბაალისა და აშთაროთის ბომონები მიწასთან გაასწორეს.
მეფე იოაში თავდაპირველად მღვდელმთავარ იეჰოიდაყის დახმარებით ბრძნულად მართავდა ქვეყანას. იოაშმა და იეჰოიდაყმა სწრაფად აღადგინეს უფლის ტაძარი და ებრაელები თავიანთ ჭეშმარიტ რელიგიას დაუბრუნეს. იოაშმა ტაძარში შესაწირავის ყუთი დაადგმევინა, რომლიდან შემოსული სახსრებით უფლის ტაძარი უნდა დაესრულებინათ და უფრო დაემშვენებინათ. ხალხი არაფერს იშურებდა ამისთვის.
როდესაც მღვდელმთავარი იეჰოიდაყი გარდაიცვალა გამოუცდელი და ახალგაზრდა მეფე მარტო დარჩა ქვეყნის მმართველად. ამით ისარგებლეს კერპთაყვანისმცემლებმა და იუდეაში კვლავ დააბრუნეს ბაალისა და აშთაროთის კერპები. იოაშმა მიატოვა უფლის მსახურება და კერპთაყვანისმცემელი გახდა.
იოაშის მეფობის პერიოდში იუდეამ დიდი ომი გადაიხადა არაველებთან. არამელთა მეფე ხაზაელი (აზაილი) თავს დაესხა იუდეას და მთელი ქვეყანა დაიკავა იერუსალიმამდე. მისი მეომრები ყველას კლავდნენ ვინც ხვდებოდათ და ყველაფერს ძარცვავდნენ. იოაში იძულებული გახდა ხაზაელისთვის დიდი ხარკი გადაეხადა, რომლის ნაწილი ტაძრის შემოწირულობით დაფარა. ამის გამო მან ხალხში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. მეფის წინააღმდეგ შეთქმულება მომზადდა და იოაში სიცოცხლეს გამოასალმეს. იუდეის სამეფოს ტახტი იოაშის ძემ,: ამასიამ დაიკავა.