კალენდარული მითები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კალენდარული მითები - წარმოადგენს დროითი ციკლების ცვლის მითოლოგიზაციას (მაგალითად, დღისა და ღამის, ზამთრისა და ზაფხულის, კალენდრით გამოთვლილი კოსმიური ციკლების და ა. შ.). კალენდარული მითები მითოლოგიის შედარებით არქაულ პლასტებს განეკუთვნება და წელიწადის სეზონთა ცვლას განიხილავს, როგორც ბუნების კვდომისა და აღორძინების ციკლურ პროცესს; შეიცავს კოსმოგონიისა და ესქატოლოგიის ნიშნებს, რამდენადაც ყოველწლიურად იმეორებს და აღადგენს კოსმიური ყოფიერების მთლიან ციკლს (მაგალითად, მთავარი კალენდარული დღესასწაული — ახალი წელიწადი ყოველთვის აღიქმება, როგორც კოსმოსის, სამყაროული წესრიგის სიმბოლური დაბადება) და, ამდენად, მჭიდროდ არის დაკავშირებული აგრარული ხასიათის კალენდარულ წეს-ჩვეულებებთან, რომელიც წელიწადის დროების რეგულარულ ცვლას ეფუძნება და მოწოდებულია, უზრუნველყოს მოსავლიანობა.

კალენდრის, კალენდარული ციკლების, დღესასწაულებისა და სადაგი დღეების სიმბოლური და მითოლოგიური გაგება კოსმოლოგიური შეგნების გამოვლენა-გამოხატულებას წარმოადგენს. თუ ისტორიული შეგნება წარსულისა და აწმყოს მოვლენების ორგანიზებას ახდენს ერთ მიზეზ-შედეგობრივ რიგში, როცა ერთი, შედარებით ადრეული, მოვლენა მეორის რეზულტატად წარმოდგება, კოსმოლოგიური შეგნება, დასაბამიერ, „საწყის დროში“ მომხდარ ფაქტზე აპელირებს და ამჟამინდელს უკავშირებს პირველდაწყებით მდგომარეობას, რომელიც არასოდეს ქრება იმ აზრით, რომ მისი ემანაცია ყოველ დროში განიცდება. საწყის დროში მომხდარი ფაქტი მუდმივად მეორდება. დროის აღქმის კოსმოლოგიურ მოდელის მიხედვით, აწმყოში მიმდინარე მოვლენები ფასეული და მნიშვნელოვანია არა თავისთავად, არამედ ნეტარი, სამოთხისეული დროის მოვლენებთან მათი თანაფარდობის წყალობით. ამდენად, კოსმოლოგიურ შეგნებაში მიზეზ-შედეგობრივი ურთიერთობებით დაკავშირებულია არა აწმყო და მომავალი, არამედ ათვლის წერტილად მიჩნეული პირველსაწყისი მდგომარეობა ერთდროულად უკავშირდება აწმყოსაც და მომავალსაც; აწმყოსა და მომავლის კავშირი კი ხორციელდება არა უშუალოდ, არამედ დასაბამიერი, ინტეგრალური და ყოვლისგამჭოლი მდგომარეობის მეშვეობით. დროის კოსმოლოგიურ გაგებაში აწმყო მოვლენები აღიქმება, როგორც მომავლის მომასწავებელი ნიშნები, ხოლო აწმყო ოდენ უკუფენილ წარსულს, მის გამოხატულებას წარმოადგენს.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები