კალკანების ოჯახი
კალკანების (რომბების) ოჯახი − Bothidae
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კამბალასნაირნი
ოჯახი: კალკანისებრნი, რომბისებრნი
სხივფარფლიანი თევზების ოჯახი კამბალასნაირთა რიგიდან. სხეული არასიმეტრიულია, გვერდებიდან ძლიერ შებრტყელებული, ფურცლისებურ-ოვალური ან რომბული ფორმის, პირი წინაა, ქვედა ყბა რამდენადმე წინაა გამოშვერილი. ორივე თვალი ერთ მხარეზე, სახელდობრ, მარცხენა მხარეზეა გადანაცვლებული, თვალხილული მხარე მუქი შეფერილობისაა, ბრმა მხარე თეთრი ან მოთეთროა. ლაყუჩის წინა სახურავს, ჩვეულებრივ, თავისუფალი კიდე აქვს, ზურგის ფარფლი გრძელია და თავზე თვალების ზემოთ ან მათ წინ საწყისს იღებს ანალური ფარფლი. მუცლის ფარფლები მკერდის ფარფლების რამდენადმე წინაა განლაგებული.
ქვირითი პელაგურია, მათი ყვითრი ერთ ცხიმოვან წვეთს შეიცავს. ლარვები სრულიად სიმეტრიულია და ბელაგურ ცხოვრებას ეწევა. განვითარების პროცესში ლარვები გარდაქმნას განიცდიან. მათი სხეული მაღალი და გვერდებიდან შებრტყელებული ხდება. თავის მარჯვენა მხარე სიმაღლეში მარცხენა მხარეზე სწრაფად იზრდება, ამასთან დაკავშირებით ორივე თვალი მარცხენა მხარეზე ინაცვლებს. გარდაქმნის დამთავრების შემდეგ ლიფსიტები ფსკერზე ეშვებიან და ფსკერული ცხოვრების ნირზე გადადიან.
კალკანების ოჯახში 38 გვარია, საქართველოს ფარგლებში (შავ ზღვაში) გავრცელებულია ერთი გვარი, ერთი სახეობით.