ნონეშვილი იოსებ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა იოსებ ნონეშვილი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იოსებ ნონეშვილი

ნონეშვილი იოსებ − (1920 − 1980), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ კარდანახში (გურჯაანი). 1942 წელს დაამთავრა თსუ-ს ფაკულტეტი. მეორე მსოფლიო ომის დროს, 1943-45 წლებში კავკასიის ფრონტზე იბრძოდა. 1947-50 წლებში იყო ჟურნალ „ნიანგის” რედაქტორის მოადგილე, 1952-63 წლებში რედაქტორობდა ჟურნალ „დილას”, ხოლო 1963-1966 წლებში იყო გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს” მთავარი რედაქტორი. პირველი ლექსი ჟურნალ „ჩვენს თაობაში” გამოაქვეყნა 1938 წელს. 1940 წელს გამოსცა პირველი პოეტური კრებული. მისი ლექსის დამახასიათებელი თვისებაა პოეტური ემოციურობა, ექსპრესიულობა, მხატვრულ სახეთა სისადავე. ნონეშვილის შემოქმედებაში ჭარბობს სატრფიალო ლირიკა, რომლის საუკეთესო ნიმუშებია: „საუბარი ნაძვებთან”, „ფრთხილად იყავი”, „შენ საქართველოს დედოფლობა დაგმშვენდებოდა” და სხვა. ნონეშვილის პოეზიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია პატრიოტიზმისა და ხალხთა მეგობრობის თემებს: „ჩუქურთმის მჭრელის ეპიტაფია”, „შემოდგომა თბილისში”, „ელადის ყვავილები” და ა.შ. მასვე ეკუთვნის პოეტური ციკლები სომხეთზე, ყაზახეთზე და სხვა. გამოცემული მისი ლექსების შემდეგი კრებულები: ლირიკა (1961), „ყვავილების მეჯლისი” (1987), „რამ დამავიწყოს” (1989), „თუ დედა ენით არ ხარ გაზრდილი” (2008).


ჩუქურთმისმჭრელის ეპიტაფია
მე ქაშუეთის ჩუქურთმას ვჭრიდი,
ჩემი მღელვარე სულის ჩუქურთმას.
გაშლილი მქონდა ვარსკვლავთა წიგნი,
ლოდებს არ ედო ხავსი, ვით ფიქრი
და გული თითქოს ჩემებრ უხურდათ...
მე ქაშუეთის ჩუქურთმას ვჭრიდი,
ჩემი მღელვარე სულის ჩუქურთმას.
გვიმრის ფოთოლი თუ რტო ვაზისა,
ძელქვაზე ფრთხილად ასული სვია
ისე დავხატე ქვაზე ფაქიზად,
რომ ჩემს სუნთქვაზე იწყებდნენ შრიალს.
და როს დაადგა ღვთის თვალი ტაძარს,
ანგელოსებმაც მარჯვენა მიქეს,
მე ღმერთი ვიყავ და ვიქეც კაცად,
მე კაცი ვიყავ და ღმერთად ვიქეც.
მაგრამ, უცნობო, როს სანთლის შუქი
აგიჩირაღდნებს მწუხარე სახეს,
მე მადლობელი ვიქნები, თუკი
შენდობას ეტყვი ჩემს ცოდვილ სახელს.
რადგან მე − უღირსს, ცოდვა რამ მაძევს,
ო, ცოდვა მაძევს მე მეტად დიდი...
როცა ბოლნისის ვარდისფერ ქვაზე
ღვთისმშობლის წმინდა ხატებას ვჭრიდი,
მე თვით არ ვიცი, საიდან გაჩნდა
ჩემი მიჯნური შემართულ ისრით
და ღვთისმშობელის თვალების ნაცვლად
როგორ დავხატე თვალები მისი.
მე თვით არ ვიცი, რად დავამგვანე
ეს ჩუქურთმები მის დალალ-კავებს.
და ვგრძნობ: არა არს ქვეყნად თუ ცაში
გულთამხილავის მიუწვდომელი.
წარბს შეჰკრავს რისხვით და, ალბათ, მაშინ
განკითხვის მძიმე ჟამი მომელის...
და, ჰე... უცნობო, როს სანთლის შუქი
აგიჩირაღდნებს მწუხარე სახეს,
მე მადლობელი ვიქნები, თუკი
შენდობას ეტყვი ჩემს ცოდვილ სახელს.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები