იხვინჯა
იხვინჯა (ლათ. Anas querquedula Linnaeus, 1758) − ფრინველი იხვისებრთა ოჯახიდან. პატარა ზომის იხვია, ფრთა 175-200 მმ-ია, ნისკარტი – 35-42 მმ, წონა – 300-500 გ. მამალი დიდია დედალზე. სქესთა შორის განსხვავება შეფერილობაშიც კარგად ჩანს, განსაკუთრებით გამრავლების პერიოდში. მამალს თავი ზემოდან მოშავო-მურა აქვს. თავის გვერდები და კისერი ყავისფერია. თვალების ზემოდან ფართო თეთრი ზოლები გასდევს, რომლებიც კეფის უკან კისრამდე აღწევენ. ზურგის ბუმბულები მორუხო-წენგოსფერია, ღია ფერის არშიებით. მხრების წაგრძელებულ ბუმბულებზე მოცისფრო, რუხი და თეთრი გასწვრივი ზოლებია. კუდი მოწაბლისფროა, ნიკაპი შავი, ჩიჩახვი და მკერდის წინა ნაწილი ღია ყავისფერი, მუქი განივი ზოლებით. მუცელი თეთრია. თეთრი ფერის კუდის ქვემო მფარავებზე მოწაბლისფრო სიჭრელეა. ფრთის მფარავები ცისფერია. ფრთაზე მკრთალი მწვანე „სარკე“ წინიდან და უკანიდან თეთრი ზოლებითაა შემოვლებული. იღლია თეთრია, ნისკარტი შავი. დედალი ზემოდან მუქი მურაა. თვალების ზემოთ ზოლები ღია მოწაბლისფროა. სხეულის მუცლის მხარე მოთეთროა, მუქი სიჭრელით. „სარკე“ ფრთაზე ძლივს შესამჩნევია.
სარჩევი |
გავრცელება
ბუდობის არეალი მოიცავს ევროპისა და აზიის დიდ ნაწილს, საფრანგეთიდან კამჩატკის სამხრეთი ნაწილის, სახალინისა და იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოს ჩათვლით. გავრცელების ჩრდილოეთი საზღვარი გადის ბრიტანეთისა და სკანდინავიის სამხრეთი ნაწილებიდან კარელიაში, პეჩორის ზემო დინებაზე, ენისეის აუზში მე-60 პარალელზე და სამხრეთ კამჩატკაზე. სამხრეთით – ხმელთაშუა ზღვაზე, შავ ზღვაზე, კასპიის ზღვაზე, ბაიკალის ტბაზე და ზღვისპირეთში. ზამთრობს ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ქვეყნებში, ჩრდილოეთი აფრიკის სანაპიროებზე და მთელ სამხრეთ აზიაში, მალაის არქიპელაგის ჩათვლით. საქართველოში ცნობილია, როგორც მოზამთრე ფრინველი.
ბიოტოპი
სახლდება ძირითადად ღია ლანდშაფტის ტბების სანაპიროებზე, მდინარეების ფართო ჭალებში, პატარა წყალსატევების, ზოგჯერ პატარა ჭაობების მახლობლადაც კი, შედარებით ღარიბი მცენარეული საფარით, მეტწილად ბალახნარებით.
გამრავლება
მონოგამიური ფრინველია. ბუდობს ჭალების დაჭაობებულ ადგილებში უშუალოდ წყლის მახლობლად. ბუდეს იკეთებს მშრალ მიწაზე, მურყანის მეჩხერ ბუჩქნარებში ან ბალახნარებში. ბუდისათვის ორმოს დედალი ნისკარტით თხრის. ამოაფენს ხმელი ბალახითა და ბუმბულით. აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში დებს 7-12 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 23 დღეს გრძელდება.
კვება
ტიპური ზოოფაგი იხვია. მის საკვებ რაციონში მთავარი ადგილი უჭირავს მოლუსკებს. ჭამს აგრეთვე წყლის ბაღლინჯოებს, კიბოსნაირებს და სხვა უხერხემლოებს. ზოგიერთ სეზონში იკვებება მცენარეთა ვეგეტატიური ნაწილებით და თესლებითაც.
მნიშვნელობა
როგორც სარეწაო ობიექტი ნაკლებად მნიშვნელოვანია, მაგრამ სპორტული ნადირობისათვის ერთ-ერთი მეტად პოპულარული ფრინველია.