ნონეშვილი იოსებ
იოსებ ნონეშვილი − ( (დ. 6 აპრილი, 1918, კარდანახი — გ. 18 ოქტომბერი, 1980, თბილისი)), ქართველი პოეტი, მშვიდობის დაცვის საქართველოს რესპუბლიკური კომიტეტის თავმჯდომარე (1973-1980), საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს არაერთი მოწვევის დეპუტატი, ჟურნალ „დილას“ და გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ მთავარი რედაქტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი (1966-1980), შრომის წითელი დროშის ორდენისა და „საპატიო ნიშნის“ ორი ორდენის კავალერი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1981, სიკვდილის შემდეგ).
დაიბადა 1918 წელს სოფელ კარდანახში, ადრევე დაობლდა და ობლობაში გაიზარდა. საშუალო განათლება თბილისში მიიღო. 1942 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1943-1945 წლებში სამხედრო სამსახურში იყო გაწვეული და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის საფრონტო გაზეთში მსახურობდა. ომამდე პირველი წიგნით ნიჭიერი პოეტის სახელი დაიმკვიდრა.
იოსებ ნონეშვილის პოეზია ზედმიწევნით სადაა და ნათელი: არცერთი გაუგებარი სახე, არცერთი ბუნდოვანი სტრიქონი. პირველი წიგნი 1940 წელს გამოსცა 22 წლისამ, ამას მოჰყვა ათობით კრებული ოთხი ათეული წლის განმავლობაში თემატური რკალის, სამყაროს გაფართოებით, ახალი თემებით და ახალი პოეტური მიგნებებით, ომის ჰეროიკითა თუ ყამირის ათვისების რომანტიკით… და მაინც, შეიძლება ითქვას, რომ იოსებ ნონეშვილის ლაღი, თავისუფალი, საუკეთესო ლექსები პოეტური გზის პირველ ნახევარში იყრიან თავს, ეს ის ლექსებია, რომლებიც პატრიოტული და სატრფიალო ლირიკის სფეროს განეკუთვნებიან და რომლებსაც ნებისმიერ „რჩეულში“ შეხვდებით; ეს ლექსებია: „სატევარი, მამაპაპის სატევარი“, „შენ არა გაქვს მეფის გვარი…“, „აი, კახეთი!“, „უსახელო ყვავილი“, „ჭალაში არყის სახდელი“, „ორი მუნასიბი“, „უკუღმა სონეტი შაჰ-აბასს“, „გამიგონია, მთვარიან ღამეს“, „ჩუქურთმისმჭრელის ეპიტაფია“, „შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა“ და ზოგიც სხვა…
ხსენებული ძველი ლექსებიც იგულისხმებოდა, ალბათ, როცა 1981 წელს (სიკვდილის შემდეგ) იოსებ ნონეშვილს ახალ, 1978-1980 წლებში გამოქვეყნებული ლექსებისათვის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
პოეტის თხზულებათა მთავარი გამოცემებია: 1. იოსებ ნონეშვილი, თხზულებანი ორ ტომად, გამომცემლობა „საბჭ. საქართველო“, 1982,
2. იოსებ ნონეშვილი, „რჩეული“, „საბჭოთა საქართველო“, 1968.
იოსებ ნონეშვილი 1980 წელს გარდაიცვალა, დაკრძალულია მწერალთა და მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.