იტრიის მონასტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იტრიის მონასტერი

იტრიის მონასტერი – XVI საუკუნის მეორე ნახევრის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, იტრიის სამონასტრო კომპლექსი. მდებარეობს ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში (ყოფილ სოფელ იტრიაში). კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: ღვთისმშობლის ტაძარი, სამრეკლო, გალავანი.

იტრიის მონასტერი

ღვთისმშობლის ტაძარი აგებული იყო კათოლიკოს დოროთეოზის დაკვეთით და მდებარეობს მონასტრის ეზოს აღმოსავლეთ ნაწილში. ტაძარი სამნავიანი ნაგებობაა გეგმაში ზომებით 19,95x13,3 მ. მშენებლობისთვის გამოყენებულია ქვიშაქვის კვადრები და აგური. შესასვლელები სამხრეთით და დასავლეთით აქვს. ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში სამი ნახევარწრიული აფსიდია, რომელთაგან შუა ფართო აფსიდი შუა ნავის სივრცეს ბემით უკავშირდება. გვერდითა მომცრო აფსიდებში სამკვეთლო და სადიაკვნეა. ორივე სათავსს ნახევარწრიული გადახურვა აქვს და გარე სივრცეს თითო სარკმლით უკავშირდებიან, ხოლო შუა აფსიდში ასეთივე სამი სარკმელია.

შუა ნავი გადახურულია საბჯენ თაღზე დაყრდნობილი ნახევარწრიული კამარით, რომელიც გამაგრებულია კედლებში ჩაშენებული ხის კოჭებით. შიდა სივრცის გასანათებლად შუა ნავის ზედა ნაწილის სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარეს განთავსებულია ლილვებით მოჩარჩოებული სამ-სამი ფანჯარა. სახურავი კრამიტისაა.

სამრეკლო

აღმოსავლეთის ფასადს ზევით ამშვენებს რელიეფური ჯვრის გამოსახულება, ხოლო ქვევით შიდა აფსიდების გამყოფი კედლების გასწვრივ ორი სამკუთხა ნიშია.

დასავლეთი ფასადის შესასვლელის ორივე მხარეს მასიური დეკორატიული კრონშტეინებია, ცენტრში ლილვებით მოჩარჩოებული ოთხკუთხა ფანჯარაა, რომლის თავზე მოზრდილი რელიეფური ჯვარია.

სამრეკლო სამსართულიანი კოშკისებრი ნაგებობაა (6,25x4,95 მ), აგებული თლილი ქვის კვადრებით 1656 წელს ბეჟან ჩხეიძისა და ეკლესიის წინამძღვრის ნიკოლაოზის დაკვეთით. პირველი სართული გახსნილია თაღოვანი კამარით. კედლებში ყველგან ნიშებია. მესამე სართული პატარაა და დასავლეთით ორმაგთაღიანი ღიობი აქვს. XIX საუკუნის ბოლოს სამრეკლოს თავზე ორმხივ გახსნილი პატარა ფანჩატური დაუშენებიათ.

გალავანი კირქვის კვადრებით აუგიათ 1656 წელს. მისი სიმაღლეა საშუალოდ 2 მ. ტერიტორიის ფართობი დაახლოებით 1000 მ%r2%r-ს შეადგენს. კედლის წყობა ირეგულარულია და ფერდობის რელიეფს მიჰყვება. შესასვლელი გალავნის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეშია გაჭრილი (ადრე სამხრეთის მხრიდან ყოფილა). გალავანზე კი მიშენებული ყოფილა სენაკები, რომლებიც ამჟამად აღარ არსებობს.

მონასტერს დიდ მატერიალურ დახმარებას უწევდნენ ქართლის მეფე როსტომი (1632-1658 წწ.) და დედოფალი მარიამი. 2017 წლამდე აქ იტრიის ღვთისმშობლის მიძინების დედათა მონასტერი იყო, ხოლო 2017 წლიდან – მამათა მონასტერია.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები