კალდერონ დე ლა ბარკა პედრო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პედრო კალდერონ დე ლა ბარკა

პედრო კალდერონ დე ლა ბარკა − (ესპ. Pedro Calderón de la Barca, 1600-1681), ესპანელი დრამატურგი. მის სახელთან დაკავშირებულია მსოფლიო თეატრალური კულტურის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა – მე-17 საუკუნის ესპანური დრამატული სკოლის შექმნა, ლოპე დე ვეგას წამოწყების დასრულება.

კალდერონის შემოქმედება ბაროკოს ლიტერატურის მწვერვალია. „თითქმის ერთ საუკუნეს გასწვდა მისი სიცოცხლე, რომელიც სავსე იყო უმძაფრესი მოვლენებით, შინაგანი წინააღმდეგობით, ცხოვრების წარმავლობაზე განუწყვეტელი, მტანჯველი ფიქრებით”. (ნოდარ გურაბანიძე)

სარჩევი

ბიოგრაფია

კალდერონი დაიბადა მადრიდში, არისტოკრატთა ოჯახში. მადრიდის იეზუიტების კოლეგია დაამთავრა. ალკანასა და სალამანკაში სამართალსა და თეოლოგიას სწავლობდა. მსახურობდა ჯარში, მოიარა იტალია და ფლანდრია. შესაბამისად, საინტერესო, თავგადასავლებით სავსე ახალგაზრდობა ჰქონდა. ჯარიდან მეფემ გამოიწვია და სამეფო კარის თეატრისათვის პიესების წერა მიანდო. კალდერონი დიდი პოპულარობით სარგებლობდა არა მარტო სიცოცხლეში, არამედ სიკვდილის შემდეგაც. 1878 წელს მას მადრიდის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და ხალხმრავალ წმინდა ანას მოედანზე ძეგლი დაუდგეს. ეს ქანდაკება დღესაც მომნუსხველად მოქმედებს მნახველზე.

კალდერონის შემოქმედების პირველი პერიოდი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ლოპე დე ვეგას შემოქმედებით ტრადიციებთან. „ლოპე დე ვეგას შემოქმედება მოიცავს „ნაციონალური დრამატული სისტემის” ბრწყინვალე, თითქმის 100-წლიან დღესასწაულს, კალდერონის შემოქმედება კი მისი დამასრულებელი ეტაპია. მათ ესპანური დრამის ისტორიის მნიშვნელოვანი პერიოდი (ოქროს ხანა) აშორებს ერთმანეთისგან. ასე რომ, კალდერონის შემოქმედების განხილვა ლოპე დე ვეგასთან ინდივიდუალური სიახლოვის პერსპექტივიდან შეცდომა იქნებოდა, ეს სიახლოვე უნდა მივაწეროთ ნაციონალური დრამატული სისტემის ევოლუციის გააზრებას”.

დროთა განმავლობაში კალდერონმა საკუთარი, პერსონალური დრამატურგიის მოდელი შექმნა. ამან უდიდესი გავლენა იქონია შემდგომ სხვადასხვა ფილოსოფიური ჟანრის ლიტერატურაში გამოყენებაზე. კალდერონმა 120 კომედია, ანუ დრამა დაწერა, აქედან 78 − აუტო საკრამენტალე და 20 − ინტერმედია. ვინაიდან 1635 წლიდან სამეფო კარის დრამატურგი იყო, მისი პიესები სიცოცხლეშივე იბეჭდებოდა და ამიტომაც ყველამ მოაღწია ჩვენამდე. 1651 წელს კალდერონი კათოლიკე მღვდელი გახდა. ის ესპანეთის მეფე ფილიპე IV-ის დამსახურებული კაპელანი იყო, ხოლო 1666 წლიდან წმინდა პეტრეს ტაძრის წინამძღვარი გახდა. ერთდროულად, კეთილსინდისიერად ემსახურებოდა ღმერთსაც და „ეშმაკსაც” (თეატრს ვგულისხმობ). ორივე „სამსახურში” გაუგონარ წარმატებას მიაღწია.

კალდერონი ახალი დრამატურგიული ჟანრის − რელიგიურ-ფილოსოფიური დრამის შემქმნელი გახლდათ. ცვლის დრამის ტრადიციულ სტრუქტურას − მთავარი გმირი ფილოსოფიური იდეა ხდება, პერსონაჟები კი ამ იდეების გამხმოვანებლებად გვევლინებიან. სიუჟეტის აგება გარკვეული რელიგიურ-ფილოსოფიური კვანძის გახსნას ემსახურება. ფილოსოფიური ასპექტი აისახება პერსონაჟების საქციელსა და მეტყველებაში, ასევე პიესის სათაურში და სწორედ ეს ქმნის ნაწარმოების მხატვრულ მთლიანობას. კალდერონის შემოქმედება გაჟღენთილია ქრისტიანული მორალით. მისი ძირითადი პიესები აუტო-საკრამენტალეა. მართალია, ამ ჟანრში მისი წინამორბედებიც მოღვაწეობდნენ, მაგრამ ისინი ფაბულას ბიბლიური ტექსტებიდან აგებდნენ. კალდერონი კი ამბავს თავად იგონებს, თხზავს და მას მისტიკურ-რელიგიურ ელფერს სძენს. შესაძლოა თავიდან იფიქროთ, რომ ეს პიესები მოსაწყენია, მაგრამ კითხვისას მალავე დარწმუნდებით, რომ მწერლის საოცარი ნიჭი მის პოეტურ და უსასრულო ფანტაზიას – ამ ამბებს ფილოსოფიურ და მხატვრულ ტრაგედიებად აქცევს.

„ჰუმანიზმის ის მაღალი იდეალები, რომლებიც საფუძვლად დაედო აღორძინებას, კალდერონის დროს კრიზისულ ფაზაში შევიდა... კალდერონმა ესპანურ სცენას დაუბრუნა ყოფიერების, ღირსების, რაინდული ქმედების ზნეობრივი პრობლემატიკა, მაღალი იდეალებისთვის თავგანწირული გმირი”.

კალდერონი წერს „ერთაქტიან პიესებს რელიგიურ თემაზე“. მისი შემოქმედება ორ პერიოდად იყოფა. პირველ პერიოდში იგი აგრძელებს ლოპე დე ვეგას ტრადიციებს, ქმნის ნაწარმოებებს სადაც, მართალია, ნაკლები სიმახვილით, მაგრამ თავისებურად, საინტერესოდ ამუშავებს საზოგადოებრივი მნიშვნელობის პრობლემებს. ამ პერიოდის პიესებს მიეკუთვნება − „ქალი უჩინმაჩინი“, „სიყვარული სიკვდილის შემდეგ“, „სიყვარულს არ ეხუმრებიან“ და სხვ. მეორე პერიოდში კალდერონი წერს თავის საუკეთესო ნაწარმოებებს − გადადის რელიგიურ-სიმბოლური, მითოლოგიური დრამების შექმნაზე. მასშტაბურობას იძენს ასევე ღირსების იდეა, ვინაიდან საკუთარი ღირსების დამცველი კალდერონთან ნებისმიერი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს, მიუხედავად მისი წარმოშობისა და სოციალური მდგომარეობისა. ამ მხრივ, აღსანიშნავია მისი ორი დრამა: „უდრეკი პრინცი” და „სალამეელი ალკალდი”. პირველ პიესაში დრამატურგი პორტუგალიელი პრინცის − დონ ფერნანდოს გმირულ ცხოვრებასა და წამებულ სიკვდილზე მოგვითხრობს. მავრებთან ტყვეობაში მოხვედრილი პრინცი დონ ფერნანდო, ღირსების ხელყოფის შემთხვევაში, უარს ამბობს სიცოცხლის შენარჩუნებაზე... და მნიშვნელობა არა აქვს, ღირსებას მას აყრიან, მის მეგობარს, თუ მათ სამშობლოს. კალდერონი დონ ფერნანდოს ცხოვრებას წმინდანის გზასთან აიგივებს. თუმცა, რელიგიური ხაზის გარდა, მას წინა პლანზე გამოაქვს მაღალზნეობრივი იდეა − იქნება ეს ურთიერთპატივისცემა, საკუთარი თავის პატივისცემა თუ ღირსების შენარჩუნება, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ყოველივე ადამიანის კეთილშობილებაზე უნდა იყოს დაფუძნებული.

„სალამეელი ალკალდი”

ეს იდეა უფრო გამძაფრებულია პიესაში „სალამეელი ალკალდი”. კალდერონის ეს დრამა ლოპე დე ვეგას იმავე სახელწოდების პიესის რეცეფციაა. ლოპე დე ვეგას დაბალი მხატვრული ღირებულების ადრეული პერიოდის ტექსტი, კალდერონის კალმის საშუალებით, ესპანური დრამატურგიის ერთ-ერთ შედევრად იქცა. გადამუშავება სიუჟეტსაც შეეხო − აიგო მოქმედების განვითარების ლოგიკური ჯაჭვი. სრული კონცენტრაცია გაკეთდა პერსონაჟთა ხასიათების გაღრმავებაზე, რის შედეგადაც ისინი მხატვრულად უფრო ცოცხალნი და სახიერნი გახდნენ. პიესის მთავარი ღირებულება კი დრამის კონცეფციაა, რაც რადიკალურად განსხვავდება ლოპე დე ვეგას ჩანაფიქრისგან.

პედრო კრესპო, სალამეის ალკალდის, ანუ მოსამართლის და მმართველის ისტორია ემყარება გლეხკაცში ღირსების გაღვიძებას. არმიის კაპიტნებმა შეურაცხყვეს, გაუბახეს ქალიშვილები. სასამართლოები, რომლებსაც ატარებდა ალკალდი, მათ შორის მისი ოჯახის ღირსების ამყრელ კაპიტნებზეც, ემსახურება სახალხო სამართლის პოპულარიზაციას, ისევე როგორც სანჩო პანსას სამართალი, ფორმით პატრიარქალური და შინაარსით სახალხო, თუმცა სამართლიანი თავისი არსით. ეს იყო ლოპე დე ვეგას ჩანაფიქრი.

განსხვავებულია კალდერონის ვერსია. ის მთლიანად უარყოფს სახალხო სამართლის იდეას, ხოლო ღირსებას განიხილავს როგორც ღმერთის უდიდეს საჩუქარს კაცობრიობისათვის. მაგრამ ვაჟთან საუბრისას კალდერონისეული პედრო (ლოპე დე ვეგასგან განსხვავებით, კალდერონთან პედროს ერთი ქალიშვილი ისაბელი და ვაჟი ხუანი ჰყავს) ამბობს, რომ ყველა დანარჩენ შემთხვევაში, საუკუნეებიდან მოყოლებული, საზოგადოების ფენებად დაყოფა გამართლებულია, მაგრამ მაშინ არა, როცა საქმე ღირსებას ეხება. იმისათვის, რომ ხაზი გაუსვას პედროს მოსაზრებების და შემდგომში საქციელის მართებულობას, კალდერონი ალკალდის გარშემო ანტიგმირებს კრებს. მათ შორის არიან: გენერალი ლოპე დე ფიგეროა, ადგილობრივი იდალგო დონ მენდო და კაპიტანი დონ ალვარო დე ატაიდა. ეს პერსონაჟები იცავენ სოციალურ-არისტოკრატიულ წარმოდგენას ღირსებაზე, ამტკიცებენ, რომ მაღალი ფენის ღირსება განსხვავებულია უბრალო ხალხის ღირსებისგან და ამიტომაც მას დაცვა და შენარჩუნება არ სჭირდება. ამ ხალხის წარმოდგენა მაღალ ზნეობრივ საკითხებზე რადიკალურად განსხვავებულია მთავარი გმირის და კალდერონის კონცეფციისგან: ასეთია პედროს ვაჟიც, ხუანი, რომელიც არა მარტო ღირსების საკითხში მიიჩნევს საკუთარ თავს დიდგვაროვანთა თანასწორად, არამედ ყველაფერ დანარჩენშიც.

დრამაში ცენტრალური ადგილი ფინალურ სცენას უკავია, რომელშიც კრესპო ალკალდის კვერთხს გვერდზე გადადებს და დამცირებული ევედრება კაპიტანს − ისაბელზე ქორწინებით ღირსება აღმიდგინეო. სანაცვლოდ მთელ ქონებას თმობს და თუ კაპიტანი ამასაც არ იკმარებს, მზადაა, მონად გაყიდოს არამარტო საკუთარი თავი, არამედ ხუანიც.

აქ მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობის დათმობასთან არ გვაქვს საქმე. ეს ნაბიჯი უმაღლესი სამართლიანობის აღდგენას ემსახურება. კრესპოს ქალიშვილზე კაპიტნის ქორწინებით შეიქმნება პრეცედენტი, რომ ღირსება ყველასათვის ერთნაირად მნიშვნელოვანია და მისი ხელყოფა დანაშაულია. ანუ ეს ქორწინება გახდება აქტი სამართლის უმაღლესი გამოხატულებისა.

„ცხოვრება სიზმარია“

კალდერონის წარმოსახვაში სამყარო ორად არის გაყოფილი. ეს დუალიზმი მთლიანად გამოხატა დრამაში „ცხოვრება სიზმარია“. ამ ნაწარმოებში ავტორი ცდილობს დაასაბუთოს თავისი შეხედულება, რომ ცხოვრება სწრაფმავალი სიზმარია, რომ ჩვენი ყოველდღიურობა მისტიკითაა გაჟღენთილი და ძალიან ძნელი მისახვედრია − წუთისოფლის რომელი ნაწილია რეალური და რომელი ილუზორული.

პიესის შინაარსი ასეთია: პოლონეთის მეფეს − ბასილიოს − შეეძინა ვაჟი − სეხიზმუნდო. ბავშვს ასტროლოგები უწინასწარმეტყველებენ, რომ საშინელი დესპოტი გახდება. მეფე ამწყვდევს ჩვილს მაღალ კოშკში და იქ ზრდის ქვეყნიერებისგან იზოლირებულს. მოხუცებულობის დროს მეფე მოინდომებს შეამოწმოს ასტროლოგების წინასწარმეტყველება და გასცემს ბრძანებას: სეხიზმუნდოს ძილის წამალი მისცენ და მძინარე სასახლეში მოიყვანონ. სწორედ აქ გამოუცხადებენ, რომ ტახტის მემკვიდრეა. სეხიზმუნდო მხეცურ ინსტინქტებს მალე გამოამჟღავნებს. მეფე ასტროლოგების სიმართლეში დარწმუნდება და სეხიზმუნდოს უკანვე დააბრუნებენ. კოშკში დაბრუნებული სეხიზმუნდო ფიქრობს, რომ ყოველივე დაესიზმრა და ცდილობს ჩაწვდეს მომხდარის არსს.

პოლონელები უკმაყოფილონი არიან იმით, რომ მეფის ტახტს უცხო დაეუფლება, ამიტომ ათავისუფლებენ სეხიზმუნდოს და ტახტზე აიყვანენ. სეხიზმუნდოს რეალობის აღარ სწამს და ყველაფერი სიზმარი ჰგონია. სწორედ ამ შეგონების წყალობით, იგი ჩამოიშორებს თავის გიჟურ ზნეს და ქვეყნის ბრძენი, ფრთხილი და სამართლიანი გამგებელი გახდება.

გონება ყოველთვის მაცდურია − ასეთია მთავარი დასკვნა კალდერონისა. ადამიანს არ შეუძლია იცოდეს − რა არის ჭეშმარიტება და რაა სიცრუე. ცხოვრება სიზმარია და ყველას უნდა ახსოვდეს „მისაგებელის“ შესახებ, რომ სიკვდილის შემდეგ ღმერთის სამსჯავრო მოელის, ამიტომ სიკეთის კეთება უფრო მომგებიანია. კალდერონის პერსონაჟები თავიანთ ქცევაში არ ხელმძღვანელობენ უშუალო გრძნობით. საკუთარ გრძნობებსა და ადამიანების მიმართ დამოკიდებულებას, ისინი ცივი გონების სასწორზე წონიან − გადაწყვეტილებას იღებენ რთული დასკვნის საფუძველზე.

კალდერონის დრამატურგიული ტექნიკა

კალდერონის დრამატურგიული ტექნიკა განსხვავდება ლოპე დე ვეგას ტექნიკისგან. კალდერონთან პიესის სტრუქტურა ზედმიწევნით არის შესწავლილი. შესაბამისად, მოქმედების კულმინაციაც, მწერლის მხრიდან, წინასწარ გათვლილი და კარგად მოფიქრებულია. კვანძის გახსნა არ გვაკვირვებს მოულოდნელობით, როგორც ლოპე დე ვეგასთან. ლოპე დე ვეგა პირველივე სცენებიდან ავითარებს მოქმედებას, ამბების, წინა ისტორიის გაუღრმავებლად. კალდერონი დიდ ყურადღებას უთმობს სიუჟეტის იდეურ მხარეს, მის დრამატურგიულ განვითარებას; წინასწარმგვიხაზავს მოქმედ პირთა ხასიათებსაც. ლოპე დე ვეგას ენა უფრო ცოცხალია, უშუალო, კალდერონთან კი − მაღალფარდოვანი, ოდნავ მანერული. ყველა სხვა ნაწარმოებთა შორის კალდერონი ყველაზე მაღლა აყენებს რელიგიურ-ალეგორიულ დრამებს − აუტო საკრამენტალეს, სადაც ავტორი ცდილობს ახსნას კათოლიკური სარწმუნოების დოგმატები. თვლის, რომ, რადგან ღმერთმა გონიერი არსებანი თავისებური ნებელობით დააჯილდოვა, ადამიანს თავად შესწევს უნარი − სიკეთესა და ბოროტებას შორის გააკეთოს არჩევანი. ცხოვრებისეული გზის გავლისას ინტელექტითა და ნებელობით დაჯილდოებულ ადამიანს შესაძლებლობა აქვს კონტროლი გაუწიოს საკუთარ საქციელს. ამასთან, იგი სუსტია და ცოდვილი, ამიტომ მის სულსა და სხეულს შორის მუდმივი ბრძოლაა. ცოდვას შეუძლია შეაღწიოს ადამიანის სულში მხოლოდ ნებელობის არქონის გზით. ნებელობა განმსაზღვრელია − რა გამოცდაც არ უნდა შეხვდეს ადამიანს, ის არ შესცოდავს, თუ ნებელობა გააჩნია. ასეთია კალდერონის მსოფლმხედველობა.

მარიკა მამაცაშვილი


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები