იონათან ხასმონელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იონათან ხასმონელი - (მაკაბელი, ძვ.წ. II სს) – მატათია ხასმონელის უმცროსი ვაჟი. მამასთან და ძმებთან ერთად სელევკიდების იმპერიის წინააღმდეგ იბრძოდა იუდეის აჯანყების დასაწყისიდანვე. იუდა მაკაბელის სიკვდილის შემდეგ თავის ძმასთან, სიმონთან ერთად სათავეში უდგა იუდეას და ბრძოლას აგრძელებდა სელევკიდების იმპერიისგან თავისა დასაღწევად. იონათანმა ისარგებლა სირიის შინააშლილობით, მხარი დაუჭირა ალექსანდრე ბალახს დემეტრიუს I-ს წინააღმდეგ ბრძოლაში და სამაგიეროდ იერუსალიმიდან გააყვანინა სირიელთა გარნიზონი. ალექსანდრემ იონათანს პირველმღვდელმთავრობა მიანიჭა, რითაც ერთგვარად აღიარა მისი ძალაუფლება იუდეაში. მოგვიანებით იონათანმა პირად საკუთრებაში მიიღო ყეკრონი და მისი მიმდებარე ტერიტორია. სამაგიეროდ იუდეველები ეხმარებოდნენ ალექსანდრე ბალახს დემეტრიუს I-ს ვაჟთან, დემეტრიუს II-თან ბრძოლაში (ძვ.წ. 147). მიუხედავად იმისა, რომ სელევკიდების სირიის ტახტი დემეტრიუსმა დაიკავა, იონათანმა შეინარჩუნა პირველმღდელმთავრობა და გავლენა პალესტინაზე. როდესაც სირიაში კიდევ ერთი დაპირისპირება დაიწყო ტახტის მსურველებს შორის (დემეტრიუს II და ტრიფონი). იონათანი ჯერ დემეტრიუსს ემხრობოდა, ხოლო შემდეგ ტრიფონის მხარეს გადავიდა. სამაგიეროდ ტრიფონმა იონათანის ძმა, სიმონი პალესტინის ნაწილის მმართველად დანიშნა.

იონათანი პოლიტიკის გარდა დიდ ყურადღებას აქცევდა ქვეყნის აღმშენებლობას და ეკონომიკის აღორძინებას. ის ცდილობდა მთლიანად აღედგინა და გაეძლიერებინა მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტები. სიმონი და იონათანი დიპლომატიურ ასპარეზზეც აქტიურობდნენ და ურთიერთობა დაიჭირეს რომის რესპუბლიკასთან და სპარტასთან. სირიელმა უზურპატორმა, ტრიფონმა იუდეის გამძლაერება თავისთვის საზიანოდ აღიქვა, მაგრამ იცოდა, რომ იონათანის სამხედრო ძალით დამარცხება ძალიან ძნელი იქნებოდა, ამიტომ პტოლემაიდაში მიიწვია შესახვედრად, და მუხანათურად შეაპყრობინა. ამის შემდეგ ტრიფონმა იერუსალიმის დაკავება სცადა, მაგრამ მარცხი განიცადა სიმონისგან. გაცოფებულმა უზურპატორმა შეპყრობილი იონათანი სიკვდილით დაასჯევინა.


წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები