ისტერიული პიროვნული აშლილობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ისტერიული პიროვნული აშლილობა - შეტანილია,როგორც ICD-10, ისე DSM-IV კლასიფიკაციაში, ამ ორი კლასიფიკაციის მიერ გამოყენებული კრიტერიუმები ერთგვარად ურთიერთგანსხვავებულია. ცხრილში ნაჩვენებია ის ნიშნები, რომლებიც ICD-10-ში დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებად გამოიყენება, ამავე დროს, აქ, აგრეთვე, მოცემულია ის კრიტერიუმები, რომლებიც განსხვავებულია ამ ორ კლასიფიკაციაში.

თვითდრამატიზაცია ამ აშლილობის ყველაზე თვალში საცემი ნიშანია. მან შეიძლება შეიძინოს ემოციური „შანტაჟის” ფორმა. პიროვნება, შეიძლება, რისხვისა და თვითმკვლელობის დემონსტრირების სცენებს აწყობდეს. ასეთი ადამიანები სუგესტიურნი არიან და ადვილად ექცევიან სხვათა (განსაკუთრებით ავტორიტეტული ფიგურების) გავლენის ქვეშ. ისინი აჰყვებიან ხოლმე სხვათა შეხედულებებსა და გემოვნებას და ცდილობენ არ ჩამორჩნენ მოდას. ისინი ეძიებენ ყურადღებასა და ამაღელვებელ გამოცდილებას. მათ სწყურიათ ახალი გამოცდილება, ადვილად ბეზრდებათ ხოლმე და ხანმოკლე ენთუზიაზმი ახასიათებთ.

ასეთი ადამიანები ზედაპირული და ლაბილური ემოციებით გამოირჩევიან. ისინი დრამატული სახით გამოხატავენ ემოციებს და შეიძლება ქანცი გამოაცალონ გარშემომყოფთ რისხვის შეტევებითა და სასოწარკვეთილების უკონტროლო გამოხატვით. ემოციების ასეთი მოზღვავება ზედაპირულია და პიროვნება სწრაფად გამოდის ამ მდგომარეობიდან. მას უკვირს, რომ გარშემო მყოფთ ისე ადვილად არ ავიწყდებათ ეს სცენები, როგორც თავად მას. მათ ახასიათებთ კეკლუცობა და ცდილობენ მოხიბლონ სხვები სრულიად უადგილო ვითარებაში, მაგრამ მათი სექსუალური განცდები, ისევე როგორც სხვა ემოციები, ზედაპირულია. მათ, შეიძლება, ვერ მიაღწიონ ორგაზმს ვნების დემონსტრირების მიუხედავად.

ასეთი ადამიანები ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ფიზიკურ მიმზიდველობას. სხვებზე ზემოქმედების მიზნით, ისინი დიდ დროსა და ფულს უთმობენ ტანსაცმლის შეძენას, საკუთარი თავის მოვლას. ისინი ზედმეტად მძიმედ განიცდიან უმნიშვნელო კრიტიკასაც კი მათი გარეგნობის თაობაზე.

გარდა იმ თვისებებისა, რომლებიც დიაგნოსტიკურ კრიტერუმებად გამოიყენება, ისტერიულ პიროვნულ აშლილობას ახასიათებს კიდევ ორი ნიშანი, რომელიც იმსახურებს ყურადღებას. ისტერიული პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანები ეგოცენტრულნი არიან. მათ ნაკლებად ანაღვლებთ სხვა ადამიანები და საკუთარ ინტერესებსა და სიამოვნებას უპირველეს მნიშვნელობას ანიჭებენ. ისინი პატივმოყვარენი და მომთხოვნი არიან. ნაკლებად ითვალისწინებენ სხვა ადამიანებს. ძალიან ცდილობენ, რომ ადამიანები იძულებით საკუთარ სურვილებს მოარგონ. გარდა ამისა, მათ აქვთ საკუთარი თავის მოტყუების უნარი. სჯერათ თავის მიერ ნათქვამი ტყუილის, როგორი არარეალური და დაუჯერებელიც არ უნდა იყოს ის, მაშინაც კი, როდესაც სხვები კარგად ხედავან მას. ქცევის ასეთი პატერნი ყველაზე მკაფიოდ აღინიშნება „პათოლოგიური მატყუარებისა” და თაღლითების უმრავლესობის შემთხვევაში.

რადგანაც ზოგიერთი ზემოთხსენებული თვისება ბავშვების ნორმალური მახასიათებელია (მაგ., დროებითი ენთუზიაზმი, წარმოსახულის დაჯერება და სხვისთვის მისი რეალური ფაქტების სახით მიწოდება), ზოგი ფსიქიატრი ისტერიული პირვნული აშლილობის მქონე ადამიანების მიმართ იყენებს ტერმინს „უმწიფარი”. ჩვენი აზრით, უნდა ვერიდოთ ასეთი ტერმინების გამოყენებას, რადგანაც ისინი არაზუსტი და დამამცირებელია.

ისტერიული პიროვნული აშლილობის ნიშნები

ისტერიული პიროვნული აშლილობის ნიშნები
თვითდრამატიზაცია
სუგესტიურობა
ზედაპირული, ლაბილური აფექტი
ითხოვს ყურადღებას და ეძებს ამაღელვებელ გამოცდილებას
ცდილობს მოხიბლოს სხვები უადგილო ვითარებაში
ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ფიზიკურ მიმზიდველობას
შენიშვნა: DSM IV-ში გამოიყენება ორი დამატებითი კრიტერიუმი:
  • მეტყველება ზედმეტად იმპრესიულია
  • ურთიერთობას აღიქვამს, როგორც უფრო ინტიმურს, ვიდრე ის სინამდვილეშია



წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები