კაზრეთის სამება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კაზრეთის სამება

კაზრეთის სამება − (ინგლ. Trinity of Kazreti) – XIII საუკუნის I ნახევრის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, კაზრეთის სამების ეკლესია. მდებარეობს ქვემო ქართლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, დაბა კაზრეთის აღმოსავლეთით 2,5 კმ-ზე, ხშირტყიანი ხევის ფერდობზე. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: ეკლესია, გალავანი, სატრაპეზოს ნანგრევები.

დასავლეთი პორტალი

შემორჩენილი ნაგებობებისა და გალავნის ნაშთის მიხედვით დადგენილია, რომ აქ მნიშვნელოვანი სამონასტრო კომპლექსი არსებობდა. სამების ეკლესია აგებულია მეფე ლაშა გიორგის (1213-1223 წწ.) მმართველობის წლებში. ეკლესია გეგმით წაგრძელებული მართკუთხედის ფორმის დარბაზული ტიპისაა, რომლის შიდა სივრცე მძლავრ პილასტრებზე დამყარებული გამბჯენი თაღებითაა დანაწევრებული. ნაგებობას პორტალებით შემკული ორი შესასვლელი დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან აქვს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტაძრის შესასვლელი ჩრდილოეთიდან ქართულ ხუროთმოძღვრებაში იშვიათად გვხვდება. ამ შემთხვევაში ეს თავისებურება ეკლესიის ადგილმდებარეობიდან გამომდინარეობს (ძეგლთან მისასვლელი ჩრდილო-დასავლეთიდანაა, საითკენაც კუთხის ბურჯებით გაძლიერებული გალავნის შესასვლელია. ტაძარს სხვადასხვა დროის დანამატები აქვს. ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან მიშენებულია აფსიდიანი მცირე ზომის სადგომი-ეგვტერი, რომელსაც დამოუკიდებელი შესასვლელი აქვს და ტაძრის მთავარ სივრცეს არ უკავშირდება. სამხრეთ-დასავლეთიდან სხვა წაგრძელებული გეგმის მინაშენიც ყოფილა, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. ტრადიციული საეკლესიო გეგმარებისგან განსხვავებითაა გადაწყვეტილი აღმოსავლეთი ნაწილი – აფსიდის გვერდებზე ორი სადგომის (სადიაკვნე, სამკვეთლო) ნაცვლად მოწყობილია – ერთი, ჩრდილოეთის მხარეს კედლის სისქეში, სამხრეთით კი ცრუ კამარაა.

სამხრეთი ფასადი

ეკლესია ძირითადად ნაგებია კარგად გათლილი მოყვითალო ფერის ტუფის კვადრებით. პერანგის წყობაში ჩართული ბაცი მომწვანო ქვები ფერადოვნებას ანიჭებს და აცოცხლებს ტაძარს. ფასადების მორთულობა მარტივადაა გადაწყვეტილი და დამახასიათებელია იმ პერიოდის ხუროთმოძღვრებისთვის. კედლის გლუვი სიბრტყეები შემკულია მოჩუქურთმებულ ჩარჩოში ჩასმული დიდი თაღოვანი და პატარა მრგვალი, საპირიანი სარკმლებით. აღმოსავლეთ ფასადს მოკრძალებული დეკორი აქვს –ცენტრში ერთი დიდი თაღოვანი სარკმელია. მორთულობის მხრივ გამოირჩევა დასავლეთი და ჩრდილოეთი ფასადები (ამ მხარესაა გაკეთებული ტაძართან მისასვლელი გზა). დასავლეთ ფასადს ორი სარკმელი და მათ შორის განთავსებული დიდი რელიეფური ჯვარი ამშვენებს. აქვეა მიჯაჭვული ლომის და სხვ. რელიეფები. მდიდრულადაა გაფორმებული ჩრდილოეთი და დასავლეთი პორტალე-ბი. ტაძარს მოჩუქურთმებული კარნიზები აქვს. რაც შეეხება ტაძრის ინტერიერს იგი მოხატული ყოფილა. ჩვენამდე პირვანდელი მხატვრობის მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი – ეკლესიის მამათა რიგი და მოციქულთა ფიგურები საკურთხეველში.

საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს განმტკიცებისა და სიძლიერის ხანაში, ქართული არქიტექტურის მეორე აყვავების დროს, აგებული სამების მაღალი უგუმბათო ეკლესია თავისი არქიტექტურული პროპორციებით, ხალისიანი ფერადოვნებით, ფაქიზად დამუშავებული ქვის წყობის ხასიათითა და კომპოზიციების მდიდრული დეკორით, წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე და კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს ჩვენი ქვეყნის კულტურისა და ხუროთმოძღვრების განვითარების მაღალ დონეზე. კაზრეთის სამება, სათხის ეკლესიასთან ერთად, არა მარტო კაზრეთის ხეობის, არამედ მთელი ქვემო ქართლის ერთ-ერთი თვალსაჩინო ისტორიულ-კულტურული ძეგლია. ამჟამად ეკლესია რესტავრირებულია და მოქმედია.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები